pawn-to-queen

როცა ხვდები, რომ ყველაფერი შეიცვალა, სულ უფრო ხშირად ფიქრობ როგორ მოიქცე რომ ურთიერთობა ძველებურად საინტერესო გახდეს; ხვდები, რომ მისი შენდამი ინტერესიც ნელ-ნელა ქრება და ბევრს ფიქრობ: იქნებ რამე არასწორად გავაკეთე? რა შემეშალა?

როცა ის დღე დგება გამბედაობას იკრეფს, ყველაფერში გიტყდება და გეუბნება იმას, რაც აწუხებს.

როცა ხვდები, რომ ყველაფერი დამთავრდა, მის ცხოვრებაში უკვე მხოლოდ პაიკი ხარ.

როცა მეგობრები ცდილობენ დაგარწმუნონ, რომ შენ განსაკუთრებული ხარ და აუცილებლად იპოვი ვიღაცას, ვინც შენი ღირსი იქნება. რა თქმა უნდა, ისინი ხომ შენი მეგობრები არიან, მათი მოვალეობაა ტრივიალური ფრაზებით განუგეშონ და სამუშაო დღის შემდეგ ხმაურიან ადგილას წაგიყვანონ დასალევად, იქ, სადაც საკუთარ ფიქრებსაც ვერ გაიგონებ.

როცა თავი ისე გიჭირავს, თითქოს ყველაფერი რიგზეა. ძლიერი ხარ და ერთი გაფუჭებული ურთიერთობა ვერ დაგამარცხებს.

როცა გასართობად წახვალ და ძლივს-ნაცნობ მამაკაცებთან ფლირტიც არ მოგერიდება, შესაძლოა რამდენიმე მათგანი გულწრფელად მოგწონდეს კიდეც.

როცა დილით იღვიძებ და გახსენდება, რომ წუხელ ზედმეტი დალიე, ცდილობ გაიხსენო რამე სისულელე ხომ არ ჩაგიდენია. არა. მშვიდდები.

როცა გადაწყვეტ, საკუთარ თავთან მარტო დარჩე, შეჰყურებ WORD-ის ცარიელ დოკუმენტს, შემდეგ კლავიატურას ეხები და ყველაფერს წერ რაც გინდა. იცი, რომ ამას შენ გარდა ვერავინ წაიკითხავს, ასე რომ წერ, თუ როგორ გენატრება, როგორ გინდა ყველაფერი სხვაგვარად იყოს,  რომ ყველაზე სუსტი არსება ხარ სამყაროში და ამას ვერ გადაიტან. ბოლოს კითხულობ და ხვდები, რომ ყველაფერი თქვი. შემდეგ დოკუმენტს ფრთხილად ინახავ და ფიქრობ, რომ ყველაფერი მაშინ დამთავრდება როცა ერთხელაც გადაიკითხავ და მიხვდები, რომ ყველაფერი შეიცვალა, რომ აღარ გენატრება, აღარაფრის შეცვლა გინდა და არ ხარ სუსტი. მას შემდეგ რამდენჯერმე ცდილობ ამ სამარცხვინო ნააზრევის განადგურებას, მაგრამ ვერ იმეტებ, იქნებ…

მე არ ვარ შენი მეგობარი, მაგრამ მე შენ გიცნობ. ვიცი, ჭკვიანი გოგო ხარ. შენ შეცდომა არ დაგიშვია, მასთან მხოლოდ კარგი გაკავშირებს, ის შენთვის ყოველთვის ძვირფასი იქნება, ისევე როგორც შენ – მისთვის.

შეიძლება, შენ ახლა ვიღაცის ცხოვრებაში პაიკი ხარ, მაგრამ ოდესღაც დედოფალი იყავი და მომავალში ისევ გახდები. არ ვიცი სხვები რას ფიქრობენ, მაგრამ შენ ვერ მოითხოვ ვინმემ იმაზე მეტი როლი მოგანიჭოს, ვიდრე სურს და შეუძლია. შენ მზად ხარ პაიკიც იყო, თუ ასეა საჭირო, იმიტომ, რომ ის, რაც თქვენ გქონდათ ჭადრაკის დაფაზე ბევრად რთული იყო და ეს პარტია არ წაგიგია!