რიგი მიზეზების გამო, ადამიანებს უწევთ  ქალაქის/ქვეყნის დატოვება.  ხშირად, მიზეზები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ საყვარელი ადამიანისგან შორს ცხოვრების საჭიროება ჩნდება.

ეს საკმაოდ რთული ეტაპია, რადგან ურთიერთობა იშვიათდება, დიდი მანძილით დაშორება და პირდაპირი კონტაქტის არ არსებობა ქმნის პრობლემებს და  ხშირად ამ ურთიერთობას ანგრევს.  ჩვენ ყოველდღიურად ვვითარდებით, ვიცვლებით, გარდა ამისა ვმოქმედებთ – ვმუშაობთ, ვსწავლობთ, ვერთობით, ურთიერთობა გვაქვს საზოგადოებასთან. როცა ეს ყველაფერი წყვილის შემთხვევაში დამოუკიდებლად ხდება, სხვადასხვა სივრცეში, ყველაფერი ირევა და ჩნდება ბზარი – გადაჩვევა, ახალი ადამიანების გამოჩენა თითოეულის ცხოვრებაში.

რეალურია შორ მანძილზე ურთიერთობის გადარჩენა?

7688fb92f1b2951168d3c8dc56583249_large (1)

ვფიქრობ, ეს რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული:

  • რამდენად ძვირფასია წყვილისთვის ეს ურთიერთობა (განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორივეს ემოცია ემთხვეოდეს);
  • რამდენად ხანგრძლივია დაშორება;
  • ორი სივრცე, რომელშიც ეს ორი ადამიანი დროს ატარებს

შემამსუბუქებელი გარემოება!

ეს საკითხი გაცილებით მწვავე იქნებოდა წარსულში. ჩვენს რეალობაში კომუნიკაციის იმდენად ბევრი საშუალებაა, რომ მათი სასარგებლოდ გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა შორ მანძილიანმა ურთიერთობამ უმტკივნეულოდ ჩაიაროს და საბოლოოდ ისევ ერთად ყოფნით დასრულდეს.

ურთიერთობის შენარჩუნება, როცა მანძილი გაშორებთ:

1. ჩამოყალიბდი და შეაფასე ურთიერთობა მასთან ერთად.

დაფიქრდი, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ადამიანი შენთვის და რა გეგმები გაქვს მასთან დაკავშირებით სამომავლოდ. აუცილებლად დაელაპარაკე და მოისმინე მისი აზრიც.  ჯობს საცხოვრებელი ადგილის შეცვლისასვე გქონდეთ განსაზღვრული ერთმანეთის მნიშვნელობა, რომ მერე ცალ-ცალკე ყოფნისას უმიზეზოდ არ მოგიწიოთ რაღაცებზე უარის თქმა. ეს საუბარი სავარაუდოდ ოდნავ უხერხული იქნება, მაგრამ საჭიროა დააზუსტოთ გეგმები და იდეები, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებით გაქვთ.

2. გააკეთე მასთან ერთად.

ურთიერთობა, რომელიც მხოლოდ სატელეფონო ზარებს გულისხმობს, დროთა განმავლობაში მოსაწყენი და უაზრო ხდება. ამიტომ კარგი იქნება, თუ გააკეთებთ რამეს სინქრონში, მართალია სხვადასხვა სივრცეში, მაგრამ “ერთად” – მაგალითად, შეგიძლიათ უყუროთ ფილმს, გადაცემას. გარდა იმისა, რომ ამით საერთო განწყობა შეიქმნება, გაჩნდება ახალი სასაუბრო თემა.

3. გამოიყენე ტექნოლოგიები.

სკაიპის ვიდეო ზარი, მოკლე ტექსტური შეტყობინებები და იმეილი – ამ ტიპის კავშირი მნიშვნელოვანია, რადგან აახლოვებს ყოველდღიურობას, ამცირებს ბარიერს.

4. კომუნიკაცია დღეში რამდენჯერმე.

არ არის აუცილებელი, რომ ეს გრძელვადიანი ჩატი ან სატელეფონო საუბარი იყოს. უბრალოდ იკონტაქტე მასთან. მაგალითად – გაუგზავნე ფოტო, მიწერე რამე მოკლე და მისგანაც წამოვა ანალოგიური ქმედება.

5. ისარგებლე უპირატესობებით.

იმისთვის, რომ მისი არყოფნა დისკომფორტს არ გიქმნიდეს, შეეცადე მეტი დრო დაუთმო შენს თავს და მეგობრებს. დრო, რომელიც მასთან უნდა გაგეტარებინა, ახლა შეგიძლია გარეგნობაზე ზრუნვას, ახალი ინტერესების შეძენას, საყვარელ ადამიანებს დაუთმო. ამ გზით, შენ შეძლებ თავიდან აიცილო შესაძლო სტრესი.  გარდა ამისა, არის მეორე უპირატესობაც – მანძილი იწვევს საყვარელი ადამიანის უკმარისობას, რაც შემდეგ ერთად ყოფნისას ბევრად უფრო სასიამოვნოა, ვიდრე ერთად ცხოვრებისას განვლილი იმდენივე პერიოდი (იფიქრე იმ მომენტზე, როცა ისევ ერთად იქნებით, შეხედე ამას დადებითად).

6. ყურადღება გაამახვილე საერთო ინტერესებზე.

ალბათ იქნება ისეთი წიგნი, ფილმი, თამაში, რომელიც ორივეს მოგწონთ/გეგმავთ ყურებას, წაკითხვას და ა.შ – აუცილებლად გაუზიარეთ ერთმანეთს ემოციები, განიხილეთ, შეაფასეთ ერთად. გარდა ამისა, შეგიძლიათ მარტივად საყვარელი რამეების მოფიქრება – მაგალითად, დააყენეთ ორივემ მაღვიძარა ისე, რომ საათობრივი სხვაობის მიუხედავად თქვენი მაღვიძარები ერთ დროს აწკრიალდეს, ორივეს შეგახსენებთ ერთმანეთის შესახებ და თან გეცოდინება, რომ იმ მომენტში, ისიც შენზე ფიქრობს.

7. თავი აარიდე კონტროლს.

მანძილი თავისთავად ბადებს ეჭვიანობის დამატებით დოზას. შეეცადე ამ გრძნობამ დიდი გავლენა არ იქონიოს შენზე და არ დაიწყო მისი კონტროლი, რადგან ეს გამოიწვევს დისკომფორტს. არ დაგავიწყდეს, რომ სადაც არ უნდა იყოს შენი პარტნიორი, შენს საწოლში დაიძინებს თუ 3000 მილის დაშორებით, ეს ურთიერთობა ორივე თქვენგანის ნებით ხდება,  იმ შემთხვევაში, თუ რომელიმეს ცხოვრებაში სხვა უფრო მნიშვნელოვანი ადამიანი გაჩნდება, ეს ურთიერთობა ისედაც დაინგრევა – ასე რომ, კონტროლისა და გრაფიკის გაცნობა ვერაფერს შეცვლის.

8. შეეჯიბრე მას, ითამაშე მასთან ერთად.

აქ იგულისხმება ერთი და იმავე აქტივობის განხორციელება. მაგალითად, შეეჯიბრე მას რაიმე საჭმელის გაკეთებაში ( ამზადებთ საჭმელს და უზიარებთ ერთმანეთს როგორი გამოვიდა). შეგიძლია დაიწყო ვარჯიში მასთან ერთად და შემდეგ გაუზიარო/გაგიზიაროს გამოცდილება. დაკავდით ერთი და იმავე სპორტით. ეს ყველაფერი მრავალფეროვნებას შემოიტანს ურთიერთობაში.

9. ესაუბრე მომავალზე.

მასთან ერთად დაგეგმე, იფანტაზიორე და იოცნებე იმ მომენტზე, როცა ისევ ერთად იქნებით. ეს დამატებითი მოტივაციაა ურთიერთობისთვის.

10. იყავი პოზიტიური.

არაფერი იმოქმედებს ურთიერთობაზე ნეგატივზე ცუდად. იყავი პოზიტიური, შეეცადე მასშიც შეუწყო პოზიტივის შენარჩუნებას, იქონიე უკეთესის იმედი, გაიხსენე მასთან გატარებული სასიამოვნო მომენტები და იფიქრე იმაზე, რომ მომავალი კიდევ უფრო სასიამოვნო იქნება, იფიქრე იმაზე, რომ ეს სიშორე სამომავლოდ დადებით შედეგებს მოიტანს და გააძლიერებს თქვენს ურთიერთობას.

როცა მანძილის ფაქტორი აღარ იარსებებს… ❤

ყველაზე სასიამოვნო ის მომენტია, როცა ხანგრძლივი სიშორის შემდეგ საყვარელ ადამიანთან სიახლოვის საშუალება გეძლევა.  ხედავ, ეხები, ეფერები, ახლოს გყავს და ეს ყველაფერი ძალიან გსიამოვნებს ვირტუალური/ილუზიური სიახლოვის შემდეგ.

ფსიქოლოგების დაკვირვებით, ის წყვილები, რომლებიც ხანგრძლივი დაშორების შემდეგ ერთმანეთს ხვდებიან, მცირე დროში ინაზღაურებენ იმ ბედნიერებას, რომელსაც ერთად მცხოვრები წყვილები წლის მანძილზე განიცდიან.

ასე რომ, თუ მზად ხარ იბრძოლო ამ ურთიერთობისთვის ბოლომდე, თუ შენი პარტნიორისგანაც იგივეს გრძნობ, მოემზადე სასიამოვნო მომენტებისთვის და მანამდე, გამოიყენე დრო იმისთვის, რომ გახდე კიდევ უფრო მიმზიდველი! :)