ვწერდი, თავდაპირველად ავტობუსში შევამჩნიე მეთქი. ავტობუსში კი არა გაჩერებაზე დავლანდე. სულ ერთ ტიპთან ერთად მოძრაობდა. ეგ ბიჭი, დათო ჩემი კურსელი იყო. გამარჯობას არასდროს ამბობდა. ალბათ იმიტომ, რომ ჩემი მეგობარი თეკლა მოსწონდა და გაცნობიდან რამდენიმე დღეში სიყვარული აუხსნა. გოგომაც “დააპაშოლა” – გიჟი ხო არა ხარ, ვინა ხარ, საიდან მოსულხარო… იმის მერე – გვერიდებოდა.

თმა ჩამოვიშალე, მუსიკას ბოლომდე ავუწიე ხმა და თავი პალტოში ჩავრგე, თან წიგნი ავიფარე ცხვირზე...

იმ დღეს ნიკა და დათო ერთად შემოტანტალდნენ აუდიტორიაში. გულმა რაღაცნაირად დამიწყო ძგერა… თან გამიხარდა, თან ავფორიაქდი. ჩემს მეგობარ ლაშას, რომელიც აგრეთვე ჩვენი უბნელი გახლდათ, გაუბეს საუბარი. თმა ჩამოვიშალე, მუსიკას ბოლომდე ავუწიე ხმა და თავი პალტოში ჩავრგე, თან წიგნი ავიფარე ცხვირზე.

მეთქი, – არ დამინახოს.

არ ვიყავი ფორმაში.

აქამდე არ მითქვამს, თუ როგორია, ან იყო, ანაც არ იყო და მე მეგონა.

ავტობუსში ამოსულს ბევრჯერ დავკვირვებივარ. მანამდე უბანშიც ხშირად შემიმჩნევია. რატომღაც სულ მქონდა შეგრძნება, რომ გიორგი ერქვა და რამდენიმეჯერ კიდეც მივმართე ეგრე, მაგრამ ამაზე სხვა დროს…

როგორც მოზარდების უმრავლესობას, მეც ძალიან ბევრი კომპლექსი მქონდა და რატომღაც ვთვლიდი, რომ “ეგეთი” ბიჭი მე არ შემომხედავდა…

გარეგნულად დიდად არ შევცვლილვარ მას შემდგომ, ურბალოდ საკუთარ თავთან დამოკიდებულება შემეცვალა. კლასის და იმ ხალხის ბრალია, ვისთანაც ვურთიერთობდი. მაგარი “ფოე-ფოე” სასტავი “ჩითავდა”.

ჰო, მეგონა, არ შემამჩნევდა, მაგრამ შემამჩნია.
გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, აპოლონს არაფრით ჩამოუვარდებოდა თქო… მაგრამ, ჩემთვის მიქელანჯელოს დავითივით სრულყოფილი გახლდათ. მუდამ ფორმაში. სპორტით დაკავებულს კუნთებიც ჰქონდა.  ვერ უწოდებდი “დონდლოსა და ლობიოს”.  მუქი წაბლისფერი თვალები და თმა, ლამაზი ნაკვთები და ბლანჟე ჰქონდა, რომლის გარეშეც სულ სამჯერ მყავდა ნანახი. იმიტომ, რომ ეგონა გაპარსული პატარა ბავშვივით იყო და სჯეროდა, რომ არ უხდებოდა. არადა…

იმ საღამოს მივწერე ფეისბუქზე:

– მართლა, ჩვენთან მოხვედრას გილოცავ! მახსოვს, როგორ გინდოდა! იმ დღეს კი დაგინახე, მარა მომერიდა მოსალმება. : )) აბა შენ იცი, როგორ ისწავლი…

– მადლობთ მოლოცვისთვის, ნინიკო… :)

– გრანტი აიღე?

– კი, აგერ, ჯიბეში მაქვს… :D

გამეცინა.

რაოდენ საკვირველიც უნდა იყოს, შინაგანადაც საკმაოდ მომხიბლველი გახლდათ. ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, თუ რამდენად კარგად გამიგებს ადამიანი. შეიძლება ითქვას, რომ ოდნავ მოგვიანებით მეგონა, მეორე ნახევარი ვიპოვნე, რომელიც აქამდე მაკლდა…