Home ურთიერთობები

27-ში სამსახურში დამიხვდა თეთრი მიხაკები. ყვითელი პალტო გავიხადე, გოგონებს ორიოდე წუთით წავეჭორავე და მაგიდას მივუჯექი, საღამომდე პროექტზე მუშაობა უნდა დამემთავრებინა. რამდენიმე წუთის შემდეგ, თომამ SMS გამომიგზავნა და დერეფანში გამიხმო. შევთანხმდით, ახალი წლის ღამით მის სახლში გამართულ წვეულებას დავესწრებოდით, 1 იანვრის საღამოს კი, მის მეგობრებთან ერთად, ბაკურიანში ავიდოდით ერთი კვირით.

პანიკამ მომიცვა, ამდენი რამ უნდა მომესწრო, ახალ წლამდე კი 5 დღე იყო დარჩენილი! ნახევარსაათიანი ფიქრის შემდეგ, ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება მივიღე: “ანანო”! მივწერე, რა პრობლემის წინაშე დავდექი და შეხვედრაზე შევუთანხმდი.

ჩვენ, ყველანი, განსაკუთრებული ტალანტით ვართ დაჯილდოებული. ანანოს მეგობრებმა ხუმრობით “იდეალური გარდერობისა და ტუალეტის მენეჯერი” შევარქვით, ეს ტიტული ზუსტად ასახავს მის უნიკალურ ბუნებას.

5 საათისთვის ანანოს ტაქსით გავუარე და ჩემს ბინაში ავედით. ფინჯანი შოკოლადის შემდეგ, მან კარადის კარი გამოაღო, აბა, აქ რა გვაქვსო, და ვარგისი სამოსის აღრიცხვას შეუდგა. ჩემი ფინანსებითაც დაინტერესდა, გააკრიტიკა ერთი ქართველი ბაღლინჯო მწერლის ახალი რომანი და დამტოვა. ბოკალში ღვინო ჩამოვისხი და, რატომღაც, ძველი დღიურის ფურცვლა დავიწყე.

ჩანაწერმა, რომელიც ჩემს უდიდეს სიყვარულთან, მათესთან განშორების შემდეგ, 17 მარტს გამეკეთებინა, დამთრგუნა.

„განათლებულიც და უსწავლელიც, გენიოსიც (ასეთიც აღმომაჩნდა) და ხეპრეც, წარმატებულიც და უღიმღამოც, სუპერვარსკვლავიც და შეუხედავიც, რომანტიკოსიც, „პოხუისტიც“, მოჭადრაკეც, ე.წ. პოეტიც, მიდის ჩემგან და პოულობს მსგავს ან მკვეთრად განსხვავებულ გოგონას, რომელიც განათლებულია ან უსწავლელი, გენიოსი ან ხეპრე, და ა.შ. ვიცი, ურთიერთობისთვის სტანდარტებს მნიშვნელობა არ აქვს.

ვნებაც და თანაარსებობის სურვილიც შეიძლება ქალის კისერზე გაჩენილმა ერთადერთმა ხალმა აღგიძრას, შესაძლოა, ხალი, სურნელი, მის მიერ შეთხზული ლექსი ან მოხაზული კონტურები, სიარული ან საუბრის მანერა, მისი მაჯები, სიცილი, დუმილი, მზერა გექცეს იმის დასტურად, რომ ეს ქალი არის შენი, შენი ერთადერთი სიყვარული! და გაიქცევი უზარმაზარ მთებად, რომელიც ამ წალკოტს დაიფარავს და მის წინაშე ქედსაც მოიხრის, თაყვანს სცემს.
სად ხარ, ჩემო ერთადერთო სიყვარულო, იქნებ, ერთმანეთს დროში ან სივრცეში ავცდით?“…

დღიური დავხურე. აივანზე გავედი და სიგარეტს მოვუკიდე.
-ელე, რაო გუგამ? – მოპირდაპირე სახლის სარკმლიდან თავგამოყოფილმა ლადომ გამომძახა.
-ორჯერ ველაპარაკე, ფხიზელს არ ჰგავდა.
ლადოს გაეცინა, ხელი ამიწია და ფანჯარა მიხურა, მალე შუქიც გამორთო და მერე ისიც დავინახე, სადარბაზოდან გამოვიდა. კარგი ბიჭია ლადო. რაღაცნაირად კარგი.

მესამე ღერიც მოვწიე და ოთახში შევბრუნდი. ანანოს სამოქმედო გეგმა გამოეგზავნა.

სალონებში და მაღაზიებში ხეტიალის, კაფეებში წახემსებისა და უამრავი შეძენილი ქაღალდის პარკის შემდეგ (რომლებშიც კაბები, ნაქსოვი ჯემპრები, შარვალი, ხელთათმანები, ფეხსაცმელები, შარფები, ქუდები, ქალის თეთრეული, თომას საჩუქრები და ათასგვარი ხარახურა მოეთავსებინათ), დამრჩა ერთადერთი თავისუფალი დღე.

31 დეკემბრის დილით ანანომ ბარათები გადმომცა, რომლებზეც თავისი ხელით დაეხატა ყოველი დღისა და საღამოსთვის განკუთვნილი სამოსი, შესაბამისი მაკიაჟითა და ვარცხნილობით. ბარათებს მხოლოდ ახალი წლის ღამის ბარათი აკლდა.

– მომენდე, სალონში იციან, როგორი ვარცხნილობა, მაკიაჟი და მანიკური გაგიკეთონ, დანარჩენს საღამოს შეიტყობ, როდესაც სახლში დაბრუნდები. – ანანომ გადამკოცნა და გაიქცა.

ტრადიციად მექცა 31 დღისით მეგობრებთან რამდენიმე წუთით შერბენა და მათთვის საახალწლო საჩუქრების გადაცემა. ახლაც ასე მოვიქეცი, ბოლოს კი სალონისკენ გავემართე. სხვა წლებში, მე და გუგა ყოველთვის ერთად ვხვდებოდით ჯადოსნურ ღამეს. შემდეგ კი მეგობრებთან დავძრწოდით.

 

სალონში თმა მაღლა ამიწიეს და სპილოსძვლისფერი ლენტით შემიკრეს. მსუბუქი მაკიაჟი გამიკეთეს. შემდეგ, ჩემი დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად და ანანოს მკაცრი სატელეფონო დირექტივების ქვეშ, ზედა ქუთუთოებზე დიდი ხელოვნური ჟოლოსფერი წამწამები დამიმაგრეს, ტუჩებიც ჟოლოსფრად შემიღებეს.

სახლში უზარმაზარი თეთრი ყუთი დამიხვდა შავი ბაფთით. თან ანანოს ხელით შედგენილი ბარათი მოყვებოდა წარწერით: „ჯადოსნური ღამისთვის განკუთვნილი კაბა, საჩუქრად გუგასგან“. ყუთში მუხლამდე სიგრძის, სპილოსძვლისფერი ათასფურცელა კაბა აღმოჩნდა, შავი ქამრით. ზუსტად ისეთი კაბა, ოდესღაც რომ ინტერნეტში წავაწყდი და გუგას ვუთხარი: „მინდა. ძალიან მინდა“.

„მინდა“ ჩემს ლექსიკონში ყველაზე ნაკლებგამოყენებადი სიტყვაა. ამიტომ თუ დაიმახსოვრა.

მიხაროდა!
წინ ახალი წლის ღამე იყო… და სადღაც ჩემი ერთადერთი სიყვარული. იქნებ, თომას სხეულში გამომწყვდეულიც….

6 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?