იმ სემესტრში ერთმანეთს ვერიდებოდით. როგორც მოგახსენეთ, არც გვიცდია არაფრის გარკვევა. ნახევარი წლის შემდეგ კი ევროპაში წავედი სასწავლებლად. არ დავაკონკრეტებ, რომელ ქვეყანაში. ნიკა თბილისში დარჩა. არანაირი შეხება არ გვქონია.

24 თვე უცხოეთში – ის იყო, რაც მჭირდებოდა. ყველანაირად შევრიგე. რაც მთავარია, საოცრად დავიხვეწე. იქ ყველაფერი კარგად მქონდა, მაგრამ უკან სამშობლოსა და ახლობლების სიყვარული მექაჩებოდა და “დაუსრულებელმა საქმეებმა” დამაბრუნეს…

რომ ჩამოვედი, ასე მეგონა, მთელი თბილისი ჩემს ფერხთით ეფინა, მაგრამ საქართველო რის საქართველოა და ქართველები – რის ქართველები, თვალის დახამხამებაში ისევ მიწაზე რომ არ დაგცენ და კომპლექსების ბუკეტად არ გაქციონ?!

პირველივე კვირას მოვასწარი უნივერსიტეტში იმ ხალხის მონახულება, ვინც სამაგისტროზე გააგრძელა სწავლა. უბანშიც თითქმის ყველა ვნახე. ყველა, იმ ერთის გარდა, ვისი ხილვაც ყველაზე მეტად მინდოდა და მაინტერესებდა. თითქოს ცამ ჩაყლაპაო.

კითხვით არ ვკითხულობდი, არ მინდოდა ვინმეს რამე ეეჭვა და უარესი, მის ყურამდე მისულიყო. მხოლოდ რამდენიმე თვის შემდგომ ახსენა ჩემმა ერთ-ერთმა “დაქალად-წოდებულმა”, რომ ბათუმში დაწყო მუშაობა და იქ გადასახლებულიყო ოჯახთან ერთად.

რა თქმა უნდა, ოჯახის გაგონებაზე, გული გადამიქანდა, თუმცა, მალევე დავიმშვიდე თავი იმით, რომ დედ-მამაც ოჯახში გადის.

სამსახურში, სადაც ბიძაჩემის ძმაკაცმა მომაწყო (სულ რომ ტვინი გადმოგდიოდეს, ვინ აგიყვანს სამუშაოდ პროტექციის გარეშე?! კიდევ გჯერათ ზღაპრების? ძირს დაეშვით!), ხშირად მიწევდა მივლინებით საქართველოს სხვადასხვა მხარესა და უცხოეთში მოგზაურობა. ეს ერთადერთი დადებითი იყო, რაც ამ დაწესებულებას გააჩნდა. კოლექტივი: კოშმარი – ჭორიკნები და საკუთარი თავის გაქაჩვაზე ორიენტებული ტიპები. პირველივე შემთხვევაში აუღელვებლად რომ გაგყიდიან და ხელის აკანკალების გარეშე გადაგისვამენ სამუდამოდ ხაზს, ოღონდაც წინ არ გადაეღობო რომელიმეს.

როგორ მინდა ყველაფერი დავწერო, მაგრამ ეს სხვა ისტორიაა. ამასთან,  კორექტულობა და კონფიდენციალურობა მოითხოვს, რომ დავასტოპო.

ერთ-ერთი მივლინების დროს ბათუმში აღმოვჩნდი…