ქვეყნად ძალიან ცოტა ქალია ისეთი, რომ მოახერხებ და დაარწმუნებ: შოპინგს სამზარეულოში ჩაქაფულის კეთება სჯობს; ბრილიანტისთვლიან საქორწინო ბეჭედს – ხელოვნური ლალისთვლიანი (რომლის მთავარი ღირსება ისაა, რომ ოდესღაც სადედამთილოს დიდი ბებიის ნატიფ არათითს ამშვენებდა); სალონში წასვლას – ბაზარში მძიმე ჩანთით სიარული, ხოლო ოცნებაში დახატულ უფლისწულს – მეზობელი მარტოხელა მამაკაცი (დედისერთა შარვალს თვითონ რომ იუთოებს, ტყუპისცალებივით ერთნაირ საღამოებს კი ტელევიზორის ეკრანთან და ლუდის ბოთლთან ერთად ატარებს).

ოცნებაში დრო ჩვეულებრივზე სწრაფად გადის, ერთ მშვენიერ დღეს კი აღმოაჩენ, რომ იმ, ვითომდა ყოვლისშემძლე, უფლისწულმა შენი მისამართი ვერ იპოვა. რაღა დაგრჩენია… აღარ გინდა, ათასმეერთედ  მოისმინო „შენ რა, კიდევ არ გათხოვილხარ?!“, ამიტომაც კარს იმას უღებ, ვინც აკაკუნებს. იჯერებ, რომ სიყვარული გეწვია და საკუთარ ცხოვრებაში უშვებ მამაკაცს, რომელსაც  მერე, გამუდმებით, მეხსიერებაში შემორჩენილ საოცნებო პრინცს ადარებ.

ის: წარმოსადეგი და უზადო მანერების უნდა ყოფილიყო;
ამას: თმა დღითიდღე უთხელდება, ღიპი გეგმაზომიერად ეზრდება და, იმის მაგივრად, შინ დაბრუნებულმა ყვავილები მოგართვას, სადილად რა გვაქვსო, – წარბშეკრული გეკითხება.

ის: ძვირფასი ნივთივით უნდა გაგფრთხილებოდა, ცივი ნიავი არ მოეკარებინა და მხოლოდ შენი სურვილების გამოცნობაზე ეფიქრა;
ეს: გამუდმებულ ზრუნვას მოითხოვს – უკან უნდა სდიო, რომ მისი მიყრილ-მოყრილი ნივთები ალაგო, გაურეცხო, გაუმზადო.

ის: მუდამ შენ გვერდით უნდა ყოფილიყო;
ეს: ყოველთვის მარტო გტოვებს პრობლემებთან – ან სამსახურშია, ან „ბიჭებთან“, ან „საქმეზე“, რომლის დამთავრებასაც არა და არ დაადგა საშველი.

მას: კომპლიმენტებით უნდა გაენებივრებინე:
ეს: პირს მხოლოდ იმიტომ აღებს, რომ გაგაჩუმოს, რაღაც დაგავალოს ან დაგიწუნოს.

მასთან: ზღაპრულ სასახლეში უნდა გეცხოვრა.
ამას: იმდენიც ვერ მოუხერხებია, ცალკე იცხოვროთ და იძულებული ხარ, დიდი ხნის გასარემონტებელი „ხრუშჩოვკა“ გაიყო დედამთილთან, რომელიც, ბედის ირონიით, ერთადერთი ზღაპრული პერსონაჟია შენს ცხოვრებაში და წარმოუდგენელი გულმოდგინებით ასრულებს კუდიანის როლს.

ის: ძილშიც შენს სახელს იმეორებდა და თავისთან გიხმობდა;
ეს: ლოგინში ჩაწოლისთანავე ზურგს გაქცევს, ყურისწამღებად ხვრინავს და საბანს მთელი ღამე თავისკენ ექაჩება.

ეეჰ!.. ხედავ, სინამდვილეში როგორ ხდება?! ან უნდა შეელიო შენს ოცნებას, ან… განა სხვა რაიმე გზაც არსებობს? მაქვს, რომ იცოდე, ერთი ვარიანტი…

მოდი, ცოტა გავერთოთ და, არც მეტი, არც ნაკლები, მამაკაცის სააზროვნო პროგრამაში შევიპაროთ – გავიგოთ, როგორ აქვთ ტვინი მოწყობილი, რატომ არ უნდათ, ისე მოიქცნენ, ჩვენს ოცნებებში რომ ვაიძულებთ?

მოდი, მოდი… სანამ შენი ქმარი საინფორმაციო გამოშვების ყურებას და ხელისუფლების გინებას მორჩება, ბევრი რამის გაგებას მოვასწრებთ! აჰა, უკვე Enter-ს დავაწექი…

აუ, აქ რა ხდებააა! ამ ფიქრებში გზას რა გაიკვლევს… ეტყობა, წლობით არ ცდილა, მიელაგ-მოელაგებინა. უამრავი დაუმთავრებელი აზრი, სადღეგრძელოების ფრაგმენტები, ტოტალიზატორის ბილეთების კომბინაციები, ფუუუ… ეს რაღაა… „ჩე-მი ოცნების ქა-ლი“… კარგა ხნის წინ დაარქივებულ ფაილს აწერია. ამას არ უყურებ?! – თურმე ჩუმჩუმად ოცნებობს კიდეც… აკი, ეგ მოცლილი ქალების საქმეაო?! მატყუარა! მოდი, ეს ფაილი გავუქექოთ – გული მიგრძნობს, ბევრს ვიცინებთ. თუ… სხვისი ოცნებების კითხვა არ შეიძლება :( ააა… ეგ წერილებზეა ნათქვამი? მაშინ, კაი… :)

„ჩემი ოცნების ქალი ოცნებასავით ლამაზია. როცა იღიმის, გეგონება, მზე ამოდისო…“

მოიცა, რა დროს სარკეში ყურებაა, მომისმინე, რა წერია:

„შინ დაბრუნებულს კარს ზარის დარეკვამდე მიღებს და ჩემი დანახვა ისე უხარია, თითქოს დიდი ხანია, ერთმანეთი არ გვენახოს. „მომენატრეეე!“ – მეჩურჩულება და მაგრად მეხუტება. ღმერთო ჩემო, როგორი თბილი სხეული აქვს, მის სურნელოვან თმებში ცხვირს ვრგავ და ბედნიერების ჟრუანტელი მივლის.

“დაიღალე?” – მეკითხება და ისე მიყურებს – რა დაღლა, რის დაღლა! – აღარც კი მახსოვს, ამქვეყნად რაიმე პრობლემა თუ არსებობს. რა ბედნიერებაა, ვიღაცას რომ ასე აწუხებს, დავიღალე თუ არა. მძიმე დღე მქონდა, მაგრამ არ მინდა, ჩემზე იდარდოს, გული ეტკინოს და შუბლზე ნაოჭები გაუჩნდეს… პასუხად ვუღიმი და ვეუბნები, რომ ყველაფერი რიგზეა – ნამდვილ მამაკაცს წუწუნი და მჟავე სიფათი რაღაცნაირად… არ უხდება.

დამშვიდებული ხელს მკიდებს და ლამაზად გაწყობილ მაგიდასთან მეპატიჟება. მახსენდება, რომ მგელივით მშია. ჩემი გოგო! წარმოდგენა არა მაქვს, როგორ ახერხებს სრულიად ჩვეულებრივი პროდუქტებისგან ასეთი არჩვეულებრივი კერძების მომზადებას… სუფრასაც როგორი გემოვნებით აწყობს! ძალიან უნდა, მასიამოვნოს, ჰოდა, საჭმელი ორჯერ უფრო გემრიელი მეჩვენება. მისი ხელით მოდუღებულ ყავასაც სხვა გემო აქვს…

სამსახურიდან მოსვლას ამ წუთებისთვის ვჩქარობ ხოლმე… მიყვარს, დღის ბოლოს ჩვენს მყუდრო სამზარეულოში რომ ვსხედვართ და ერთად ვვახშმობთ, ერთმანეთს ახალ ამბებს ვუყვებით. ისეთი ყურადღებით მისმენს… აღტაცებით და ცოტა ეშმაკურად შემომყურებს, თითქოს შეთქმულები ვიყოთ – მაგრძნობინებს, რომ მისთვის ამქვეყნად ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე სამართლიანი, ყველაზე მამაცი არსება ვარ. რომ იცოდეს, როგორ მინდა, იმედი არ გავუცრუო.

მერე ვიცვამთ და სასეირნოდ გავდივართ. გზადაგზა გეგმებს ვაწყობთ, სად წავიდეთ, რა გავაკეთოთ… ბოლოს არსადაც არ მივდივართ, ნაირფერი შუქებით განათებულ ქუჩებში ვხეტიალობთ, ერთად ყოფნით ვტკბებით… რაღაცა უზომოდ და უმიზეზოდ გვიხარია, გაუთავებლად ვიცინით, ვლაპარაკობთ. მინდა, რაიმეთი გავაოცო. ქუჩის მეყვავილისაგან ყველაზე ლამაზ ვარდს ვყიდულობ… ერთ ცალს… ოღონდ ყველაზე ლამაზს. ისეთი ბედნიერია, თითქოს უძვირფასესი სამკაული მეჩუქებინოს. როგორ მომწონს იმის ყურება, თვალები სიხარულით რომ უბრწყინავს. ამქვეყნად ყველაზე ლამაზი ქალია!“

მისმენ? ჰო… აქ კიდევ რაღაცეები წერია იმის თაობაზე, თუ როგორ პატივს სცემს მისი ოცნების ქალი დედამისს, როგორ ცდილობს (მიუხედავად იმისა, რომ საშინელი ხასიათი აქვს), გაუგოს და არ აწყენინოს; როგორ პოულობს დამამშვიდებელ და გამამხნევებელ სიტყვებს მძიმე სიტუაციებში; როგორი დიდსულოვანია, ერთგული და მიმტევებელი… მერე კი… მგონი, ეს ყველაზე საინტერესოა:

„როცა ღამით მეღვიძება და ჩემ გვერდით საყვარლად და სასაცილოდ მოკუნტულს ვხედავ, მგონია, მისთვის შეუძლებელს შევძლებ, ოღონდ კი… სულ ასე ახლოს მეგულებოდეს, ოღონდ… ვუყვარდე.“

მეტი ვეღარ წავიკითხე… გაითიშა. მოწყობილობა მთვლემარე რეჟიმში გადავიდა. ასეც ვიცოდი… ტელევიზორის წინ ჩასძინებია, პირღიას! ვაიმე, რა დონდლოა! ეე, რანაირად უყურებ, რა გჭირს… თითქოს აქამდე არასოდეს გენახოს… ასეთი მზერა უკანასკნელად მაშინ გქონდა, შენი ოცნების უფლისწულზე რომ მიყვებოდი… მოიცა, მოიცა, ეგ ცრემლებია თუ მეჩვენება?.. ახლა არ მითხრა, რომ… აუ, არ არსებობს… ნუთუ ესის არის?!