Home ურთიერთობები

დილით გუგამ სმს მიიღო. ეკრანს დავხედე, სახელი “თეო” ციმციმებდა. მეჩქარებოდა, მხოლოდ გავძახე, მობილურს დახედე–მეთქი. კიბეებზე მოვიხვიე კაშნე და სადარბაზოდან გაჩერებამდე მივირბინე.

პირველი დღე იყო სამსახურში და მიუხედავად იმისა, რომ მზადება ადრიანად დავიწყე, მაგვიანდებოდა.

– ამ ქუჩაზე ხომ ტაქსიც არ ჩაივლის! – ბოძს გაბრაზებით წავკარი ფეხი და ფეხსაცმელი გავიფუჭე.

სამსახურში ცუდი განწყობით, თუმცა დროულად მივედი. დღემ ნორმალურად ჩაიარა. ერთი ნაცნობი გამოვჩხრიკე, რამდენიმე გავიცანი, საქმე გავაკეთე და უკან დავბრუნდი. სამზარეულოდან სიცილი შემომესმა, მივხვდი, თეო იყო. რატომღაც ტანში გამცრა. შევედი, მივესალმე, მომიკითხა, გავუღიმე, ჩაი მოვიმზადე, ჩამოვჯექი, თვალები გუგას მივაბჯინე.

“შევრიგდით!” – მისი პოზა, მიმიკა, მზერა, ყველაფერი ამას ზეიმობდა!

– როდის დაბრუნდი, თეო. – ვიკითხე და ახლა სარკმელს გავხედე. ბოლო დროს წვიმდა, დაუსრულებლად წვიმდა.

ჩემს ცხოვრებაში ზღაპარი დაიწყო

შემდგომი ათი წუთის მანძილზე ვისმენდი ამბებს ამსტერდამზე, რომელიც დაგვირგვინდა ფრაზით: “როგორც კი გუგას ვიზას დაუმტკიცებენ”…  გაირკვა, რომ გუგამ დაიკიდა უნივერსიტეტი, სამსახური, მეგობრები, სხვა ყველაფერი და რამდენიმე საათში გადაწყვიტა, ახლა ამსტერდამში გაკიდებოდა თეოს.

მეორე დილით, სამსახურში, ყური მოვკარი, როგორ აუხსნა ჩემს თანამშრომელ მარიკას ვინმე ლაშამ სიყვარული მოკლე ტექსტური შეტყობინებით.

საკუთარ მობილურს დავხედე. ნეტავ რამდენი რამ შეიძლება თქვა ერთი SMS–ით?

გამარჯობა, მე ლაურა ვარ. რეკლამაში თქვენ უნდა თქვათ, რომ უახლოესმა მეგობარმა დამიკიდა. გავჭედე. ოფისიდან გამოვედი და პარკში ჩამოვჯექი. არა და, წვიმდა. საშინლად წვიმდა.

– იქნებ საკუთარ მერხს დაუბრუნდეთ, ქალიშვილო! – ბიჭი აეყუდა ჩემ წინ.

მეგონა, ხუმრობდა. განა შეიძლება, გოგონას, რომელიც  თავსხმა წვიმაში ზის, უსაყვედურო და სამსახურში მიაბრუნო? ასეც მოიქცა. რამდენიმე წუთის შემდეგ, უკვე საკუთარ მაგიდასთან ვიდექი  და ისევ გაკვირვებით შევცქეროდი ბიჭს, რომელიც უპასუხისმგებლობის გამო მლანძღავდა! დაახლოებით ათი ადამიანი უტიფრად შემოგვცქეროდა. მოვიბუზე. ჩამოვჯექი. გავიდა. საათს შევხედე. ოცი წუთის შემდეგ სრულდებოდა სამუშაო დღე.

სახლი ცარიელი დამხვდა.

* * *

დილით სამსახურში არ წავსულვარ. არც ერთ ზარს არ ვუპასუხე.

საღამოს კარს ვიღაც მოადგა.

– საღამო მშვიდობისა, – თქვა და დაუკითხავად შემოვიდა სახლში, – დღეს გააცდინეთ, ზარებს არ პასუხობთ. ეს მიხაკებია.

გამომეტყველება არ შემცვლია, სამზარეულოსკენ წავედი. უკან გამომყვა. თაროდან თვითონ ჩამოიღო ლარნაკი. ყვავილები, რომლებიც ზაფხულში მოვაგროვე ბაკურიანის მინდვრებში და გავახმე, ნაგვის ურნაში გადაყარა. ლარნაკი წყლით აავსო და მიხაკები მასში მოათავსა.

– თქვენი ლარნაკი ცოცხალ ყვავილებს იმსახურებს.

ისევ არ შემცვლია გამომეტყველება. გამიკვირდა, ნუთუ წინა დღითაც თქვენობით მომმართავდა?!

– მე თომა ვარ.  ტექნიკურ განყოფილებაში ვმუშაობ, ჩემს ფუნქციებში მხოლოდ იმ თანამშრომლების კონტროლი შედის, რომლებიც მამაკაცებს ჭკუას აკარგვინებენ. არის თქვენს მაცივარში რძე თუ ისევ დასასველებლად გამწირავთ?

– არის.

გამოაღო. მუყაოს კოლოფს დასწვდა. აადუღა. ფინჯნებში ჩამოასხა.

– ხატვა გიყვართ? – ღიმილით გახედა გასაფერადებელ სურათებს.

– მხოლოდ გაფერადება. – ვიცრუე.

– კიდევ რა გიყვართ?

– არ ვიცი. მგონი თეთრი მიხაკები…

– ოცნებობთ რამეზე?

– ჟირაფზე. ჟირაფი მინდა მყავდეს.

– გსურთ რამე?

– ალბათ ბამბის ნაყინი.

– რა გაინტერესებთ?

– რა შეიძლება დაიტიოს 160–მა სიმბოლომ.

საუბარი რამდენიმე საათს გაგრძელდა. კითხვებს მხოლოდ ის სვამდა, მე კონკრეტულ პასუხებს ვცემდი. 10 გახდა. მომიბოდიშა თომამ, გვიანობამდე შემოვრჩიო და დამტოვა.

დავიძინე. სიზმრებში დააბიჯებდნენ ჟირაფები, რომლებსაც მე და გუგა ერთად ვმწყემსავდით. გამომეღვიძა, გუგასთან დავრეკე, არ მიპასუხა. სმს დამხვდა.

“სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ”.

თენდებოდა უკვე.

8 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?