ხანდახან ძალიან ვიღლები. ვზივარ თბილ ოთახში მარტო, ბევრი საქაღალდეებით გაძეძგილ პატარა ოთახში, უბრალოდ მარტო. მარტო, ჩემს აზრებთან. მე ხომ ასეთი ვარ, აქ კი არა, წვეულებაზეც შეიძლება თავი მარტო ვიგრძნო.  ძალიან მარტოსული ვარ და თითქოს მივეჩვიე კიდეც ამ ამბავს და წესით არც უნდა ვწუწუნებდე, მაგრამ მაინც…

სკოლაში ერთი ბიჭი მომწონდა.  უფრო სწორად, მიყვარდა, თუმცა ამაში საკუთარ თავსაც კი ვერ ვუტყდებოდი. მაშინ ვერ ვხვდებოდი, რა მომწონდა მასში ასე ძალიან, რა მიზიდავდა ამ ადამიანში. დღეს კი უკვე ვიცი. ეს ის თავისუფლების შეგრძნება იყო, მისგან ასე უხვად რომ იფრქვეოდა. მის გვერდით მეც  თავისუფალი მეგონა თავი. მეცნიერები ამბობენ, რომ  “პრინცესებს ყოველთვის ხულიგნები უყვარდებათ”. მე ხომ მაშინ პრინცესა ვიყავი, იმიტომ კი არა, რომ ყველაზე ლამაზი და სასურველი ვიყავი. არა, ყველაზე მოწესრიგებული, წყნარი, მორიდებული, ზრდილობიანი, ასე თუ ისე, ჭკვიანი ნამდვილად ვიყავი და სწორედ ამიტომ მომწონდა ადამიანი, რომელიც ჩემგან ყველანაირად განსხვავდებოდა. იყო მხიარული, თავხედი, ყოველთვის ამბობდა თავის სათქმელს, არავის და არაფერს უშინდებოდა, უკრავდა, მღეროდა, ხატავდა, მოკლედ, ნამდვილი შემოქმედი იყო. თუ ამ ყველაფერს მის ქერა თმებს, ლამაზ თვალებს და ათლეტურ აღნაგობას დავუმატებთ არცაა გასაკვირი რომ თავიდან მისით აღფრთოვანდი და მოვიხიბლე, ბოლოს კი შემიყვარდა. მე ხომ შინაგანად ყოველთვის მინდოდა ასეთი თავისუფალი ვყოფილიყავი. გარეგნულად ასეთი დავარცხნილი და თავზე ბაფთა შებმული, გაუთოვებული ტანსაცმლით იმას ვნატრობდი, რომ ჩემი შინაგანი ამბოხი გარეთ გამომეშვა. ამიტომ ეზოში ყოველთვის ბიჭებთან ვთამაშობდი, ვჩხუბობდი, დავძვრებოდი ხეებზე, არასოდეს მიზიდავდა გაპრანჭვა და ვინმესთვის თავის მოწონება, მაგრამ სკოლაში ისევ ისეთი ვიყავი,  ჩუმი და მოწესრიგებული.

არეული

სკოლის დამთავრება ჩემთვის ნამდვილი შოკი იყო. იმიტომ კი არა, რომ სკოლაში სიარული და სწავლა მიყვარდა, ვხვდებოდი, რომ მას ვეღარ ვნახავდი და დაველაპარაკებოდი ასე ხშირად და გული მიკვდებოდა. ყველას გასაკვირად, “ბოლო ზარზე” ყველაზე მხიარული და ბედნიერი ვიყავი, რაც ფრიადოსან და მოწესრიგებულ გოგოს არ შემეფერებოდა მაშინ, როცა ისინიც კი ტიროდნენ, ვისაც სკოლაში სიარული მთელი 11 წლის მანძილზე ჭირის დღესავით სძულდათ და მეორე გაკვეთილზე მოსულები მესამის დაწყებამდე იპარებოდნენ. მე სახლში ვიჯერე გული ტირილით და ეს სულ სხვა რამეს დავაბრალე.

მეორე შოკი სკოლის დამთავრებიდან რამოდენიმე წელიწადში გადავიტანე, როცა ერთ აღდგომა დღეს მეგობართან გასულს ქუჩაში ჩემი ძველი ნაცნობი შემხვდა, იმ ბიჭთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა. მოვიკითხეთ ერთმანეთი, ძველი დრო გავიხსენეთ, ცოტა ნასვამი იყო და ალბათ ამით გათამამებულმა მითხრა როგორი კარგი გოგო ხარ, ამიტომაც მომწონდი სკოლაში რომ სწავლობდი, მაშინო, თან გამიცინა, მეც გამეცინა და ვუთხარი, აქამდე გეთქვა, იქნებ თვითშეფასება მომმატებოდა თქო.  მაგას როგორ გავბედავდი, როცა მთელმა ბიჭებმა ვიცოდით რომ “იმას” უყვარდიო. კინაღამ იქვე წამივიდა გული როცა “იმის” სახელი ახსენა ვინც მე თვითონ ამდენი წელი მიყვარდა. კიდევ მომინდა მეტის გაგება და რაღაცეების გამოკითხვა დავუწყე, მაგრამ მან პირში წყალი ჩაიგუბა, ისედაც ბევრი წამოვროშე, დიდი ბოდიში, ეგ არ უნდა მეთქვა შენთვისო.

მას მერე უცნაური შეგრძნებით დავდივარ. საკუთარ თავს თითქოს ცხრალკიტულის უკან ვამწყვდევ, შემდეგ გამოღწევას ვცდილობ და ამ კლიტეებს სათითაოდ ვტეხავ.  ბოლო კართან მისული უღონოდ უკანვე ვბრუნდები სიმარტოვეში.

თითქოს ჩემი თავი სქელკანიან ნაჭუჭში მყავს გამოკეტილი და მერე ვდარაჯობ ცხრათავიანი დრაკონივით, სრულ სიბნელეში. ნაპრალიც კი არ არის, რომ სინათლის სხივი შემომივიდეს და ასეც მირჩევნია.

არეული

მას მერე ვცდილობ “ის” დავივიწყო. ვიცი, რომ თავისი ცხოვრება აქვს. ხანდახან იმასაც კი ვფიქრობ, რომ ასე სჯობდა , რომ ჩვენი ურთიერთობა არ შედგა, არც კი დაწყებულა. მას თავისი საქმე აქვს, რომელიც უყვარს. მე კი ჩემი თავი ჯერაც ვერ მიპოვია და ერთ ადგილას გაჩერება არ შემიძლია. ის ისევ ზედმეტად თავისუფალია, მე ჩემს ამბოხს მოზომილად  ვუშვებ გარეთ, მას ცოლი ყავს, მე კი ყველას თავიდან ვიცილებ. მან უკვე მეორე ცოლი მოიყვანა და მე კი ვცდილობ მასზე საერთოდ არ ვიფიქრო.

შეიძლება წელიწადი ისე გავიდეს, რომ მე “ის” საერთოდ არ დავინახო,  მის შესახებ ვერაფერი, ვერ გავიგო, მიუხედავად იმისა, რომ ერთ ქალაქში ვცხოვრობთ,  გვერდი-გვერდ უბნებში . ამ დროს მგონია, რომ დავივიწყე, “ის” კი ყოველთვის ამ დროს გამოჩნდება ხოლმე, ძლიერი, კეთილი, მეგობრული, მხიარული. მოვა და როგორც პატარა ბავშვს, ისე დამელაპარაკება, თმებს ამიწეწავს და ისე გამიღიმებს, მგონია მზე ანათებს, ქვეყანა მასთან ერთად იცინის და არ შემიძლია მის გვერდით მოწყენილი ვიყო. წავა და  აფორიაქებულ სულს (ვიცი ფიქრობ რა ბანალურიაო) და მასზე ფიქრებს  მიტოვებს. ვხვდები, რომ საკუთარი თავის დარწმუნება იმაში, რომ “მასზე” აღარ ვფიქრობ, სისულელეა.  მასზე ფიქრი და ოცნება ისე მჭირდება, როგორც ჰაერი და ვხვდები, რომ მასზე ისევე შეუმჩნევლად და გაუცნობიერებლად ვფიქრობ, როგორც ვსუნთქავ, ყველგან და ყოველთვის. მინდება, რომ შევიცვალო, უფრო უკეთესი გავხდე, ვცდილობ, ვწვალობ, ვაკეთებ, “ის” კი მოვა და მეტყვის – ისევ ისეთი ხარ- და მე მიხარია, რომ ისევ ისეთი ვარ და კარგია, რომ არ შევცვლილვარ. აუცილებლად ამჩნევს თმის ახალ ვარცხნილობას და სხვა სიახლეებს, მაგრამ მეუბნება “შენ ვერ შეიცვლები, ასეთი ყველაზე კარგი ხარ”.