Home ურთიერთობები

[დასაწყისი]

მერვე კლასში საცხოვრებლად ბათუმიდან თბილისში გადმოვედი. ახალი კლასელების ყურადღების ცენტრში სწრაფად მოვექეცი – უკმეხად გამოვთქვამდი საკუთარ მოსაზრებებს და მეცვა მინიმალური სიგრძის შორტები. დასვენებებზე კი აბსტრაქციებს ვხატავდი, მათთან დაახლოების ნაცვლად. იდუმალების საბურველი ყოველთვის ინტერესს იწვევს, განსაკუთრებით კლასის „ყოჩებში“. ბიჭებისთვის „ყოჩის“ სიტყვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, გოგონებმა კი „იციან“ – ამ ოდნავ უხეში და ცინიკური ტონის მიღმა ნამდვილი რომანტიკოსი იმალება!

ჩვენს კლასში გუგა იყო გამორჩეული. ის, ვინც ყველა კაი ბიჭს ძმობდა და პატრონობდა. ის, ვინც ბას–გიტარას აჟღარუნებდა. ის, ვინც ყველა კითხვაზე პოულობდა პასუხს. და ა.შ.

მე ორი რამ მომწონდა მასში – მაისურები და ფარული გატაცება ლიტერატურით.

ჩვენი ფანჯრები ერთმანეთს უყურებდა. ამიტომ, ჩემ გარდა არავინ იცოდა, რომ ეს „ზარმაცი, მაგრამ უზომოდ ნიჭიერი“ მოსწავლე საკუთარ ოთახში გამოკეტილი გათენებამდე კითხულობდა თომას მანსა თუ ხულიო კორტასარს…

 

–        მეც მომწონდა რაღაცები შენში, ჰაჰ! – მისი ხმა წერას მაწყვეტინებს. სკამს უკან ჩამომდგარა და მიყურებს, როგორ ვწერ,– მეამბოხე ხასიათი და სპილენძისფერი თმა.

გუგა სამზარეულოში გადის, სავარაუდოდ, რამდენიმე წუთის შემდეგ ხანძარი გაჩნდება.

 

კლასიკური ისტორია – მე და გუგა საუკეთესო მეგობრებად ვიქეცით და მეათე კლასში  ერთოთახიან ბინაში დავიწყეთ ცხოვრება (გუგას დედის ხარჯზე). ამჟამად მოზრდილ ბინაში ვცხოვრობთ და საჭიროება აღარ არსებობს ჩვენი საწოლები გვერდიგვერდ იდგეს.

–        თმას გადავიპარსავ, – მის მოზრდილ თმას დანანებით შევავლე თვალი, – ღამით შენმა ახალმა ბიჭმა დარეკა.

–        თორნიკემ?

–        ვინცაა, რაჰ..

რამდენიმე საათის შემდეგ თორნიკემ ისევ დარეკა და მასთან შესახვედრად გავედი MC-ში. უკმეხ განწყობაზე იყო, ფრის და ბიგ მაკს ისე მოუღო ბოლო, არც ხმა ამოუღია, არც ჩემთვის შემოუხედავს.

საათს რამდენჯერმე დავხედე, 6–ზე „ეფექტური კომუნიკაციის“ ტრენინგი მეწყებოდა.

–        სახლში მიგეჩქარება, მეორე პაემანზე?

გუგაზე… ჰოო… ჯობდა ჩუმად ყოფილიყო.

პლაში მოვიცვი და უსიტყვოდ გამოვედი.

 

რატომ აღიზიანებთ ჩემს მეგობარ ბიჭებს გუგა? ყოველი მათგანი პირდაპირ ან არაპირდაპირ გამოხატავს ამას.

ალბათ ფიქრობენ რომ ჩვენ შორის რაღაც სხვა ხდება.

ან მოხდება.

ტრენინგზე ფიქრები გამექცა. ზურგჩანთიდან ფანქრები და საბავშვო გასაფერადებლები  ამოვიღე.

კარგი იქნებოდა ფერადი საღებავები რომ გვეყიდა, მეზობლებისგან კიბე გვეთხოვებინა, ავეჯი დროებით გაგვეტანა ოთახიდან, ჭერზე კონტურები მოგვეხაზა და  გაგვეფერადებინა…

მობილურს დავხედე. არც ერთი სმს მისგან არ იყო.

ვერავის ვკითხავდი, როგორ იქცევიან ანალოგიურ სიტუაციაში. განა თბილისში ბევრი სხვადასხვა სქესის მეგობარი ცხოვრობს საერთო ჭერქვეშ?

თუმცა რჩევები შეეძლოთ მოეცათ:

„შეეცადე აუხსნა“, ან „ნუ ეცდები აუხსნა, ეცადე დაახლოო“, ან  „ნუ ეცდები დაახლოო, ეცადე შეაგუო“, ან…

 

მეოთხე დილით თვითონ დამირეკა. ბათუმიდან დავბრუნდიო. აღარც მახსოვდა, რომ წასვლას აპირებდა.

–        არ გინდა ოთახის შეღებვაში მომეხმარო? იცი რა… ჩავიცვამ და…

სამივე ერთად წავედით. საღებავები ვიყიდეთ. მეზობლისგან კიბე რომ ამოჰქონდათ, თორნიკე ჯერ კიდევ დაძაბული იყო.

–        მინდა კედელზე ჟირაფი დავხატოთ, ჭერზე კი….

კონტურები თორნიკემ და გუგამ  მოხაზეს. მე ბრძანებებს გავცემდი. მოვითხოვე ორი მზე, ზღვა და სანაპირო, სადაც ბავშვები ქვიშის სასახლეებს აგებდნენ, თვალუწვდენელი ნატვრის ხეები, ჩიტები, კოსმოსური ხომალდები და უცხოპლანეტელები… როდესაც სამივემ ფუნჯები მოვიმარჯვეთ, მომეჩვენა, რომ ძალიან ვგავდივთ უკუღმართ ბავშვებს და სიცილი წამსკდა. ისინიც იცინოდნენ.

გვიან ღამით ჩემი ოთახი ყველა ბავშვისთვის შესაშურად იქცა. ავეჯი უკან დავაბრუნეთ, ჩემი გავიტანე და „საუზმე ტიფანისთან“ სამივემ ერთად ვნახეთ. დილით თორნიკე სახლში დასაბრუნებლად მოემზადა, სამსახურში უნდა გაევლო და მივლინებით ისევ ბათუმში წასულიყო. ვაკოცე და თვალი გავაყოლე როგორ ჩადიოდა კიბეებზე.

ამ დროს მივხვდი, რა არ მოწონდათ ჩემს მეგობარ ბიჭებს.

ისინი ყოველთვის მიდიოდნენ, გუგა ყოველთვის რჩებოდა.

[გაგრძელება იქნება…]

შენ რას იტყვი?