Home ურთიერთობები

ამბობენ, რომ რომანტიკა მოძველდა, პოეზია მოდაში აღარ არის, ყვავილების თაიგული უგემოვნობას მოწმობს, წერილები კი მხოლოდ სენტიმენტებია. მე კი მეორე თვეა ბედნიერებას მანიჭებს დილა, რომელიც თომას კოცნით იწყება და მის მიერ მომზადებული საუზმით გრძელდება; ვრცელი წერილები, რომლებსაც მივლინებაში წასული მწერს; ლექსები, რომლებსაც ქუჩაში მიკითხავს საღამოობით, როდესაც ხელიხელჩაკიდებული ვსეირნობთ; და, რა თქმა უნდა, თეთრი მიხაკები. დროს თანაბრად და საინტერესოდ ვატარებთ სამეგობრო წრეში. ჩემს დაქალებს თომა აღაფრთოვანებთ. ცხოვრება ზღაპარს ჰგავს.

მხოლოდ გუგა ვერ მალავს საკუთარ უნდობლობას თომას მიმართ და ეჭვებს ხმამაღლა გამოთქვამს: „იტყუება!“

როდესაც ჩემი რომელიმე დაქალის სატრფო უნაკლოდ იქცევა, ეს ეჭვი ყველას გვღრღნის – სადღაც ძაღლის თავი იმალება.  თომას გულწრფელობაში კი ყველა დარწმუნებული ვართ.

– არა, ანანო?

– თომა იდეალურია! – ანანო ორგანაიზერში იქექება.

– არა, თამო?

– ნუთუ თვითონ არ გჯერა? – წარბებს წევს თამო, – მშია, შევუკვეთოთ რამე!

თამო ანანოს ორგანაიზერს ართმევს და ხელში მენიუს აჩეჩებს.

– გუგა დარწმუნებულია იმაში, რომ თომა რაღაცას მალავს.

– საყვარელო, დატკბი ამ წუთებით. შენ უფლება გაქვს ამ უგემრიელესი ტორტის ნაჭერით პირი ჩაიტკბარუნო,  მერე რა, თუ ჯანმრთელობისთვის საზიანო პროდუქტებით მოუმზადებიათ და მოიწამლები. საუზმეზე მირთმეულ ერბო-კვერცხს გადააბრალე. ნანო, თუ კი მომდევნო 2 წუთის განმავლობაში გადაწყვეტილებას არ მიიღებ…

– რომელიმე სენდვიჩი! – ანანო ისევ საკუთარ ორგანაიზერში ეფლობა ცხვირით.

– მაგრამ მე არ მინდა მოტყუებული დავრჩე.

– რა ხდება? – ანანოც ინტერესდება.

– გუგას მოწყობილი სკანდალის შემდეგ კრიტიკულად ვუყურებ თომას ყოველ ნაბიჯს.

– ეს ბიჭი ამსტერდამშიც ვერ ისვენებს რა… – უკმაყოფილოა თამო.

– რას გულისხმობ?

– ვერ ეგუება. შეიძლება გათხოვდე კიდეც და გუგას  გზა საბოლოოდ მოეჭრება.

– ნუ ბოდავ, ანანო! გუგა ეგოისტი არ არის. დარდობს.

თამო მართალია. იქნებ იდეალური პარტნიორი მართლაც არ არსებობს. იქნებ დეკორაციებს მიღმა რაღაც იმალება. მაგრამ მე ხომ ამ სპექტაკლისთვის შევიძინე ბილეთი.

მთავარია, საკუთარი როლი უნაკლოდ შეასრულოს და ჩემი აპლოდისმენტები დაიმსახუროს, ფარდის ჩამოშვების შემდეგ მისთვის სხვა სპექტაკლი დაიწყება, მე კი სუსხიან ქუჩას დავუბრუნდები.

17 კომენტარი to this post
  1. “მაგრამ მე ხომ ამ სპექტაკლისთვის შევიძინე ბილეთი.”
    ბილეთს მძიმე პროცენტები ერიცხება ხოლმე :(

  2. მთელი ცხოვრება თუ სპექტაკლია იქნება ჩვენი როლი მშვიდად გვეთამაშა და მიგვეღო ის რაც შეიძლება ამ წარმოდგენისაგან მივიღოთ :)

        • კარგად ვიცნობ საკუთარი პერსონაჟების ბუნებას ^^ მისთვის სპექტაკლია. ასევე კარგად ვიცნობ საკუთარი მამაკაცების შიგთავსს, ანუ პერსონაჟის პროტოტიპისთვისაც სპექტაკლი იყო.
          ჩემთვის მისი “თამაში” მიუღებელი არ იყო. დრო კარგად გავატარე.
          OOOPs…. რაღაცები წინასწარ წამომცდა. ^^

          • ჩავთვლით რომ არაფერი წამოგცდა, მოვლენებს წინ არ გავუსწრებთ და დიდი ინტერესით დაველოდებით გაგრძელებას :)

  3. რავიცი, რაღაცით ის ფრაზა მომაგონა “მიღალატოს ოღონდ მე ნუ გავიგებ” . არ მესმის რატომ უნდა ითამაშოს, თუ შეუძლია რომ არ ითამაშოს და ისე იყოს კარგი? ესეიგი არ არის ბუნებრივად კარგი და ეს ყველაფერი ილუზიაა. სწორედ აქ უშვებენ გოგოები შეცდომას, რომ არც კი დაუშვებენ კონკრეტულ ბიჭზე ცუდს და მერე უცებ თავზე რომ დაემსხვრევათ ყველაფერი, ქვეყნის აღასრული გონიათ.

  4. მართალია.ილუზიები ცხოვრებას ართულებს.ადვილად ეჩვევი და უცებ თავზე გენგრევა ყველაფერი. გაგრძელება აღარ იქნება???

  5. ეს ყველაფერი შენი პირადი ისტორიებია? თუ ასეა სასწაულად საინტერესო ცხოვრება გქონია! ვისურვებდი მომებაძა შენთვის ))

შენ რას იტყვი?