Home მნიშვნელოვანი

არა, ვერ მიმიხვდი… ეს სტატია ცემა-ტყეპაზე არ იქნება.

ამჯერად, მუშტის მხოლოდ აგრესიის სიმბოლოდ გამოყენებას დავჯერდები, რომ ერთხელ კიდევ შეგახსენო: იქ, სადაც ძალადობა ბატონობს, სიმშვიდეს და ჰარმონიას არაფერი ესაქმება.

თანაც, აუცილებელი არ არის, იგი მაინცდამაინც ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ანგარიშსწორებაში გამოიხატებოდეს. პირიქით, განსაკუთრებით საშიში სწორედ მაშინაა, როცა საგულდაგულოდ ინიღბება და გარეგნული ნიშნებით ძალიან ჭირს მისი ამოცნობა.

აუცილებელი არ არის მუშტს მაგიდას ანდა უარესი… ადამიანს ურტყამდნენ, შენ ძალადობის მსხვერპლი ხარ მაშინაც, როცა:

გამუდმებით თავის მართლებას გაიძულებენ

„ისევ დაიგვიანე“, „ჭურჭელი დასარეცხი დაგიტოვებია“, „რამდენჯერ ვთქვი, ეს აქ არ დადო-მეთქი“, „ჩაი ისევ ცივი მომიტანე“, „რა სულელი დაქალები გყავს“, „ეგ კაბა არ ჩაიცვა“, „ყველაფერი შენი ბრალია“…

როგორი მშვიდი და წყნარი ტონითაც არ უნდა იყოს ნათქვამი ეს სიტყვები, მერწმუნე, თუ მათ ხშირად იმეორებენ, მხოლოდ და მხოლოდ შენზე კონტროლის მოპოვებას ისახავს მიზნად.

 

თავს გაცოდებენ

„მძიმე ბავშვობა მქონდა“, „არ გამიმართლა“, „სამსახურმა ნერვები გამიფუჭა“, „ჩემი ჯანმრთელობის პატრონს რა მოეთხოვება“, „უშენოდ სიცოცხლე არ შემიძლია“, „თუ მიმატოვებ, ცხოვრებას დამინგრევ“, – ასეთი ფრაზები იმ ადამიანის ლექსიკაში იმკვიდრებს ადგილს, ვისაც საკუთარ ცხოვრებასა და საქციელზე პასუხისმგებლობის აღება არ უნდა ან არ შეუძლია.

ასე რომ, ფრთხილად! როგორც არ უნდა უთანაგრძნობდე, იგი ფარული მოძალადეა და, ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, შენით მანიპულირებას ცდილობს.

 

შენს დროს ბოროტად იყენებენ

ეს პუნქტი ერთნაირად ეხება ყველას, ვინც:

  • გაიძულებს საათობით ისმინო მისი დაუმთავრებელი მონოლოგები;
  • მთელ დღეს გაკარგვინებს მაღაზიებში „აუცილებელი“ ნივთის ძიებაში;
  • არაფრად მიაჩნია შეხვედრაზე მთელი საათი დაგვიანება;
  • არ გეკითხება, ხარ თუ არა სტუმრების მიღების ხასიათზე, როცა სამსახურიდან დაღლილი ბრუნდები, ბავშვს გაკვეთილების მომზადებაში უნდა მიეხმარო ან მეორე დღის სადილი გააკეთო.

ნეგატივს გაფრქვევენ

ყველა ნორმალურ ადამიანს, მითუმეტეს ქალს, უჩნდება სურვილი ახლობელ და საყვარელ ადამიანებს პრობლემების გადაჭრაში დაეხმაროს, მაგრამ ყველაფერში ზომიერებაა საჭირო.

თუ გარშემომყოფები შენი გულისხმიერებით მოურიდებლად სარგებლობენ და სადღეღამისო რეჟიმში საკუთარ პრობლემებზე გეწუწუნებიან, ადვილი შესაძლებელია, მალე თვითონ დაგჭირდეს ფსიქოთერაპევტის კვალიფიციური დახმარება.

ნუ მისცემ მათ საშუალებას, „სანაგვე ყუთის“ დანიშნულებით მოგიხმარონ და არასასურველი ემოციებით ამოგავსონ, მით უფრო, თუ არასოდეს ინტერესდებიან იმით, თვითონ რა გაწუხებს.

გიყვირიან

მაშინვე დაასრულე საუბარი, როგორც კი თანამოსაუბრე თავს უფლებას მისცემს, ხმას ზომაზე მეტად აუწიოს. გარდა იმისა, რომ ამ ტონალობაში დავის გადაწყვეტა შეუძლებელია, დროთა განმავლობაში მიჩვევას იწვევს და არც ისაა გამორიცხული, შეურაცხყოფის ჟინი გამოხატვის უფრო მგზნებარე ფორმებში, მაგალითად, გინებასა ან ხელით შეხებაში გამოვლინდეს.

პირობებს გიყენებენ

აუცილებელი არაა, მოძალადე თავზარდამცემად იმუქრებოდეს, შესაძლოა, თვალისმომჭრელად გაგიღიმოს და გითხრას: „ძვირფასო, თუ გინდა, ცალკე საცხოვრებლად გადავიდეთ, ჩემს ყოველდღიურ დაგვიანებებსაც უნდა შეეგუო“ ან „თუ თვლი, რომ დროა მეორე ბავშვზე ვიფიქროთ, მამაშენს უთხარი, ბინის მშენებლობისათვის ფული „გვასესხოს“.

ხშირად ხუმრობენ შენს გარეგნობასა ან თვისებებზე

დაიმახსოვრე, ერთადერთი ადამიანი, ვისაც ამ თემაზე შეუძლია გაიხუმროს, მხოლოდ შენ ხარ. თუ ამას სხვა აკეთებს, კი არ ხუმრობს, დაგცინის, გამიზნულ შეურაცხყოფას გაყენებს და ცდილობს, საკუთარი უპირატესობა დაგიმტკიცოს.

თუ არ გჯერა, ნუ მოგერიდება და როცა მეუღლე „უწყინრად“ გეხუმრება იმის თაობაზე, რომ მშობიარობის შემდეგ მუცელი სუმოისტივით დაგეკიდა, ღიმილით შეახსენე, რომ თავი ბუზების აეროდრომივით აქვს მოტვლეპილი, ცხვირი კი გასათლელ კარტოფილს მიუგავს – არა მგონია, მსგავსმა შედარებამ ხალისი და სიმხნევე შემატოს.

იმედს გაძლევენ

გაგიკვირდა? ჰო, ხანდახან ასეც ხდება. მაგალითად, შვილებზე ზრუნვის იმპულსს აყოლილი, იძულებული ხარ, ორი ადამიანის მაგივრად იმუშაო მაშინ, როცა სულზე უტკბესი თანამეცხედრე „შესაფერი“ საქმის ძიებით, უტოპიური პროექტების განხილვითა და სახინკლეში „საქმიანი“ შეხვედრებითაა დაკავებული, სამაგიეროდ, არ ეზარება, ძილისწინა ზღაპრები მოგიყვეს ბაჰამის კუნძულებზე ერთად გასატარებელ შვებულებებსა და ბრილიანტის კოლიეზე, მთელი ცხოვრება რომ ოცნებობს… გაჩუქოს.

თუ ჩემი საუბრიდან უმნიშვნელო დეტალიც კი გენიშნა, გთხოვ, უყურადღებოდ ნუ დატოვებ. ნუ ეცდები, რეალობა შეალამაზო და დროზე მიიღე ზომები, რომ მსხვერპლის როლში არ აღმოჩნდე. ბევრ უცრემლო და ბედნიერ დღეს გისურვებ!

შენი აზრით, ყველაზე ხშირად რა სახის ძალადობას განიცდიან ქალები?

View Results

Loading ... Loading ...

ქართველ მანდილოსნებს გაუმარჯოთ!

9 კომენტარი to this post
  1. Ketevan Gogiashvili ძალიან. ძალიან”ტეხავს”. ახლა რომ გამახსენდა ქალების ტავის დაძვრენები ამ ყველაფრიდან და პარტნიორის გამართლებები :| ცუდია კი

      • როგორც ვხვდები იმიტომ რომ პოსტზე მიმაგრებული არ იყო ფაილები. მიუმაგრებლები კი რაღაც დროის მერე იშლება. არ ვიცი ეს როგორ მო(ვ)ახერხე(თ) :D მედიაში ატვირთე ალბათ პირდაპირ, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ… :| სამწუხაროდ ვერაფერს გავაწყობ. :|

Leave a Reply to Ketevan Gogiashvili Cancel reply