მერე იყო რაც იყო. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, გონზე მოსვლა ვერ მოვასწარი. თავი ზღაპარში მეგონა. ყურებამდე შემიყვარდა. სულ ერთად ვიყავით. დილით გამომივლიდა, მივდიოდით უნივერსიტეტში. ლექციებიცა და სემინარებიც დავამთხვიეთ. უკანაც იმავე გზით ვბრუნდებოდით.

იყო ხელი-ხელ ჩაკიდებული ბოდიალი; გვიანობამდე უბანში “ბირჟაობა”.  სახლში მცირე შესვენება სავახშმოდ და შემდეგ გაუთავებელი ვიდეო კონფერენციები. ერთად ვმეცადინეობდით, ერთად ვუყურებდით ფილმებს, ვგულშემატკივრობდით საქართველოს ნაკრებს და ვკინკლაობდით, როდესაც ჩვენი კლუბები ხვდებოდნენ ერთმანეთს – “ელ. კლასიკო.”

მეგობრები გამინაწყენდნენ, რომ იმდენ დროს ვეღარ ვუთმობდი მათ. თუმცა, ვცდილობდი, სათანადო ყურადღება გამომეჩინა, ჩემი გონება და არსი მაინც ნიკამ მოიცვა.

როდესაც საყვარელ ადამიანს ესაუბრები, ძალიან მალე გადის დრო და კიდევ უფრო მალე, როდესაც მასთან ერთად ხარ. ასე გავიდა წელიწადნახევარი. ახლა ვხვდები, რომ არ შეიძლება ერთ ადამიანზე ასე დამოკიდებული გახდე.

მერე გამოჩნდა ვიკა. მოსკოვიდან ახალი ჩამოსული მეზობელი – ბავშვობის მეგობარი. თამამი და თავნება.

ერთმანეთი ჩემს დღეობაზე გაიცნეს. მოვლენებს გავუსწრებ და ვიტყვი, რომ ამ მიზეზით არ მიყვარს ჩემი დაბადების დღე და არც ვაპირებ ოდესმე მის კვლავ აღნიშნვას.

წავუპიკნიკეთ. სანამ მე და დაქალები ვფუსფუსებდით, ვიკა ნიკას ართობდა. ერთმანეთს ეფლირტავებოდნენ.

– კაი ბიჭი ხარ და არ შეხედო ლამაზ, მაღალ ფეხებზე აწოწილ ქერა ქალს, რომელსაც სხვა საქმე არ აქვს შენი მოჩანგლვის მეტი, –  ეს იყო მისი კომენტარი ჩემს მინიშნებაზე – “აქ ვარ და ყველაფერს ვხედავ”.

ვიკასთან რა მოხდა? არაფერი. ყოველ შემთხვევაში, თუ რამე იყო არაფერი ვიცი, გარდა იმისა, რომ ტემპი დავაგდეთ. რაღაცნაირად გულში ჩამწყდა. მეგონა, სხვებისაკენ გახედვის უფლება არ ჰქონდა, მითუმეტეს ჩემი ბავშვობის მეგობრისაკენ, რომელიც მართალია, ისეთი ახლობელი აღარ იყო, როგორიც ადრე (დრომ და სივრცემ თავისი გავლენა იქონია) მაგრამ მაინც… ნიკას თავს ვარიდებდი. ისიც პასიურობდა. ზაფხულში სოფელში გადავიხვეწე, ბებოსთან. არც ინტერნეტი, არაფერი. დარეკვა თუ გსურდა, ყველაზე შემაღლებულ ადგილას ხმამაღალი საუბრის რეჟიმი ჩაგერთო და თავისუფლების ქანდაკებისათვის უნდა მიგებაძა.

სემესტრის დასაწყისში ვიზრუნე, მისგან განსხვავებული ცხრილი შემედგინა. რატომღაც არც თავად იჩენდა ინტერესს. ამიტომაც, ასე უაზროდ გავწყვიტე ურთიერთობა. ახლა ვიცი, რომ ეგრე არ უნდა მოვქცეულიყავი, სულ მცირე, უნდა გამერკვია, რა ხდებოდა, მაგრამ მაშინ ქარაფშუტა და ამაყი გოგო ვიყავი და მჯეროდა, რომ მთა ყოველთვის უნდა მისულიყო მუჰამედთან. თუ არა და, სხვა მთა მივიდოდა. მოვიდა კიდეც. მაგრამ ის სხვა ნიკა არ იყო. ამიტომაც, უკან გაუბრუნდა იმავე გზას, საიდანაც მობრძანდა, მაგრამ ამაზე სხვა დროს.