აღმოვაჩინე, რომ ორსულობა ბევრ სტერეოტიპთან და მცდარ შეხედულებასთანაა დაკავშირებული, არა მხოლოდ ჩვენში, არამედ ზოგადად, მსოფლიოშიც. ნაწილი შესაძლოა, სიმართლეც იყოს (მაგალითად, ყველა ორსულს ბოლო თვეში როკენროლის ცეკვა ნამდვილად არ შეუძლია. რა ვიცი, ალბათ), მაგრამ არსებობს სტერეოტიპები, რომლებიც ნამდვილად და 100%-ით მცდარია (თუ მოგინდება, უარი არაფერზე უნდა თქვა, მათ შორის, ღვინოზეც კი). ცოტა ხნის წინ ვწერდი რა უსიამოვნებებს შეიძლება წააწყდე, როცა ორსულად ხარ და როგორ არ გაფრთხილებენ ამის შესახებ. ახლა კი მინდა, იმ საყოველთაოდ გავრცელებულ შეხედულებებზე დავწერო, რომლებსაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე მახვევდნენ თავს და რომლებსაც სინამდვილესთან საერთო ძალიან ცოტა ჰქონდა.

მცდარი შეხედულება #1. – ახლა ორის მაგივრად უნდა ჭამო!

არა, არა და არა! ორის მაგივრად რა, შენხელა კუჭი კი არ აქვს ნაყოფს! მეორეც კიდევ, ის სიცოცხლისა და განვითარებისთვის აუცილებელ ნივთიერებებს ჭიპლარით და პლაცენტით უკვე გადამუშავებული სახით იღებს (ანუ დედის სისხლით), საკვებს საშვილოსნოში დანა-ჩანგლით მომზადებული კი არ ხვდება! (აქ ტომი-ჯერიდან ის კადრი უნდა გაგახსენდეს, ტომი რომ უცებ დააძრობს ხოლმე საიდანღაც დანა-ჩანგალს და წინსაფარს და ტუჩების ლოკვით ელოდება სასუსნავს). მე მაგალითად, გაცილებით ნაკლებ ულუფებს ვჭამდი ერთ ჭამაზე (ამის გამო ხშირ-ხშირად ვიკვებებოდი, მალე მშივდებოდა) იმიტომ, რომ სულ ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს, საკვები დიაფრაგმაზე მაწვებოდა და ვეღარ ვინელებდი (განსაკუთრებით მეორე ტრიმესტრის ბოლოდან, როცა მუცელი გამეზარდა). ძილის წინ, 3-4 საათით ადრე კი სუფრასთან აღარც ვჯდებოდი. სავსე კუჭით დაძინება წარმოუდგენელია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ორსულად ხარ.

მცდარი შეხედულება #2 – ორსულს რაც მოუნდება, ის უნდა ჭამოს!

ესეც მეორე გავრცელებული შეცდომა. ვთქვათ, ჩიზბურგერი, კოკა-კოლა, კარტოფილი ფრი, ჟელიბონი, შაურმა ან რამე სხვა მსგავსი არაჯანსაღი საკვები მოგინდა. შენი აზრით, მაინც უნდა ჭამო? წარმოიდგინე, ამ საკვებში შემავალი მავნე ნივთიერებები რა ხალისით მიქრიან შენი ჯერარდაბადებული შვილისკენ, რომლის განვითარებაზეც პასუხს მხოლოდ და მხოლოდ შენ აგებ. კაი ბატონო, თუ ასე გიყვარს, ჭამე ათასი “ჯანქ-ფუდი” სანამ მხოლოდ შენი ჯანმრთელობა გაბარია. როცა დაორსულების გადაწყვეტილებას იღებ, ისიც უნდა გაიაზრო, რომ მთელი 9 თვე სუპერ-ჯანსაღად უნდა იკვებო: მოხარშული ხორცი, მოთუშული/უმი ბოსტნეული, ხილი, რძის ნაწარმი იმდენი, რამდენსაც მოერევი, მარცვლეული კულტურა…  ჩემმა გინეკოლოგმა პურფუნთუშეული, ნამცხვრები და ტკბილეული აღრიცხვაზე დადგომისთანავე ამიკრძალა. გარდა იმისა, რომ საფუარიანი საჭმელი გასუქებს და ამ კილოგრამების დაგდება ძნელია (თუ სტრიები დაგემატა, შეუძლებელიც), არც ბავშვის ძალიან გასუქება ვარგა, მშობიარობის გართულება შეიძლება გამოიწვიოს. ამომაღებინა ასევე მარილიანი საკვები და გადამუშავებული ცხიმებიც – მარილები ორგანიზმს და ძვლებს ელასტიურობას უკარგავს, რაც მერე, მშობიარობისას დამატებით ტკივილთანაა დაკავშირებული. (ყოველ შემთხვევაში, მე ასე ამიხსნეს. მთელი გულით ვცდილობ, რაც შეიძლება უმარილო საკვები მივიღო, იმედია, შედეგს მომცემს!) მაგრამ არ გეგონოს, მთლად ასეთი ხუთოსანი ორსული ვიყო, ამ 9 თვის განმავლობაში, დაახლოებით, ერთ ლიტრამდე კოკა-კოლა დავლიე და 4-5 ცალი ჩიზბურგერი და 1კგ-მდე კარტოფილი ფრი მაინც ვჭამე.

მცდარი შეხედულება #3 – ცოტა ღვინო შეიძლება კი არა, კარგიცაა. თუ მოგინდება, ალკოჰოლი უნდა მიიღო!

აბა, დაგუგლე “ორსულობა და ალკოჰოლი” და ნახე, რას ამოგიგდებს საძიებო სისტემა. ყველა სტატიაში გვაფრთხილებენ, რომ ალკოჰოლი ნაყოფის გონებრივ შეფერხებებს იწვევს, დნმ-ში ერევა და მოკლედ, ათასი საშინელება. ჩემმა ექიმმაც სწორედ ეს მითხრა. არადა, მე კარგი ღვინოც ძალიან მიყვარს და ლუდიც. მაგრამ, ნახე: ალკოჰოლი და სპირტი პლაცენტურ ბარიერს დაუბრკოლებლად გადის და ნაყოფთან შეუფერხებლად ხვდება. აქ არაა საუბარი ერთ და ორ ჭიქაზე, პატარა და უსუსურ ნაყოფს ერთი წვეთიც კი ყოფნის. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ქალისგან გამიგია, ორსულობის დროს ღვინოსაც სვამდა და ლუდსაც და ბავშვიც ჯანმრთელი დაიბადა (და ძალიანაც კარგი!), მაგრამ ძალიან არ მიყვარს გარისკვა. ბავშვი რომ რამე გართულებით დაიბადოს, მერე ხომ მთელი ცხოვრება იმაზე უნდა ვიდარდო, რომ ეს ჩემი მოუთმენლობის და უაზრო კაპრიზის ბრალია? ღირს ამად?

მცდარი შეხედულება #4 – დაჯექი, არ იმოძრაო, დაისვენე!

ყველაზე მეტად თუ რამეზე მეშლება ნერვები, ესაა, როცა ფიზიკურ აქტიურობას მიშლიან. ცხადია, მარათონზე გასვლას არ ვაპირებ, არც ჯომოლუნგმას დაპყრობა დამიგეგმავს და მუცლის პრესებსაც არ ვამუშავებ მთელ დღეს, მაგრამ ფეხით 1-2 საათი დღის განმავლობაში სულ დავდივარ. დიდხანს ფეხზე დგომას, ან სწრაფ სიარულს და კიბეებზე არბენას (თუმცა ჩამოსვლით არ ჩამომირბენია იმიტომ, რომ დაცურების მეშინია) არ ვერიდები. არ ვერიდები ბოლო თვეში ცეკვასაც კი (რა ვქნა, აჭარულის ან როკენროლის რიტმებზე ფეხები თავისით იწყებენ ცეკვას!). რატომ არ უნდა ვიარო სწრაფად ან რატომ არ უნდა ვიცეკვო, ან რატომ არ უნდა ავირბინო კიბე, თუკი სუნთქვა ნორმალური მაქვს და თავბრუ არ მეხვევა ფეხის გადადგმისას, წესიერად ვერავინ ამიხსნა. “ორსული ხარ და არ შეიძლება, ფრთხილად უნდა იყო!” – არის ხოლმე “არგუმენტი”. როგორც წესი, ასეთ რჩევებს ისინი იძლევიან, ვინც მეუბნება, რომ ორის მაგივრად და რაც მომინდება (არაჯანსაღი საკვებიც კი), ის უნდა ვჭამო. ჩემმა ექიმმა აქაც გარკვევით მითხრა, რომ სხეული როგორც და სადამდეც გამიშვებს, ისე მოვიქცე. მეცეკვება? ვიცეკვო. შემიძლია სწრაფად სიარული და თვალებში ვარსკვლავებს არ ვხედავ და არ მიორდება? ვიარო და ვირბინო, თუკი შემიძლია. თუ დისკომფორტს განვიცდი, ცხადია, უნდა დავისვენო და ასეთ დროს, გაგიკვირდებათ და, ვისვენებ კიდეც.

მცდარი შეხედულება #5 – ორსულს არ შეუძლია მუშაობა!

ოო, ეს დამსაქმებლის ყველაზე სახიფათო და უარყოფითი თვისებაა, რის გამომუშავებასაც, არცთუ იშვიათად, ხელს თვითონ ორსული ქალები უწყობენ. ძალიან დიდი მადლობა ჩემს უფროსს, რომელიც მენდო, სამსახურში უკვე ორსული მიმიღო და მომცა შანსი, დამემტკიცებინა, რომ ორსული ქალი არათუ შრომისუნარიანია და კომპიუტერის მაგიდასთან არ სძინავს, არამედ არც ერთ გამოწვევას არ უშინდება და თუ საქმეს დასჭირდა, აქეთ-იქით სირბილიც კარგად შეუძლია, 6 საათის მერე ოფისში დარჩენა და შაბათ-კვირას მუშაობაც, თუნდაც ბოლო თვეში. მეტიც, არცთუ იშვიათად, დამატებით საქმიანობასაც კი ვითავსებ და ჰონორარის საფასურად, სტატიებსაც ვწერ. თუმცა ცხადია, იმ დატვირთვით, რითაც მე ტელევიზიებში მიმუშავია, აღარ ვმუშაობ. ამის ატანა, არათუ ორსულს, ბევრ ჩვეულებრივ კონდიციაში მყოფ ადამიანსაც კი არ შეუძლია. მაგრამ მე ვიცნობ ერთ გოგოს, რომელიც უკვე მერვე თვეში გავიდა დეკრეტულ შვებულებაში და რომელიც რეზიდენტურაში სწავლის პარალელურად რეანიმაციაში მორიგეობდა ოთხ დღეში ერთხელ 24 საათით და ღამეებსაც ათენებდა! ასე რომ, ორსულის მუშაობასთან დაკავშირებით მცდარ სტერეოტიპებს ხშირად ჩვენვე ვქმნით და მერე ნუღარ გაგვიკვირდება, თუკი დამსაქმებელი ჩვენი სამსახურში აყვანისას შეყოყმანდება.

მცდარი შეხედულება #6 – “უი, შენ რა კარგად გამოიყურები!”

არ ვიცი ასე მამშვიდებენ თუ რა ხდება, მაგრამ ბოლო თვეშიც კი სარკეში ჩახედვა მე თვითონ ისევ მსიამოვნებს. არ გავსუქებულვარ, არ დავსიებულვარ, არ შემშუპებია არაფერი, ხოდა ეს არასტანდარტული გამობერილი მუცელი ცოტა ექსტრავაგანტუ იერს მაძლევს, მაგრამ, მე მგონი, მაინც მიხდება. ყოველ შემთხვევაში, ახალი ამპლუა ძალიანაც მომწონს (ცხადია, დროებით, სულ, მთელი ცხოვრება ამხელა მუცელი, მტრისას!) და ახალ სტილსაც სიამოვნებით ვირგებ. ისე შეიცხადებენ ხოლმე ჩემს გარეგნობას, რატომღაც ყველას ჰგონია, რომ ორსული მოუვლელი, თმადაუბანელი და ჭაღარებგამოჩრილი, უმაკიაჟო და ჩაფართხუნებულტანსაცმლიანი უნდა დადიოდეს. დიახაც, თმას ვიღებავ (2-3 ლარიანი საღებავით არა, ცხადია, მაგრამ დღეს ბევრი კარგი და ხარისხიანი თმის საღებავი გამოდის, რომლის გამოყენებაც ორსულსაც შეუძლია), მაკიაჟსაც ისევ ვიკეთებ, ისე ვიკვებები და იმდენ წყალს ვიღებ, რომ არ შევშუპებულვარ და გავსუქებულვარ… ალბათ, გენეტიკის კვალიცაა. დედაჩემი არც ერთ ორსულობაზე არ გასუქებულა და, როგორც მეუბნება, არც მას და არც მის ნათესავებს ერთი გრამიც არ მოუმატია, მაგრამ ცხოვრების წესსაც რომ დიდი მნიშვნელობა აქვს, ფაქტია.

მეტი სტერეოტიპი აღარ მახსენდება. ალბათ შენც გახვევენ თავს მსგავს შეხედულებებს და გარწმუნებენ თავიანთ სიმართლეში. მე კი, უბრალოდ, მგონია, რომ თითოეულ ორსულს თავისი ორგანიზმისა ყველაზე უკეთ თვითონ ესმის. დანარჩენი – უსარგებლო შეზღუდვები და საზოგადოებაში გავრცელებული შეხედულებებია, რომლის გავლენის ქვეშაც ძალიან მარტივად შეიძლება მოექცე. ჩვენ გარშემო ხომ ამდენი “ექსპერტია”, რომელმაც ჩვენზე უკეთ იცის, რა გვჭირდება და რა გამოგვივა!