ის, რომ ამ საგანს სკოლაშიც ვერ იტანდი, გაკვეთილის გაცდენის საბაბად არ გამოგადგება: რის თქმასაც ახლა შენთვის ვაპირებ, იმაზე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პირველ პაემანზე დაუვიწყარი შთაბეჭდილების მოხდენა ან მამაკაცის გულისკენ მიმავალ ლაბირინთებში გზის გაკვლევა.

ამიტომ გირჩევ, მოთმინებით აღიჭურვო და ერთი-ორი მარტივი რიცხვის მიმატება-გამოკლება შევისწავლოთ, თუ გინდა, სასიყვარულო ურთიერთობებმა იმედი არ გაგიცრუოს და ამ ურთიერთობების შედეგად მიღებული ჯამი მუდამ შენთვის სასურველი აღმოჩნდეს.

50/50

ჩვენი სამეტყველო პრაქტიკა ძალიან ხშირად ფარდას ხდის ჩვენსავე წარმოდგენებს.

აი, მაგალითად, როგორ მოგწონს, როცა რჩეული თავის მეორე ნახევრად მოგიხსენიებს? ამ ლოგიკას რომ გავყვეთ, სიყვარულის მათემატიკური ფორმულა ალბათ ასე ჩაიწერება:

½ + ½ =1

ან

0,5 + 0,5 =1

სიტყვიერად კი, ამგვარად განიმარტება:

სასიყვარულო ერთობისთვის ნახევარ-ნახევარი ადამიანის მონაწილეობაა საჭირო.

რა გაცინებს? ამ ფორმულის ცხოვრებაში გამოყენებას თუ მოინდომებ, საქმე სასაცილოდ ნამდვილად არ გექნება – ნახევარი ადამიანის კარგად ყოფნა ვის გაუგია?!

კიდევ უარესი, თუ შენი პარტნიორი ამ პირობამ არ დააკმაყოფილა და არსებულ ტოლობაში საკუთარი წილის გაზრდას შეეცადა, ვთქვათ, ამგვარად:

0,1 + 0,9 = 1

თუ თქვენი ერთიანობის შენარჩუნება იმად გიღირს, რომ არაფრად მიგაჩნია, თავი თითქმის ნულად იგრძნო (ალბათ გახსოვს 0,1~ 0), ამ ტექსტს ბოლომდე ნუღარ ჩაიკითხავ, ხოლო თუ ფიქრობ, რომ სიყვარულში ჰარმონიის მისაღწევად ორი მთლიანი და სრულფასოვანი პიროვნების მონაწილეობაა საჭირო, ერთი-ორი მაგალითიც ავითვისოთ.

1+1=?

ახლა ის შემთხვევა განვიხილოთ, როცა არა მარტო ქალი და მამაკაცი, არამედ ორი ჩამოყალიბებული პიროვნება ხვდება ერთმანეთს და არცერთი აპირებს შეიცვალოს. შედეგად რა მიიღება, ყველამ კარგად იცის:

 1 + 1 = 2

ოოო… ხედავ, როგორ გართულდა ყველაფერი?! ციფრი 2 რომ ერთიანობის სიმბოლოდ არ გამოდგება და შესაკრებებად დაშლის სერიოზულ საფრთხეს შეიცავს, პირველკლასელი ბავშვიც კი მიხვდება.

გამოდის, ხანგრძლივი და ჰარმონიული სასიყვარულო ურთიერთობისთვის სულ სხვა ფორმულაა საძებარი, მაგრამ სად? როგორ? ერთს ერთი რამდენჯერაც არ უნდა მიუმატო, იმდენჯერვე ორს მიიღებ.

1+1=1

მოდი ერთი, კარგად დავუფიქრდეთ… მართლა ასეა თუ… გააჩნია, რა შემთხვევაში.

ამას ფიქრი რას უშველის? რატომაც არა: აინშტაინის ფარდობითობის თეორია არ აღმოჩნდა უნივერსალური და ეს ტოლობა ვითომ ეგეთი რა ჭეშმარიტებაა?! აბა, რას იტყვი, მაგალითად, ასეთი რამ რომ შემოგთავაზო:

1 + 1 = 1

მათემატიკურად არასწორია? არაფერიც. თუ თავდაპირველ პირობაში სიყვარულს დაუმატებ, ეს ტოლობა აუცილებლად ჭეშმარიტი აღმოჩნდება.

აბა, ნახე, რა გამოვიდა:

თუ ორ დამოუკიდებელ და რეალიზებულ პიროვნებას ერთმანეთი შეუყვარდა, შეუძლია ერთ განსხვავებულ მთლიანობად გადაიქცეს ისე, რომ საკუთარი თავი არ დაკარგოს.

აბა, როგორ მოგწონს? მე – ძალიან.

თუმცა ეს უკვე „უმაღლესი მათემატიკის“ სფეროა და ალბათ… ბევრისთვის გაუგებარი.

იმედია, შენ იმ ბევრისგან განსხვავებული ხარ…

შენი აზრით სასიყვარულო ურთიერთობაში ვისი ინტერესებია უფრო მნიშვნელოვანი?

View Results

Loading ... Loading ...