სულ ახლო წარსულში მეგობართან ერთად ვბჭობდი იმის თაობაზე თუ რა უნდა ქნა, როდესაც თითქმის უცნობ ადამიანთან მიდიხარ პაემანზე.

მოგეხსენებათ ასე დროს ხშირად ჩნდება უხერხული, ჩუმი პაუზები, ზოგჯერ არ იცი რა თემაზე შეიძლება ესაუბრო ადამიანს, თითქმის არ გაქვს წარმოდგენა მის მსოფლმხედველობასა და ინტერესებზე.

დიდი ხნის საუბრის მერე მე ჩემი ვერსიები შევთავაზე. თქვენც გაგიზიარებთ, რადგან ვფიქრობ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი უარყოფითი მომენტების გამო ასეთ ექსტრემზე უარის თქმა არაფრით შეიძლება.

First_Date_by_pesare

იუმორი

ჩუმი პაუზების გასაუვნებელყოფად რამდენიმე სულელური ხუმრობა უნდა მოიფიქროთ, ნებისმიერი თემაზე.

შეგიძლიათ ასეთ დროს მოყვეთ:

  • როგორ დაილეწეთ გუდაურში და როგორ მოგხვდათ თავში საკუთარი თხილამური;
  • როგორ ჩამოვარდით ბავშვობაში საქანელიდან და ამოგევსოთ ცხვირ-პირი მიწით;
  • როგორ შეგაშინათ სოფელში ძაღლმა და შიშმა გადაგახტუნათ მეზობლის 2 მეტრიან ღობეზე;
  • როგორ დაავიწყდით დედას სკოლაში და როგორ გიპოვნათ მეზობელმა;

მოკლედ ვარიანტები ასეთ დროს სიტუაცის განსამუხტად ბევრია. ნებისმიერი სასაცილო ან/და სულელური ისტორია გამოდგება. ამასთანავე, ჩემი გამოცდილებით, ასეთ დროს ჯობია ყველაზე ამაზრზენი და სასაცილო სახეებიც მიიღოთ. ეს თანამოსაუბრეს გამოაფხიზლებს და გაახალისებს. იგი აუცილებლად მოდუნდება და საუბარიც უფრო მარტივად წარიმართება.

რა თქმა უნდა, ასეთ დროს არის შანსი ცოტა შერეკილის შთაბეჭდილება დატოვოთ, მაგრამ ჩემი აზრით ადამიანებს შერეკილი “სასტავი” უფრო მეტად იზიდავთ, ვიდრე გულისრევამდე წესიერად აღზრდილი, ზრდილობიანი ახალგაზრდები.

kiss

თემები

როგორ შევარჩიოთ თემები ისე, რომ მისთვისაც და თქვენთვისაც საინტერესო იყოს აქ ცოტა უფრო რთულადაა საქმე.

პირველ რიგში უნდა ისწავლოთ ისეთი კითხვების დასმა, რომელიც აალაპარაკებს თანამოსაუბრეს, აიძულებს მას “ხო ან არა”-ს გარდა კიდევ რამე ამოთქვას.

ასეთი გამხსნელი კითხვის დასმისას თემატურად  თქვენს შესახებაც მიაყოლეთ მოკლე ისტორია, ეს ბევრად გაახალისებს დიალოგს და უბიძგებს სხვასაც გულსწრფელობისკენ.

თუ მაინც დიდად არ გამოგივიდათ მოსაუბრის გახსნა და აყოლიება წამოიწყეთ საუბარი სპორტზე, რომელიმე კონკრეტულზე კი არა, ზოგადად. თითქმის ყველას (ადამიანების 90 %-ს) რომელიმე ერთი სპორტი მაინც მოსწონს.

არის სხვა ვარიანტიც, დაიწყეთ ფილმებზე საუბარი, ამ საუკუნეში იმდენი ფილმი კეთდება, რომ რომელიმე (ბოლოს გამოსულებიდან) ან ნანახი ექნება ან მოსწონს.

პირველი პაემანი

რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ყველაზე წუნიებსაც კი, აქვთ საყვარელი საჭმელი, რომელზე საუბარიც დაუსრულებლად შეუძლიათ. მით უმეტეს, თუ ეს მსუნაგი არსება მამრობითი სქესისაა, უფრო დიდია შანსი, მეტი სიყვარულით და შთაგონებით ისაუბროს ამ თემაზე.

შეგიძლიათ დაინტერესდეთ იმით თუ ჰქონდა ბავშვობაში ისეთი სათამაშო აპარატები როგორიცა “დენდი” ან “სეგა”, შემდეგ კი საუბარი უკვე ამ საუკუნის კომპიუტერულ თამაშებზე გადაიტანოთ და ახალი ადამიანი აღმოაჩინოთ მასში.

რა თქმა უნდა ავტომობილებიც კარგი თემაა, თუ თქვენს რჩეულს  ჰყავს მანქანა ან შემჩნეულია ამ თემატიკის სიყვარულში, მერე რა თუ თქვენ ვერ ერკვევით? დაუსვით სულელური და გულუბრყვილო შეკითხვები, თუ ის ავტოსპორტში თავით ფეხებამდეა ჩაბმული ნამდვილად არ დაეზარება ყველა დეტალის აღწერა და ახსნა.

და ბოლოს რა თქმა უნდა სტანდარტული (არისტოკრატული) თემებია: ამინდი, სეზონი და ქალაქი (მისი გაფორმება და არქიტექტურა).

ვფიქრობ, თუ ეს რჩევები არ გამოგადგათ, სასწრაფოდ აიკარით გუდა-ნაბადი და გაიქეცით იმ ადამიანისგან, ის ყველაზე მოწყენილი და უინტერესო ქმნილება ყოფილა დედამიწაზე და თქვენ ასეთი ნამდვილად არ დაგჭირდებათ!

randevu