ვერ გავიგე, ვიყავი თუ არა მასზე შეყვარებული. და საერთოდ, მყვარებია კი ნამდვილი სიყვარულით ოდესმე? რამდენიმე წლის წინ ვიტყოდი, რომ ალბათ, უფრო კი. მომწონდა და რა მექნა?!.

ყოველ ახალ ჯერზედ მგონია, რომ წინა ცდაზე ნაკლებ მომწონდა ვიღაც. საბოლოო ჯამში ყველა სანაგვეში ყუთში აღმოჩნდება ხოლმე, რომელსაც არა და არც ცლის ე.წ. “გამნავოზი” და მეც შიმშილის ჟამს საბრალო უპოვარივით ვიქექები ჩემსავე ბინძურ თეთრეულში, იმიტომ, რომ გადასაგდებად ბოლომდე ვერასდროს ველევი… არადა, ხომ შეიძლება ღრმად ორმო ამოვთხარო, შიგ ჩავფლა და აღარასოდეს დავუბრუნდე. მაგრამ მე ხომ მაზოხისტი ვარ?

მაზოხისტთან ერთად სადისტიც მგონია თავი. შეიძლება, არც ვარ… გააჩნია ვისი პოზიციიდან შევხედავთ სიტუაციას და რამდენადაც ადამიანებს სუბიექტურობა გვახასიათებს, არაფერია გამორიცხული…

ყველაფერი კი ალბათ დაბადებიდან დაიწყო. რომ არ გავეჩინეთ მშობლებს ერთსა და იმავე წელს, ვერასოდეს გავხდებოდით კურსელები. ვერ ვიმგზავრებდით ხშირად ერთი ავტობუსით, ვერასოდეს შევამჩნევდი და საერთოდაც, არც ფეისბუქზე დავიმატებდი… ალბათ, არც ის დამიმატებდა…

იქნებ სჯობდა, სულაც არ შევხვედროდით ერთმანეთს?!

მე მხოლოდ “ნაცნობებს” და “ნაცნობ უცნობებს” ვიმატებ. რადგანაც არ მიყვარს საერთოდ სოციალური საშუალებებით ვინმეს გაცნობა. რამდენადაც, ყველა ბანალურია… ერთსა და იმავე კითხვებს სვამენ, რომლებიც მაღიზიანებენ.

ერთმანეთი მაშინ გავიცანით, როცა უბანს ერთიანი-ეროვნული გამოცდების ციებ-ცხელებამ გადაუარა. ჩვენი პირველი სასაუბრო თემაც ეგ გახლდათ. მან გამოთქვა მოსაზრება, რომ მე უეჭველი მოვხვდებოდი იქ სადაც მინდოდა, და სადაც მასაც სურდა… თავის თავში კი ეჭვი ეპარებოდა. სიმართლე, გითხრათ, მეც.

წარმატებები ვუსურვე და დავსძინე, რომ ძალიან გამიხარდებოდა, თუ კი საწადელს მიაღწევდა. მაგრამ მიაღწევდა კი?

შემდგომ არ მახსოვს როდის იყო და რა, მაგრამ, მგონი უკვე წარმატებით მქონდა ჩაბარებული გამოცდები და ვიცოდი, რომ სადაც ვაბარებდი, იქ მოვხვდი. მართალია, გრანტი ვერ ავიღე, თუმცა…

სიაში ნიკა ვერსად ვნახე და გული დამწყდა! ოღონდ, მართლა… (თუ დააკვირდთით, ეს “ოღონდ მართლა” ყოველ მოსახვევსა თუ მიწისქვშა გადასასვლელში, სატელევიზიო და რეალითი შოუებშიც ისმის. არადა, რა ცუდი ჩვევა მაქვს. ვერ დავეხსენი, გამოდის, რომ ყოველ ჯერზედ ვიტყუები, თუ ეს ორი სიტყვა არ დავაყოლე…) დამენანასავით.

არ შევხმიანებივარ, მე ჩავაბარე, მან არა და ცუდად არ გამიგოს მეთქი… არ მინდოდა ეფიქრა, რომ ვაჯავრებდისავით.

რამდენიმე თვე ისე გავიდა, არც მას მოუწერია რამე. მეორე სემესტრში კი ერთ-ერთი უნივერსიტეტი შემოგვიერთეს და გამოიცანით, ვინ ამეტუზა?