Home ურთიერთობები

 

ჩვენს ქვეყანაში,  ამ დროებაშიც  კი ქორწინებამდე ცხოვრების დაწყება დიდ და უპატიებელ დანაშაულად ითვლება. როგორც წესი ჩვენი მშობლების თაობა მკაცრი დოგმებით აღზრდილ ქალიშვილებს  უნერგავენ, რომ სექსი ქორწინებამდე დანაშაულია.  ჩემი აზრით ამ მოძველებულ ტრადიციას მიუძღვის უდიდესი წვლილი თანამედროვე სტატისტიკაში სადაც ნაადრევი ქორწინების და განქორწინების სკალა საკმაოდ მაღალია.

რატომ თხოვდებიან გოგონები სკოლის მერხიდან?  ჩემს ირგვლივ ძალიან ბევრი ახალგაზრდა გოგონაა, რომელსაც ჰყავს მეგობარი ბიჭი , სწავლობს ან მუშაობს და საერთოდ არ მიილტვის დაქორწინებისკენ ადრეულ ასაკში. თუმცა ასეთი გოგონების რიცხვი საგანგაშოდ ცოტაა, ახალგაზრდებს ეშინიათ ბრძოლა საკუთარი უფლებებისთვის, საკუთარ დამოუკიდებლობას სწირავენ და ძალიან ახალგაზრდანი და გამოუცდელნი ეშვებიან ცხოვრების მორევში. რასაკვირველია მძიმეა როდესაც სულ რაღაც 18 წლის ხარ და თანატოლებისგან განსხვავებით ოჯახის ან შვილის მოვლა გიწევს, ბევრი ახალგაზრდა ვერ უმკლავდება მოჭარბებულ მოვალეობებს და  საერთოდ ანებებს სწავლას თავს.

shariah-law-violates-freedoms-e1462272331788

პრობლემას კიდევ ერთი კვანძი აქვს, საზოგადოება იმდენად აგრესიულადაა განწყობილი  თავისუფალი სექსუალური ცხოვრების მიმართ, რომ სამწუხაროდ უკვე ზრდასრულ ასაკში საქორწინო სამზადისის ერთ-ერთ შემადგენელ კომპონენტს ერთი პატარა პლასტიკური ოპერაცია წარმოადგენს, რომელსაც ქალიშვილობის აღდგენა ეწოდება და ქართველი პლასტიკური ქირურგების მთავარ შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. იმ ფსევდორეალობაში სადაც ჩვენ ვცხოვრობთ ქორწინება იწყება ტყუილით.   ცალსახად საგანგაშო ფაქტია, თუმცა დამნაშავე მხოლოდ გოგონებში არ უნდა ვეძიოთ. დამნაშავეა საზოგადოება, რომელსაც ამ შემთხვევაში აქტიური როლი უჭირავს ამ ძირგამომპალი ტრადიციების უკვდავყოფაში და ურთიერთობები, რომელიც წესით უნდა იყოს ძალიან ინტიმური, სინამდვილეში  საჯარო განხილვის საგნად არის ქცეული. უამრავი რეგისტრირებული ქორწინება, მხოლოდ ფარსია მეზობლების, ნათესავების და ახლობლების წინაშე, თავის გამართლება – რათა სექსუალური ცხოვრების დაწყება იყოს “ლეგალური” , ოფიციალური შტამპით გაფორმებული ანდაც ჯვრისწერით გამყარებული.

 

child-bride

ვფიქრობ ძალიან დროულია ახალი კანონპროექტის მიღებაც, რომელიც ამ კუთხით ვიმედოვნებ ოდნავ ნათელს შეიტანს ახალგაზრდების ცხოვრებაში. სამოქალაქო კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად 2017 წლის , იანვრიდან  ქორწინების ნებართვას 18 წლამდე ასაკის მოზარდებში მხოლოდ სასამართლო გასცემს.  იმედია ეს კანონპროექტი დაარეგულირებს იმ საგანგაშო სიტუაციას, რომელიც დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაშია. სტატისტიკის თანახმად საქართველოში არასრულწლოვანი გოგონების დაქორწინების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, არასრულწლოვანი დედების რიცხვი კი ყოველდღიურად იზრდება.

ალბათ კიდევ ბევრი წელი გაივლის სანამ ქვეყანა ამ ჭაობიდან საბოლოოდ ამოძვრება და ახალგაზრდებს ექნებათ თავისუფლად ამოსუნთქვის საშუალება.  ვისურვებდი რომ ყველა გოგონას საქართველოში ჰქონდეს ლაღად ცხოვრების პერსპექტივა, ისწავლონ, იმუშავონ და დატკბნენ ცხოვრების იმ ლამაზი პერიოდით რომელსაც ახალგაზრდობა ჰქვია.

 

შენ რას იტყვი?