Home ურთიერთობები

შეიძლება უკვე იპოვე ადამიანი, ვისთანაც დარჩენილი ცხოვრების გატარება გსურს, ან უბრალოდ ქორწილის გადახდა გინდა. შეიძლება გაგეცინოს, მაგრამ მაინც გადაიკითხე ჩვენი რჩევები. იმ ასაკში, როდესაც ხელს ზედიზედ რამდენიმე თაყვანისმცემელი გთხოვს და შენ ირგვლივ მეგობრები ერთმანეთის მიყოლებით ქორწინდებიან, ადვილად შეიძლება გაეხვიო საქორწილო ალიაქოთში.

სანამ მათ კვალს გაჰყვები, დარწმუნდი, რომ ეს არ არის უბრალოდ რეფლექსური რექცია გარემო ცვლილებებზე. ქორწინება არ არის უბრალოდ ერთად ცხოვრება. ამ ცვლილებას მრავალი სხვა მოჰყვება. რეალურად, ქორწინებისთვის მზაობა ისევეა შენზე დამოკიდებული, როგორც შენს პარტნიორზე. უბრალოდ, არ იჩქარო.

თანაცხოვრება და გადარჩენა

პირდაპირ ვიტყვით: ფართის, საცხოვრებელი ადგილის გაზიარება საკმაოდ მძიმე საკითხია. განსაკუთრებით, თუ მიჩვეული ხარ მარტო ცხოვრებას. თან ადგილს იყოფ საწინააღმდეგო სქესის ადამიანთან, რომელსაც სრულიად განსხვავებული მოთხოვნები და ჩვევები აქვს. ერთია, როდესაც დასთან, დეიდაშვილთან, ან თანაკურსელთან იყოფ სივრცეს ქირის გადასახადის შემცირების მიზნით. როდესაც მის მიერ უკითხავად ნათხოვარი და გაფუჭებული ტანსაცმლის გამო ღიზიანდები, შეგიძლია პირდაპირ უთხრა და სხვა დროს აღარ ათხოვო ტანსაცმელი. თუმცა როდესაც შენი რჩეული გაუაზრებლად, შემთხვევით გამოყენებულ ჩაის პაკეტს პირდაპირ მაგიდაზე ტოვებს, მას ვერ უსაყვედურებ მხოლოდ იმიტომ, რომ გაღიზიანებს ყოველ ჯერზე ჩაის პაკეტის პატარა გუბეების გაწმენდა. ამიტომაც დაქორწინებამდე უმჯობესი იქნება, თუ წინასწარ განსაზღვრავთ, გამონახავთ გამოსავალს თუ როგორ მოაგვაროთ მსგავსი წვრილმანი შეუსაბამობები. მოგვიანებით, ამაზე გაცილებით მნიშვნელოვანი და მძიმე საკითხები გექნებათ შესათანხმებელი და მოსაგვარებელი.

თქვენი ფინანსური მდგომარეობა და სტატუსი

ქირის გადასახადი, ტელევიზიის და ინტერნეტის თანხა – ამ წვრილმანი ხარჯების გაყოფა გაგიადვილებთ მომავალში გაცილებით დიდი გადასახადების და ვალდებულებების ერთად აღებას, იქნება ეს იპოთეკური სესხი, სასწავლო კრედიტები, თუ მშობლებზე ზრუნვა.

რაც უნდა მერკანტილურად ჟღერდეს, მნიშვნელოვანია გაარკვიოთ ერთმანეთის ფინანსური სტატუსი – კარგი იქნება ის თუ ცუდი, რათა მომავალში მოულოდნელ და არასასიამოვნო სურპრიზები აიცილოთ თავიდან.

04-moving-couple-42-19573038

როგორ გავუმკლავდეთ მშობლების და მეგობრების ცნობისმოყვარე დამოკიდებულებას

ერთად ყოფნის თუ ნიშნობის პერიოდი გამოირჩევა ცნობისმოყვარე კითხვების „ნაყოფიერებით“. აუცილებლად მოისმენ მსგავს კითხვებს შენი ან შენი პარტნიორის მიმართულებით: „როდის აპირებს ხელი გთხოვოს?“, „ამდენ ხანს რას ელოდებოდა?“, „მაჩვენე ბეჭედი!“, „ქორწილი როდისაა/როდის ვქეიფობთ?“, „თაფლობის თვის გატარებას სად გეგმავთ?“. ხოლო როგორც კი ქორწილი დასრულდება, მშვიდად ამოსუნთქვასაც ვერ მოასწრებ, რომ კითხვების მორიგი კორიანტელი დაგატყდებათ: „როდის გეგმავთ პატარათი გაგვახაროთ?“

ბავშვის საკითხი

რა თქმა უნდა, ჯერ ბეჭდის ფორმასა და კარატზე ზრუნვით ხარ დაკავებული და რა დროს ბავშვებზე საუბარია, არა? მაგრამ ბავშვი დაოჯახების მნიშვნელოვანი ნაწილია. გსურთ თუ არა ბავშვები; თუ აპირებთ ბავშვის გაჩენას, როგორ აღზრდით მას (მათ) – ეს მნიშვნელოვანი საკითხებია, რომელიც აუცილებლად წინასწარ უნდა განიხილოთ. არ არის აუცილებელი დეტალურად ყოველი წლის გაწერა, მაგრამ ნამდვილად საჭიროა აზრთა თანხვედრა.

ვინ ხარ და რა გინდა

აი ასე, მარტივად, უნდა იცოდე რას გინდა მიაღწიო ცხოვრებაში და რისკენ მიილტვი. აგრეთვე უნდა იცოდე მისი გეგმების შესახებ, რათა რამდენიმე წლის თანაცხოვრების შემდეგ არ აღმოჩნდეთ გაუგებრობის კორიანტელში.

o-COUPLE-MONEY-facebook

დათმობა და კომპრომისები

როდესაც ხარ თავისუფალი, დამოუკიდებელი, თითქმის არასდროს გიწევს დათმობებზე წასვლას და გიკვირს შენი დაქალის, რომელმაც დაუთმო მეუღლეს და მისი ხათრით რაგბის თამაშზე გაჰყვა, ან სულაც მუშაობას დაანება თავი შვილების და ოჯახის გამო. არადა, მედლის მეორე მხარეს არ ან ვერ ხედავ, როდესაც ქმარიც მიდის კომპრომისზე და რაგბის თამაშის მეორე დღეს მეუღლეს საყიდლებზე სიამოვნებით დაჰყვება, ან მოლში დააქვს მისი ჩანთები. კომპრომისი არ არის ბოროტება, ის თანაცხოვრების ერთ-ერთი აუცილებელი ატრიბუტია, როგორიც მაგალითად, ზრდილობიანი ვახშამი მშობლებთან. აქ მთავარია ყველაფერი თანაბრად იყოს, 50/50.

ადამიანს ვერ შეცვლი

პირდაპირ და გულწრფელად გეტყვით: შენ მიიღებ იმას, რასაც ახლა ხედავ და გაქვს. ნუ შეარჩევ მომავალ მეუღლეს იმ იმედით, რომ მომავალში მის შეცვლას და გადაკეთებას შეძლებ. იყავით ერთად, თუ მიიღებ მას ისეთს, როგორიც არის ახლა. რა თქმა უნდა, ადამიანები იცვლებიან, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს მათ სურთ. თუმცა ამ ცვლილებებსაც დრო და მონდომება სჭირდება.

მისი მშობლები

დედამთილები, იშვიათად მამათილები, ანეკდოტების და ხუმრობის თემაა ნებისმიერ საზოგადოებასა და ქვეყანაში. იგრძნობა, რბილად რომ ვთქვათ, არასასიამოვნო განწყობა და დამოკიდებულება. რატომ ხდება ასე – ამის განხილვას აზრი არ აქვს, ყველას თავისი მიზეზი აქვს იყოს ისეთი, როგორიც არის, იქნება ეს ეჭვიანობა ერთადერთი და მზეთუნახავი შვილისადმი თუ სხვა სახის საფუძველი. ჩვენი რჩევაა, თავიდანვე შეეგუო მათ. არ არის აუცილებელი გახდეთ საუკეთესო მეგობრები, მაგრამ ზრდილობის ფარგლებში ურთიერთობა მხოლოდ წაადგება ურთიერთობას შენს რჩეულთან, რადგან ისინი ხომ მისი მშობლები არიან. მოკლედ, ამ საკითხს თავს ვერ აარიდებ, უახლოეს მომავალში ერთმანეთის მშობლებთან მოგიწევთ ახალი წლის, დაბადების დღეების, სხვა მნიშვნელოვანი დღესასწაულების თუ მოვლენების აღნიშვნა. ასე რომ, თუ გინდა, შენი რჩეული ღირსეულად ეპყრობოდეს შენს მშობლებს, აიყვანე თავი ხელში და შესაბამისი ურთიერთობა დაამყარე მის მშობლებთან. ეს თქვენი თანაცხოვრების ნაწილია.
merry-in-laws-still-2

საქორწილო საჩუქრები

ჩვენთან, ქორწილში ყველას რაღაც მოაქვს თავისი გემოვნებით, რაც შემდგომ ან გამოუყენებლად გვიყრია სამკაულების ყუთში, ან მტვრით იფარება სარდაფში. ჩვენთან ნელ-ნელა იკიდებს ფეხს საქორწილო საჩუქრების მორთმევის ამერიკული სტილი: როდესაც წყვილი მიდის კონკრეტულ მაღაზიაში და ადგენს იმ საჩუქრების სიას, რომელიც უნდა რომ მიიღოს. სტუმრები კი მიდიან არჩეულ მაღაზიაში, გადაავლებენ თვალს სიას და ირჩევენ თავიანთი ჯიბისთვის ხელსაყრელ ნივთს. ამით სტუმარიც რჩება კმაყოფილი, რომ არ ფიქრობს დიდხანს საჩუქარზე და წყვილიც, რომელიც იღებს იმას, რაც უნდოდა.

დაფიქრდი ამ საკითხზე.

კვება და სადილები

რაც არ უნდა გემრიელი ხელი გქონდეს სამზარეულოში, სავარაუდოდ ყოველ დღე არ გიწევს იმაზე ფიქრი, თუ რა მოამზადო ხვალისთვის. ან სულაც უკვე დიდი გოგო ხარ, საკუთარი შემოსავლითა და კარიერით, მაგრამ ვახშამს დღემდე დედა გიმზადებს და დილით მხოლოდ კვერცხის შეწვას თუ ახერხებ. ეს მნიშვნელოვანი საკითხი არ უნდა გადადო მომავლისთვის, პრინციპით „დამჭირდება, გავაკეთებ“.

თუ აპირებ დაოჯახებას, რაც არ უნდა ბევრი ვილაპარაკოთ თანასწორობასა და ფემინიზმზე, ყოველდღიურ საკვებზე ზრუნვა საოჯახო საქმეების შენი ნაწილი იქნება. რა თქმა უნდა, არაფერი სჯობს გარეთ კვებას ან სადილის ერთად მომზადებას, ეს აუცილებელიც კი არის შეიტანო შენს ყოველკვირეულ „რაციონში“, გრძნობებისა და ურთიერთობების გასახალისებლად. მაგრამ კვირის უმეტეს ნაწილში შენ უნდა მოიფიქრო რა და როგორ მოამზადო. ასე რომ ინტერნეტში წაკითხული თეორიული ნაწილიდან, სჯობს ადრე, ვიდრე გვიან გადახვიდე პრაქტიკუმზეც.

უწყინარი სიცრუის უპირატესობანი

რა თქმა უნდა, ოჯახი და ურთიერთობები გულწრფელობასა და პირადპირობაზე უნდა იყოს დაფუძნებული. მაგრამ ზოგჯერ ჯობია უთხრა, რომ მოგწონს მისი არჩეული პერანგი, მით უმეტეს თუ ის აღფრთოვანებული გიყვება მისი შეძენის ისტორიას. კრიტიკა მოიტოვე გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხებისათვის.
Couple-sitting-in-the-sea-oats-and-the-sunset-Holden-Beach-NCSeptember-22-2012-5_thumb

შედარება დამანგრეველია

ფეისბუქზე დროის დიდი ნაწილის გატარებამ შეიძლება, როგორც მინიმუმ მწუხარებაში ჩაგაგდოს – მისმა მეგობარმა ცოლი ბალიზე გადააფრინა დაბადების დღისთვის და მათი სურათების თვალიერებისას იხსენებ, შენ რა გაჩუქა შენმა რჩეულმა. სხვა წყვილების ურთიერთობაზე ფიქრმა შეიძლება არაადეკვატურ დასკვნებამდე მიგიყვანოს საკუთარ ურთიერთობასთან შედარებისას. შენ ხომ არ იცი, რომ ბალიზე მოგზაურობა რემონტისთვის გადადებული თანხიდან იყო დაფარული, რომ მთელი წლის განმავლობაში ქმარი ზედმეტ საათებს მუშაობდა ამის გამო და გვიან მიდიოდა სახლში? შენ კი რას უწუნებ ადგილობრივ მთასა და ზღვაზე დასვენებას? ბედნიერებისათვის ადგილს რა მნიშვნელობა აქვს, როდესაც მეუღლე ყოველ საღამოს გვერდით გყავს, მოსიყვარულე და თბილი.

მოკლედ, ურთიერთობზე ისევე უნდა იმუშაო და იზრუნო, რაც არ უნდა რბილად მიედინებოდეს, როგორც სხვა ნებისმიერი საკითხზე. წინასწარ მომზადება არ აწყენს მომავალ თანაცხოვრებას, მხოლოდ პოზიტიურად წაადგება. ასე რომ, ნუ შეუშინდებით მომავლის დაგეგმვას, თუ მზად ხარ შენი ბედი მას დაუკავშირო და ის მზადაა შენს გამო მთები შეძრას, ეს ცხოვრებისეული წვრილმანები ვერაფერს დაგაკლებთ და პირიქით, მზად შეხვდებით თანაცხოვრების სირთულეებს, ისიამოვნებთ მისი პოზიტიური და სასიამოვნო მხარეებით, კიდევ უფრო გაგაერთიანებთ და დაგარწმუნებთ ერთმანეთის ძალებსა და სიყვარულში.

12 კომენტარი to this post
  1. ძალიან სასარგებლო სტატიაა :) ოდესმე თუ გადავწყვიტე ამ ნაბიჯის გადადგმა, კიდევ ერთხელ გადავიკითხავ ^_^

  2. ჩემი აზრით, მეუღლეს უფრო ადვილად ეტყვი რა გაღიზიანებს და რა არა, ვიდრე მულს, მაზლს, დედამთილს… წყვილმა მარტო უნდა იცხოვროს! ეს ჭეშმარიტება დაქორწინების სემდეგ გავისიგრძეგანე და ოცნებად მექცა ცალკე ცხოვრება. ცუდი და დაძაბული ურთიერთობა არავისთან მაქვს, მაგრამ მე ჩემი შეხედულებები მაქვს, ამათ თავისი. ვთმობ ყველაფერს და ვგრძნობ თავს უცხოდ, უცხო სახლში…

  3. მოდით მარიამი ერთხმად ვაღიაროთ რომ ერთგულია და მისგულში დიდი სიკეთეა!

შენ რას იტყვი?