გაინტერესებს, რომელია ჯდომის ყველაზე მამაკაცური მანერა და რა იმალება ამის მიღმა? ან რატომ იჩეჩავს თმას ასე ხშირად? მაშინ ეს სტატია შენთვისაა.

თითები თმაში

ჩიტები პოტენციური პარტნიორის მოსახიბლად ბუმბულს ისუფთავებენ, იპრიალებენ და ილამაზებენ ხოლმე. დაახლოებით იგივე რამ ხდება აქაც: როგორც ქალები, ისე მამაკაცებიც ცდილობენ სასურველი ადამიანის ყურადღება მიიქციონ. ამიტომაც, თუ ამას შენი თანდასწრებით საკმაოდ ხშირად აკეთებს, ეს იმის ნიშანია, რომ ის დაინტერესებულია შენით. თუ ამავდროულად თავს  წინ ხრის და იღიმება, ე.ი. უნდა, რომ თავი მოგაწონოს.

იმ შემთხვევაში კი, როცა თმას მაშინ ისწორებს, როცა გიახლოვდება ან შენ გხედავს მისკენ მიმავალს, ე.ი. არაა თავისი გარეგნობით ბოლომდე კმაყოფილი და შენს რეაქციაზე ღელავს. ამის გამოსწორება და ღელვის გაქარწყლება რამდენიმე მსუბუქი კომპლიმენტით სრულიად შესაძლებელია. აგრძნობინე, რომ მის მიერ “ბუმბულის სწორებას” ამაოდ არ ჩაუვლია. ამით მისი თავდაჯერებულობა გაიზრდება და საუბარიც უფრო თამამი და ძალდაუტანებელი იქნება.

საუბრისას წარბებს  მაღლა წევს

აქ ყველაფერი კონტექსტზეა დამოკიდებული. ეს ჟესტი შეიძლება გაკვირვების, სკეპტიციზმის, შეხვედრით გამოწვეული სიხარულის და სხვა კიდევ მრავალი ემოციის გამომხატველი იყოს. ეს შეიძლება იმის ნიშანიც იყოს, რომ მას ძალიან მოეწონე: წარბების სწრაფი მოძრაობით აწევა-დაწევა და თანმხლები ღიმილი ამის უტყუარი ნიშანია. ჩვენ ინსტინქტურად ვწევთ წარბებს მაღლა, რათა თვალთახედვის მაქსიმალურ არეალს მივაღწიოთ და ჩვენს წინ მჯდარ პიროვნებაში არაფერი გამოგვეპაროს.

ცმუკავს, ერთ ადგილას ვერ ისვენებს.

რაღაც ისე არაა, როგორც უნდა იყოს და მას უნდა რომ მალე დაამთავროს ეს უსიამოვნო საუბარი, ან  დააღწიოს  სიტუაციას თავი და გაეცალოს აქაურობას.

ფეხები განზე

სხეულის ენის ერთ-ერთი ყველაზე მამაკაცური „ფრაზა“ –  ჯდომა ფეხებით განზე:  „ჰეი, შენ, შემომხედე, მე ალფა მამრი ვარ“. (ალფა  ხროვის ყველაზე ძლიერი, ლიდერი მამრია, მას ხროვაში შემავალი ყველა წევრი უსიტყვოდ ემორჩილება). ის მთელი თავისი “ღირსებებითაა” შენს წინაშე „გადაშლილი“ და საკუთარ თავს გთავაზობს. შეემზადე, ის ურთიერთობებშიც შეასრულებს ალფა მამრის როლს. ასეთი ადამიანები ხშირად  გამბედავები, პირდაპირები და თავდაჯერებულებიც არიან.

საუბრისას წინ და უკან ქანაობს

ფსიქოლოგების  აზრით, საუბრისას წინ-უკან-წინ მოძრაობა დედის მიერ ჩვილობის ასაკში ბავშვის დარწევის იმიტირებაა. ასე ადამიანი ცდილობს არასასურველ, უცხო და მტრულ გარემოში კომფორტის შეიქმნას და თავი უსაფრთხოდ იგრძნოს. თუმცა ჩანთის აღებას და უკანმოუხედავად გაქცევას მაინცადამაინც ნუ იჩქარებ. თუ ამ პროცესში მთელი სხეულია ჩართული და ფეხის წვერებზეც კი იწევა, ე.ი. ის ძალიან ბედნიერი და აღტაცებულია.

დააკვირდი და თუ ტერფები მყარად დგას მიწაზე,  კარგად დაფიქრდი, რატომ ცდილობს ის ასე მონდომებით საკუთარი თავის ირგვლივ კომფორტის შექმნას?  იქნებ იმიტომ, რომ ზუსტად ახლა გადაწყვიტე დაშორების სავარაუდო  პერსპექტივებზე დაელაპარაკო? ფეხზე დგომისას წინ და უკან რწევა ეგრეთწოდებული „განზრახვის მოძრაობაა“. ერთი მხრივ, ლაპარაკის დროს ის შენს გვერდით რჩება და მეორე მხრივ, საუბარს რწევის მეშვეობით „გაურბის“.  სხეული მექანიკურად აკეთებს იმას, რაც მის გონებას იმ მომენტში ყველაზე მეტად სურს.

მესამე ვარიანტიც გვაქვს: – მან, უბრალოდ, ცოტა ზედმეტი სასმელი დალია.