Home ურთიერთობები

ქორწილი ნებისმიერი გოგოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რომელსაც ყველა თავისებურად აღიქვამს და გეგმავს. თუმცა არსებობს რამდენიმე უნივერსალური პუნქტი, რომელიც დაგეხმარება ყველაფერი ისე იყოს, როგორც შენ მოგესურვება.

ბიუჯეტი და თარიღი

ნიშნობის პერიოდი ფრიად ამაღელვებელია, თუმცა ძალიან მალე ორივეს მოგიწევთ ადვილი თუ რთული გადაწყვეტილებების მიღება და კომპრომისებზე წასვლა. რაც მალე დაიწყებ იმაზე ფიქრს, თუ წლის რომელ დროს გინდა ქორწილი, მით უფრო ორგანიზებულად მიჰყვები გეგმას და გადაწყვეტ, როდის იყიდო ბეჭედი, კაბა და დაარიგო მოსაწვევები.

თარიღზე მნიშვნელოვანი რა თქმა უნდა მაინც ბიუჯეტია, თუმცა იმ კონკრეტულ თანხაში ჩატევა არც ისე ადვილია. პირველ რიგში, შენ და შენმა საქმრომ მშობლებთან ერთად უნდა გადაწყვიტოთ თანხის რა ოდენობის გამოყოფას ფიქრობთ ქორწილისთვის.

შეეცადე ისეთი ქორწილი დაგეგმო, რომელიც შენს ბიუჯეტს შეესაბამება და სანამ დაიწყებ, განსაზღვრო ცერემონიისთვის პრიორიტეტული ასპექტები, როგორიცაა ცერემონიის ბიუჯეტი, მუსიკოსები, მოსაწვევები, ვიდეო/ფოტო გადაღება, ბეჭდები, თაფლობის თვე და ა.შ.

თარიღის არჩევისას გაითვალისწინე: თაფლობის თვე, შვებულებები, დასვენების დღეები, შენი მენსტრუალური ციკლი და კვირის დღეები. ყოველი შემთხვევისთვის, გქონდეს ალტერნატიული თარიღიც.

მას შემდეგ, რაც თარიღს აირჩევ, დაგეგმე დეტალურად, რათა ყველაფერი მოასწრო და არ მოგიწიოს ბოლო წამს გადაწყვეტილებების მიღება.

სტუმართა სია

ხშირ შემთხვევაში სტუმართა რაოდენობა შენს ბევრ გადაწყვეტილებაზე ახდენს გავლენას, ამიტომ რაც უფრო მალე ჩამოწერ სიას, უკეთესია. თუ შედგენილი სია საკმაოდ გრძელია, სავარაუდოდ, ორივეს მოგიწევთ დასხდომა და რამდენიმე ადამიანის ამოკლება. თუ დიდი ქორწილების მოყვარული არ ხარ და ამისთვის არც ფული გეყოფა, მხოლოდ ძალიან ახლო მეგობრები და ოჯახის წევრები დაპატიჟე. გაითვალისწინე, რომ სტუმართა რაოდენობას საკმაოდ დიდი გავლენა აქვს წვეულების ატმოსფეროზე.

სია დაყავი 5 კატეგორიად: პატარძლის მეგობრები, ნეფის მეგობრები, ნეფე-პატარძლის საერთო მეგობრები, პატარძლის მშობლების სია და ნეფის მშობლების სია.

სტუმართა რაოდენობის შესახებ შეიძლება რამდენიმე არასასიამოვნო საუბარიც კი გაიმართოს თქვენსა და მშობლებს შორის, რომლებსაც სავარაუდოდ, ბევრი შორეული ნათესავის დაპატიჟება მოუნდებათ. დაიმახსოვრე, რომ ეს თქვენი დღესასწაულია და შესაბამისად გადაწყვეტილებაც ნეფე-პატარძალმა უნდა მიიღოს.

თუ სიის შემცირებისას გადაწყვეტილების მიღება მაინც გაგიჭირდათ, აი რამდენიმე რჩევა:

  • ამოიღე სიიდან ისეთი ადამიანები, რომლებიც ბოლო 1 წლის განმავლობაში არ გინახავს და მათთან არც გისაუბრია
  • თუ ამის შემდეგ სია ისევ გრძელია, მაშინ სჯობს სტუმრები დააჯგუფოთ და მთლიანად ამოიღოთ, მაგალითად, კოლეგები ან ჯგუფელები და თუ ვინმე დაიწუწუნებს, მარტივად აუხსნათ, რომ პატარა ქორწილს გეგმავთ.

ადგილი

ბიუჯეტის და სეზონის გათვალისწინებით ქორწილის ადგილიც შესაფერისი უნდა შეარჩიო. თბილისი რესტორნების სიმცირით არ გამოირჩევა, ასე რომ არჩევანი საკმაოდ დიდია. თუ ქორწილს გაზაფხულზე ან ზაფხულში გეგმავ, შესანიშნავი იდეაა მისი ღია ცის ქვეშ მოწყობა. ამისთვის იდეალური ვარიანტი კრწანინის რეზიდენციის საცურაო აუზი, იახტ კლუბი თბილისის ზღვა ან ლისის ტბაა.

ვიწრო ქორწილისთვის თბილისში არსებული ტერასიანი კაფე-რესტორნებიც შეიძლება შეათვალიერო, მაგალითად ბოჰემა, კოპალა, ციტადელი ნარიყალაზე, ან მთაწმინდა.

ქორწილი ბოჰემაში:

ქორწილი ციტადელში ნარიყალაზე:

ქორწილი მთაწმინდაზე – Club Underwheel-ში:

ქორწილი მთაწმინდაზე – ფუნიკულიორზე:

თუ ქალაქის და ლანდშაფტის შეცვლა გინდა, ზღვისპირა ქორწილი შესანიშნავი იდეაა ზაფხულის ცხელ დღეებში, თუ შემოდგომის ადრეულ კვირებში. ბათუმში პიერ ბათუმი, სოჰო, აკროპოლისი და სექტორი შეათვალიერე.

ქორწილი ბათუმში:

ქორწილი აკროპოლისში:

კაბა

შესაფერისი კაბის არჩევა სულაც არაა ადვილი საქმე, ამიტომ სანამ კაბის საყიდლად გაეშურები, გადმოალაგე შენს კარადაში არსებული კაბები და მოიზომე. მარტო იმ კაბების ფორმები დაიმახსოვრე, რომლებშიც აბსულუტურად ფანტასტიურად გამოიყურები. ასევე კარგად გადაათვალიერე სხვადასხვა კაბის სტილი და ყველა ის დეტალი მოინიშნე, რაც რომელიმე მათგანში მოგწონს.

მაღაზიებში ათობით კაბის მოსინჯვა მოგიწევს, ასე რომ კარგად დაიმახსოვრე ის ვარიანტები, რომლებიც მოგეწონება. შეგიძლია ფოტოც გადაიღო, რომ რამდენიმე დღის შემდეგ გადახედო და სხვა თვალით შეხედო თითოეულს.

მუსიკა, ფოტო და ვიდეო

უმეტეს შემთხვევაში, რესტორნებს საკუთარი ბენდი ჰყავთ, თუმცა შესაძლებელია შენი სასურველიც მიიყვანო ან თუნდაც DJ დაიქირავო, რომელიც პოპულარულ “მიქსებს” და “მეშაფებს” შესთავაზებს შენს სტუმრებს. გაითვალისწინე, რომ ეს ცალკე თანხასთანაც იქნება დაკავშირებული.

ქორწილის ფოტოები კარგად ასახავს ქორწილის სილამაზეს, ვიდეო კი იმ პატარა დეტალების დასამახსოვრებლადაა, რომლის ასახვა სტატიკურ ფოტოგრაფიას არ შეუძლია. ორივე პროფესიონალის არჩევისთვის საკმაოდ დიდი დრო გამოყავი. კარგად მოიძიე ინტერნეტში ან ჰკითხე მეგობრებს; დაიარე Facebook-ის გვერდები ან თუნდაც რამდენიმე ფოტო-ფორუმი (Boke, Graf, PixKik) დაათვალიერე და საბოლოო გადაწყვეტილებაც შესაბამისად მიიღე.

პატარძლის მაკიაჟი ფოტოსესიისთვის ნათელი და მკვეთრი უნდა იყოს, რათა ფოტოები უფრო რეალისტური გამოვიდეს, ასე რომ შეიძლება მუქი წითელი ტუჩსაცხი ან მკვეთრი რუჟი გამოიყენო. შეგიძლია თვითონ ფოტოგრაფს ან ვიზაჟისტს ჰკითხო რჩევა.

სჯობს, რამდენიმე ოფიციალური ფოტო ცერემონიამდე რამდენიმე დღით ან კვირით ადრე გადაიღო. მართალია ნეფეს პატარძლის კაბაში ნახვა ქორწილის დღემდე მოუწევს, მაგრამ დაუჩქარებელი ფოტოსესია ყველა ცრურწმენას გადასწონის. ფოტოგრაფი ქორწილის დღეს, სამზადისის პროცესშიც იყოლიეთ, რათა უფრო ცოცხალი კადრები გადაიღოს. ასევე, თუ რამე სპეციფიკურის გადაღება გინდა, თუნდაც საოჯახო პორტრეტის, სჯობს ეს ყველაფერი თავიდანვე შეუთანხმო.

 უფრო მეტი კრეატიულობისთვის შეგიძლია ვიდეოში თქვენი “პირადი“ საუბრებიც ჩასვათ, ან ოჯახის წევრებს ათქმევინოთ 1-2 წინადადება თქვენზე და თვითონ ქორწილის დღეზეც.

შენი სილამაზე!

ხშირ შემთვევაში მომავალი პატარძლები იმდენად არიან სამზადისის ეიფორიაში ჩართული, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა ავიწყდებათ.

მას შემდეგ, რაც ქორწილის თარიღს აიჩევ, დაიწყე ვარჯიში და ჯანსაღი კვება. თუ ძალიან გადატვირთული სამუშაო გრაფიკი გაქვს, დღეში 30 წუთიც კი სრულიად საკმარისია.

დაღლილობის თავიდან ასაცილებლად, აუცილებლად მიიღე ვიტამინები, განსაკუთრებით მაშინ, თუ დღის განმავლობაში საკვების გამოტოვება გიწევს.

კარგად გამოიძინე. მომავალი პატარძლები გვიანობამდე ცდილობენ საქმის კეთებას თუ ქორწილის დაგეგმვას, ამიტომ ეცადე ძილი არ შეიმოკლო, რადგან ის პირდაპირ უწყობს ხელს იმუნიტეტის დასუსტებას, თან კარგად დასვენებული გოგონები ბევრად უკეთ გამოიყურებიან!

და ბოლოს, თუ ქორწილისთვის თმის ფერის და სტილის შეცვლას ფიქრობ, აუცილებლად გააკეთე ეს რამდენიმე კვირით ადრე.

წარმატებებს და ბედნიერებას გისურვებთ!

3 კომენტარი to this post
  1. რაც უფრო მემატება ასაკი, მით უფრო მგონია რომ ქორწილი არ მინდა, წყნარი რიტუალები მხოლოდ ჩვენ ორისთვის და ორიოდე უახლოესი მეგობრისთვის, ანუ მეჯვარეებისთვის. ყოველგვარი სუფრის და უცხო ხალხის გარეშე… ადრე ფუშფუშა კაბის ხათრით მაინც შეიძლება მეფიქრა ქორწილზე, მაგრამ მაგ ასაკიდანაც დიდი ხანია გამოვედი. თუ საქმროს ძალიან ენდომება ქორწილი, შეიძლება პატარა კომპრომისზე წასვლაც, მაგრამ ამას ტრადიციული სახე მაინც არ ექნება…. ნუუუ მანამდე კიდევ რამე თუ არ გადამიტრიალდა თავში, რაც აღარ მგონია მოხდეს :D

შენ რას იტყვი?