Home ურთიერთობები

წინა პოსტებში ჩვენ ვისაუბრეთ ქორწინების შეწყვეტაზე და მის გზებზე. ალბათ, ყველამ არ იცის, რომ განქორწინების გარდა, შესაძლებელია  ქორწინების ბათილად ცნობაც. ასეთ შემთხვევაში, ითვლება, რომ თქვენ არასდროს ყოფილხართ დაქორწინებული. ქორწინება შეიძლება ბათილად ცნოს მხოლოდ სასამართლომ, როცა დარღვეულია შეუღლების პირობები, კერძოდ, საქორწინო ასაკი, მშობელთა და კანონიერ წარმომადგენელთა თანხმობა, როდასაც ეს საჭიროა (დაწვრილებით წაიკითხეთ ჩვენი პოსტი ქორწინების რეგისტრაციის შესახებ). აგრეთვე, როდესაც მხარეებმა ან ერთ-ერთმა თქვენგანმა დაფარა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოების არსებობა.

საგულისხმოა, რომ ბათილია ფიქციური ქორწინება. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ქორწინების რეგისტრაცია მიზნად არ ისახავს ოჯახის შექმნას, ალბათ ყველას გახსოვთ ფილმი Green Card ენდი მაკდაუველისა და ჟერარდ დეპარდიეს მონაწილეობით, სადაც მათი გმირები კანონისსათვის თვალის ასახვევად შეუღლდებიან, რათა არ მოხდეს ქალის დეპორტირება ამერიკიდან.

რიგ შემთხვევებში, როდესაც მხარეებმა არ იცოდნენ ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოების არსებობის შესახებ, ქორწინება წყდება სასამართლოში ამ გარემოების დადგენის მომენტიდან, მაგრამ ამ დრომდე ქორწინება წარმოშობს ყველა იმ სამართლებრივ შედეგს, რასაც ნამდვილი ქორწინება. მარტივად რომ ვთქვათ, ხდება ქორწინების შეწყვეტა და არა მისი ბათილად ცნობა. მაგალითად, თუ მეუღლეებმა არ იცოდნენ, რომ ბიოლოგიური და-ძმა იყვნენ, ასეთ დროს რეგისტრაცია არ უქმდება, არამედ, ხდება ახალი რეგისტრაცია ქორწინების შეწყვეტის თაობაზე.

ბათილად ცნობის მოთხოვნით სასამართლოს შეუძლია მიმართოს დაინტერესებულმა პირმა. ასეთი შეიძლება იყოს ცოლ-ქმრის გარდა, მათი მშობლები, კანონიერი წარმომადგენლები, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო, აგრეთვე ის პირები, რომელთა უფლებებიცაა დარღვეული ამ კონკრეტული კავშირით – მაგალითად, პირველი ცოლი, რომელსაც კანონიერი წესით არ გაჰყრია.

როდესაც საქმე ეხება საქორწინო ასაკის მიუღწეველ პირთა ქორწინების ბათილად ცნობას და განხილვის მომენტისათვის არასრულწლოვანმა მეუღლემ საქორწინო ასაკს მიაღწია ან ორსულადაა, მაშინ ქორწინება შეიძლება ცნობილ იქნეს ბათილად მხოლოდ მისი მოთხოვნით.

თუ საქმის განხილვის მომენტისათვის აღარ არსებობს დაქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები, სასამართლოს შეუძლია ქორწინება ცნოს ნამდვილად ამ გარემოებათა მოსპობის მომენტიდან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ თქვენ დაქორწინდით მშობლების თანხმობის გარეშე 18 ივნისს, საქმე აღიძრა სასამართლოში ქორინების ბათილად ცნობის თაობაზე 22 ივლისს, ხოლო საქმის განხილვისთვის – 25 აგვისტოს გახდით სრულწლოვანი, საქმის წარმოება გაგრძელდება მხოლოდ თქვენი თანხმობით და ქორწინების თარიღად ჩაითვლება არა 18 ივნისი, არამედ – 25 აგვისტო.

სულით ავადმყოფობის ან ჭკუასუსტობის გამო ქმედუუნაროდ ცნობილ პირთან ქორწინების ბათილობის საქმის განხილვისას აუცილებელია საქმეში მონაწილეობის მისაღებად მეურვის ჩაბმა. ეს ის პირია, ვინც სასამართლომ დანიშნა ქმედუუნაროს კანონიერ წარმომადგენლად.

ბათილობის კიდევ ერთი საფუძველია იძულებითი ქორწინება. იძულების შედეგად მომხდარი დაქორწინების შემთხვევაში მეუღლეს (მეუღლეებს) შეუძლია აღძრას სარჩელი ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ.

ფიქციური ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის აღძვრის უფლება აქვს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, ხოლო თუ ერთ-ერთი მეუღლე დაქორწინდა ისე, რომ მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას, ასეთი სარჩელის აღძვრა მეორე მეუღლესაც შეუძლია.

ქორწინება არ შეიძლება ცნობილ იქნეს ფიქციურად, თუ რეგისტრირებულ პირებს სასამართლოს მიერ საქმის განხილვამდე ფაქტობრივად უკვე შექმნილი აქვთ ოჯახი.

ბათილად ცნობილი ქორწინება ბათილად ითვლება ქორწინების რეგისტრაციის დღიდან და არ წარმოშობს მეუღლეთა უფლებებსა და მოვალეობებს. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ერთობლივი თანაცხოვრების პერიოდში შეიძინეთ საკუთრება, გაცილებისას მისი გაყოფის წესებს არეგულირებს არა საოჯახო სამართალი, არამედ სანივთო სამართლის ის დანაწესები, რომლებიც თანასაკუთრებას ეხება.

სასამართლოს უფლება აქვს, იმ მეუღლეს, რომელმაც არ იცოდა და არც შეეძლო სცოდნოდა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის შესახებ (კეთილსინდისიერი მეუღლე), მიაკუთვნოს მეორე მეუღლისაგან სარჩოს მიღების უფლება, ხოლო ქორწინების ბათილად ცნობამდე შეძენილი ქონების გაყოფისას გამოიყენოს საოჯახო სამართლის შესაბამისი ნორმები. ქორწინების ბათილად ცნობა არ ხელყოფს ასეთი ქორწინების შედეგად დაბადებულ ბავშვთა უფლებებს.

არავის შეუძლია მიუთითოს ქორწინების ბათილობაზე, თუ ქორწინება სასამართლოს მიერ არ იქნა ასეთად ცნობილი.

დაუშვებელია ქორწინების გაბათილება ორივე მეუღლის გარდაცვალების შემდეგ.

ის პირები, რომელთა ქორწინებაც გაბათილდა, შეიძლება ხელახლა დაქორწინდნენ საერთო წესით, თუკი აღარ იქნება ის საფუძველი, რომლის გამოც ქორწინება გაბათილდა.

1 კომენტარი to this post
  1. კარგი სტატიაა მაგრამ ფილმზე შეგეშალათ, ქალის კი არა კაცის დეპორტირება ხდება

შენ რას იტყვი?