Screen Shot 2013-09-26 at 5.09.40 PM

ნაადრევი ეაკულაცია სპერმის უკონტროლო გამოყოფაა სექსუალურ პენეტრაციამდე, ან პენეტრაციიდან მცირე ხანში, მინიმალური სექსუალური სტიმულირების შედეგად. ნაადრევი ეაკულაცია ხშირად ხელს უშლის ორივე პარტნიორს დაკმაყოფილდეს სექსუალური ურთიერთობით. ნაადრევი ეაკულაცია მამაკაცთა სექსუალური დისფუნქციის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა.

უმეტეს შემთხვევაში ნაადრევ ეაკულაციას არ გააჩნია გამოკვეთილი მიზეზი, თუმცა დარღვევის გამომწვევი შესაძლოა გახდეს სექსუალური პარტნიორის ცვლილება, ან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სექსუალური კონტაქტისგან თავშეკავება. ნაადრევი ეაკულაცია შეიძლება გამოწვეული იყოს ასევე ფსიქოლოგიური ფაქტორებით, როგორიცაა აღელვება, დანაშაულის გრძნობა ან დეპრესია. ზოგიერთ შემთხვევაში მიზეზი შეიძლება იყოს ჰორმონალური პრობლემები, ფიზიკური დაზიანება, ან რომელიმე მედიკამენტის გვერდითი ეფექტი.

Screen Shot 2013-09-26 at 5.10.36 PM

ხშირ შემთხვევაში ნაადრევი ეაკულაციის ეპიზოდები სამედიცინო ჩარევის გარეშე გაივლის. შესაძლოა მკურნალობის მეთოდად გამოყენებული იქნას ალკოჰოლის, თამბაქოს ან ნარკოტიკული საშუალებების შეზღუდვა, თუ ეპიზოდები ამ კონკრეტული მიზეზებითაა გამოწვეული.

არსებობს ნაადრევი ეაკულაციის კონტროლის სხვადასხვა ტექნიკა, რომელიც მოიცავს იმ შეგრძნებების იდენტიფიცირებას და კონტროლს, რომელიც ეაკულაციას იწვევს. ეაკულაციის გახანგრძლივებისთვის შეიძლება ეფექტური იყოს კონდომის გამოყენება, ან პოზის შეცვლა. ზოგჯერ მკურნალობისას გამოიყენება ანტიდეპრესანტები.

ეაკულაციის ფიზიკური პროცესი ორი ნაწილისგან შედგება: ემისია და გამოძევება.

ემისია პირველი ფაზაა და მოიცავს სითხის გადაადგილებას პროსტატადან (წინამდებარე ჯირკვალი) უკანა ურეთრაში (შარდსადენი). მეორე ფაზაა გამოძევება, რომელიც მოიცავს შარდის ბუშტის ყელის დახურვას, რომელსაც მოჰყვება ურეთრას რიტმული შეკუმშვა და გარე ურეთრული სფინქტერის რელაქსაცია. ორივე ნაწილის გასავლელად საჭირო დროის ნორმალურ მონაკვეთად მიჩნეულია 6.5 წუთი.

სტატისტიკის მიხედვით, 59 წლამდე ასაკის მამაკაცების დაახლოებით 30%-ს ნაადრევი ეაკულაცია ერთხელ მაინც განუცდია უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში. ამასთან, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, ნაადრევი ეაკულაციის შემთხვევების სტატისტიკა მუდმივია და არ იცვლება ასაკის მატებასთან ერთად.