საქართველოს კანონმდებლობით, ქორწინებად ითვლება ოჯახის შექმნის მიზნით მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც აუცილებლად უნდა დარეგისტრირდეს სამოქალაქო რეესტრის “სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში” (შემდგომში “სტს”).

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მხოლოდ ჯვრისწერით შემოიფარგლებით, სახელმწიფოს წინაშე არ გექნებათ მეუღლეების სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ერთობლივი თანაცხოვრების მანძილზე შეიძენთ რამე ქონებას, იგი არ იქნება თქვენი თანასაკუთრება, არამედ იმ პირის, რომელიც დაირეგისტრირებს მას (უძრავი ნივთის შემთხვევაში – საჯარო რეესტრში, ავტომობილის შემთხვევაში – შსს-ის მომსახურების სააგენტოში).

დაქორწინება შეუძლიათ თვრამეტ წელს მიღწეულ პირებს. გამონაკლის შემთხვევებში (თექვსმეტი წლის ასაკიდან) დაქორწინება დაიშვება მშობლების წინასწარი წერილობითი თანხმობით. ამ შემთხვევაში, არასრულწლოვნები ხდებიან ემანსიპირებულები და უფლებრივად უთანაბრდებიან სრულწლოვნებს.

თუ კანონიერი წარმომადგენლები (დედები, მამები, მეურვეები, მზრუნველები) არ იძლევიან თანხმობას, სასამართლომ, პატივსადები ინტერესის არსებობისას, შეიძლება გასცეს ქორწინების ნებართვა და ასეთ შემთხვევაში მშობლები ვერაფერს გააწყობენ. ერთ-ერთ “პატივსადებ ინტერესად”, გავრცელებული პრაქტიკის მიხედვით, ითვლება ორსულობა.

აღსანიშნია ის ფაქტი, რომ “დაწინდვა” არ წარმოშობს შემდგომში დაქორწინების ვალდებულებას. ყველა საჩუქარი, რაც ნიშნობისას მხარეებმა ერთმანეთს გადასცეს, უნდა დაბრუნდეს.

ქორწინების გასაფორმებლად პირადი განცხადებით უნდა მიაკითხოთ “სტს”-ს. აუცილებელია, სახეზე იყოთ ორივე, რადგანაც უნდა დაადასტუროთ, რომ თქვენთვის არ არსებობს ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები, ცნობილია ერთმანეთის ოჯახური მდგომარეობა, იცით, მერამდენეა თითოეული თქვენგანისათვის ეს ქორწინება, აგრეთვე აღნიშნოთ, გყავთ თუ არა შვილები.

ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებებია:

ა) თუ ერთ-ერთი პირი უკვე იმყოფება სამოქალაქო ქორწინებაში;

დაქორწინების სურვილის მქონე პირები არიან:

ბ) პირდაპირ აღმავალი (დედა, მამა, ბებია, ბაბუა და ა.შ.) ან დამავალი (შვილი, შვილიშვილი, შვილთაშვილი და ა.შ.) შტოს ნათესავები;

გ) ბიოლოგიური და არაბიოლოგიური და-ძმა;

დ) მშვილებელი და ნაშვილები;

ე) თუ-ერთ ერთი პირი მაინც სასამართლოს მიერ ცნობილია ქმედუუნაროდ, სულით ავადმყოფობის ან ჭკუასუსტობის გამო.

მხარეები პასუხს აგებენ ქორწინების დამაბრკოლებელ გარემოებათა დაფარვისათვის.

განცხადების შეტანიდან ორი თვის მანძილზე შეგიძლიათ ნებისმიერ დროს (თქვენივე მითითებით) იქორწინოთ. თუ იმავე დღეს გსურთ შეუღლება, სააგენტოს უარის თქმა შეუძლია მხოლოდ  ქორწინების რეგისტრაციის განცხადებათა სიმრავლის გამო, გარდა შემთხვევებისა, როცა არსებობს განსაკუთრებული გარემოება (ისევ და ისევ ბავშვის დაბადება, ერთ-ერთი მხარის სიცოცხლისათვის რეალური საფრთხე ან სხვა).

თქვენივე თხოვნით, თუ არსებობს საპატიო მიზეზი, ქორწინების რეგისტრაცია შესაძლებელია “სტს”-ის ადგილსამყოფლის გარეთაც მოხერხდეს.

ქორწინების რეგისტრაცია ხორციელდება 2 ან მეტი სრულწლოვანი მოწმის თანდასწრებით.

სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უარი ქორწინების რეგისტრაციაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

არ დაგავიწყდეთ რეგისტრაციისას განქორწინების მოწმობის წაღება, თუ  თქვენთვის ეს კავშირი არ არის პირველი. იმ შემთხვევაში, თუ წინა მეუღლე გარდაგეცვალათ – შესაბამისად, მისი გარდაცვალების მოწმობა.

წარმატებებს და ბედნიერ ქორწინებას გისურვებთ!