იცით, სულ ახლახანს უხოელი სტუმარი იყო ჩამოსული ჩემს მეგობართან.

ისე მოხდა, რომ ერთ საღამოს ძალიან გადაჭედილ ბარში მოგვიწია წასვლა (სტუმარს ხომ არ მოვაწყენდით). ეს ადამიანი მამრობითი სქესის, ძალიან გახსნილი და მხიარული ვინმე გახლდათ. გულღია და კეთილგანწყობილი იყო გარშემომყოფებისადმი, სულ იღიმოდა. მოკლედ საუკეთესო თანამოსაუბრეც აღმოჩნდა.

ბარში ცოტა ხნის ჯდომის მერე გაოცებული სახით დაიხარა ჩემი მეგობრისკენ და ჰკითხა:
“აქ მე ადამიანთა გუნდის ორ სახეობას ვხედავ – მხოლოდ ქალები, რომლებიც ერთმანეთში აქტიურად ურთიერთობენ და კაცები, რომლებიც არც ერთმანეთში ურთიერთობენ და არც ამ ეულ ქალებთან, თუმცა ვერ ვხვდები, რატომ არის ასე”.

კიდევ ბევრი კითხვები დასვა იმ მიზეზების შესახებ, თუ რატომ არ მიდიან ეს კაცები ქალების გასაცნობად, ან პირიქით.

20130215_233746
ბარი El Centro

ჩვენმა სტუმარმა ვერაფრით გაიგო, რომ საქართველოში ცხვირის უსაშველო აბზუება იცის ყველამ ასეთ შემთხვევით ნაცნობობაზე, რომ შეუძლებელია ნორმალურად მოიქცეს კაცი ასეთ დაწესებულებაში, უარი მშვიდად და ზედმეტი მობეზრების გარეშე მიიღოს.

შემდეგ მეც დავფიქრდი – ნუთუ ჯერ კიდევ ვერ გავიზარდეთ და განვვითარდით აქამდე? რატომ არის ასეთი წარმოუდგენელი და არარეალური, რომ კლუბში, ბარში, კაფეში გაიცნო ვინმე ადეკვატური? იქნება ნორმალურ ადამიანებს ასე გაცნობა არ მიაჩნიათ ნორმად? მაგრამ ეგრეც ვერ იტყვი, ხომ ასეა?

დიდი ხანი ვფიქრობდი, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამის მიზეზი. თითქოს, ხომ ვნახეთ უკვე რაღაცები, ევროპას ვედრით, საზღვრებსაც ვტოვებთ, ამერიკულ ფილმებზე წვდომაც ყველას გვაქვს, ფიქრს და თვითგანვითარებას არავინ გვიზღუდავს – მაშინ სად არის ძაღლის თავი? იქნებ კულტურა გვაკლია? ან სულაც გაბედულობა?

ჩემთვის აუხსნელი ფენომენია ეს უსაფუძვლო მორიდებულობა თუ შიში. უარის თქმა ხომ ყოველთვის შეიძლება?

იქნებ ვინმეს გქონდეთ არგუმენტირებული ახსნა ამ ყველაფერზე?