Old_Compass

სექსუალური ორიენტაცია ფრიად საინტერესო საკითხია. ცხოვრობ ადამიანთან, გგონია იცნობ და უეცრად აღმოაჩენ, რომ ის ნამდვილი გასტროსექსუალია, რეტროსექსუალურობის აქცენტით. ვინ არის?! იკითხავ შენ და გადაშლი უცხო სიტყვათა ლექსიკონს.

მეტროსექსუალები

ოფიციალური ვერსია: მამაკაცები, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ გარეგნობას და ჩაცმულობას.

განმასხვავებელი ნიშან-თვისებები: ისინი არაჩვეულებრივად გამოიყურებიან, იყენებენ ნაოჭების საწინააღმდეგო კრემებს, სტუმრობენ სალონებს, იკეთებენ მანიკიურს და ეპილაციას, იცვამენ მოდის უკანასკნელი ტენდენციების შესაბამისად და თმას მხოლოდ პრეფესიონალ სტილისტებს ანდობენ.

სად შევხვდები: მილანში, ნიუ-იორკსა და პარიზში შოპინგზე ან სპორტულ კლუბში.

ეროგენული ზონები: ეგო. მიეალერსეთ და ის თქვენია!

აგრესიულად რეაგირებენ: ნუ დაეჭვდებით მათ ორიენტაციაში და „დააბრალებთ“ არატრადიციულობას.

კლასიკური წარმომადგენელი: დევიდ ბექჰემი

დევიდ ბექჰემი

საპიოსექსუალები

ოფიციალური ვერსია: ისინი, ვისაც ინტელექტის მაღალი დონე, ღრმა აზრები და ლაკონური საუბარი უფრო აღაგზნებთ, ვიდრე მაღალი ქუსლები, ღრმა დეკოლტე და მოკლე ქვედაბოლო.
განმასხვავებელი ნიშან-თვისებები: ირონიული დამოკიდებულება, მახვილგონივრული გამონათქვამები, კარგად ერკვევიან როგორც კვანტურ ფიზიკაში, ასევე კანტის ადრეულ ნაშრომებსა და პოსტმოდერნიზმში. კარგი წიგნისა თუ სიტყვიერი ბატალიებისგან შეუძლიათ ინტელექტუალური ორგაზმი განიცადონ. და რა თქმა უნდა, ატარებენ სათვალეს.
სად შეხვდები: სოციალურ ქსელში, სადაც ისინი ინტერესთა სფეროების მიხედვით ჯგუფდებიან, თანამედროვე ხელოვნების გამოფენებზე, ან არტჰაუსის ფილმის ფესტივალზე.
ეროგენული ზონა: ჰიპოთალამუსი და ტვინის სხვა ნაწილები.
აგრესიულად რეაგირებენ: ორთოგრაფიულ შეცდომებზე, ორგანულად ვერ იტანენ ადამიანებს, რომლებსაც ერევათ ეიზენჰაუერი და რიზენშნაუცერი.
ნათელი მაგალითი: პერსონაჟები შერლოკ ჰოლმსი, ექიმი ჰაუსი.

Dr. House

გასტროსექსუალები

ოფიციალური ვერსია: მამაკაცები, რომელებსაც უყვართ და შეუძლიათ ისე მოამზადონ ვახშამი, რომ საუზმეზე დარჩენაც კი მოგინდება.

განმასხვავებელი ნიშან-თვისებები: ახალგაზრდა (25-დან 44 წლამდე), ფინანსურად დამოუკიდებელი, თავისუფალ დროს მთლიანად კულინარიულ ჰობის უთმობს, ბევრს მოგზაურობს, ინტერესდება მსოფლიო სამზარეულოს რეცეპტებით, იცის, თუ რითი განსხვავდება ტარტარი ტარტ-ტატენისაგან, და ზეპირად ახსოვს პესტოსა და გუაკამოლეს რეცეპტები.

სად შეხვდები: კულინარიულ სკოლებსა და მასტერ-კლასებზე, სადმე პროვანსსა თუ ტოსკანაში.

ეროგენული ზონა: არა, კუჭი არა. ყველაზე მეტად მას აღაგზნებს ჯანსაღი მადა და კულინარიული შედევრების შეფასების მზაობა.

აგრესიულად რეაგირებენ: ტექსტებზე „რა გემრიელობაა!“, „ნერწყვები მომდის“ და „მაიონეზი დაამატე“.

თვალსაჩინო წარმომადგენელი: ჯეიმი ოლივერი

ჯეიმი ოლივერი

ვეგანსექსუალები

ოფიციალური ვერსია: ვეგანები (და ვეგეტარიანელები), რომლებიც უარყოფენ ყოველგვარ კავშირს ხორცის მჭამელ ადამიანებთან.

განმასხვავებელი ნიშან-თვისებები: დიდი ხანია და ნებაყოფლობით თქვეს ხორცსა და ხორცპროდუქტებზე უარი, არ ატარებენ ქურქს და ტყავის ტანსაცმელს თუ ფეხსაცმელს, მხარს უჭერენ სკანდალურად ცნობილ ორგანიზაციას PETA და ბევრს ფიქრობენ ეკოლოგიაზე.

სად შეხვდები: ვეგეტარიანული სამზარეულოს ფესტივალებსა და ქსელში, თემატურ საზოგადოებრივ ჯგუფებში.

ეროგენული ზონა: ცხვირი. ვეგანსექსუალები დარწმუნებული არიან, რომ ხორცის მჭამელ ადამიანებს სუნით განასხვავებენ.

აგრესიულად რეაგირებენ: სისხლიან ბიფშტექსსა და აგარაკზე მოწყობილ მწვადაობაზე.

თვალსაჩინო წარმომადგენელი: ამბობენ, რომ ჯარედ ლეტო ვეგანსექსუალების ერთ-ერთი წარმომადგენელია.

ჯარედ ლეტო

რეტროსექსუალები

ოფიციალური ვერსია: მამაკაცები, რომლებიც მეტროსექსუალების საწინააღმდეგო ტიპაჟებად მიიჩნევენ თავს.

განმასხვავებელი ნიშან-თვისებები: მოქუფრული და გაუპარსავია, უყვარს თევზაობა და ნადირობა, მოდას საერთოდ არ ადევნებს თვალს, იცის სად და რით დააჭედოს ლურსმანი, პაემანზე ყოველთვის მხოლოდ თავად იხდის ჩეკს, ზომიერად გალანტურია, შესწევს უნარი სათანადოდ მიაქციოს ყურადღება ქალს და რა თქმა უნდა, არასოდეს ტირის.

სად შეხვდები: ნადორობაზე ან თევზაობაზე.

ეროგენული ზონა: თავიდან ფეხებამდე? ;)

აგრესიულად რეაგირებენ: როდესაც ცდილობენ მათ მართვასა და მბრძანებლობას.

თვალსაჩინო წარმომადგენელი: კლასიკური რეტროსექსუალი – ვინ, თუ არა ხავიერ ბარდემი.

ხავიერ ბარდემი

დემისექსუალები

ოფიციალური ვერსია: რომანტიკოსები, რომელებსაც სექსუალური მიზიდულობა დროთა განმავლობაში, მხოლოდ ძლიერი ემოციური მიჯაჭვულობის შედეგად უყალიბდებათ.

განმასხვავებელი ნიშან-თვისებები: სჯერათ სულიერი სიახლოვის და თუ თავიანთ მეორე ნახევარს შეხვდებიან, სამარადჟამო ერთგულების უნარი შესწევთ. სექსის გადადება ხდება იმ მომენტამდე, სანამ პარტნიორს კარგად არ გაიცნობენ. სწორედ მათ შეუძლიათ წლების განმავლობაში საუკეთესო მეგობრები იყვნენ და მერე უცაბედად გამოგიტყდნენ არამეგობრულ გრძნობებში.

სად შეხვდები: ინტერნეტში, თემატურ ჯგუფებში.

ეროგენული ზონა: გული!

აგრესიულად რეაგირებენ: მათ შედარებაზე ასექსუალებთან.

თვალსაჩინო წარმომადგენელი: დემისექსუალი სტინგი

სტინგი

ასექსუალები

ოფიციალური ვერსია: ადამიანები, რომლებიც არ განიცდიან სექსუალურ ლტოლვას, ან განიცდიან მხოლოდ ძალიან სუსტი ფორმით.

განმასხვავებელი ნიშან-თვისებები: ურჩევნიათ მარტივი ურთიერთობები, შეუძლიათ მშვიდად იცხოვრონ თვეების ან წლების მანძილზე სექსუალური კონტაქტების გარეშე (ხშირად მთელი ცხოვრებაც კი), ბევრი მათგანი ოცნებობს მათივე მსგავს ასექსუალებთან ოჯახის შექმნაზე.

სად შეხვდები: ასექსუალების თემატურ საზოგადოებებსა და ფორუმებზე, სადაც არის გაცნობითი განყოფილებები.

ეროგენული ზონა: არ გააჩნიათ.

აგრესიულად რეაგირებენ: სექსოლოგთან გაგზავნის მცდელობებზე ან ლატენტურ ჰომოსექსუალობაში ბრალდებაზე.

აღსანიშნავია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ტიპაჟები სექსუალურობის „აისბერგის“ მხოლოდ მწვერვალია. არსებობენ ასევე უბერსექსუალები – „მომავლის მამაკაცები”, მეტროსექსუალების ცხვირითა და რეტროსექსუალების ყურებით; თვითგაცხადებული ალკოსექსუალები; ასევე ტექნოსექსუალები, რომლებიც განიცდიან დაუოკებელ სურვილს შეერწყან ახალ აიფონს.

მიიხედ-მოიხედე გარშემო და განსაზღვრე, რომელ ტიპაჟს მიეკუთვნებიან შენ ირგვლივ მყოფი მამაკაცები.