Home ურთიერთობები

თორნიკეს მუხლებზე ჩამოვსკუპდი, კაფეში  ჩამოსაჯდომი ადგილი აღარ იყო, გარეთ წვიმდა. ყავას ვსვამდით და დაბალი ხმით ვსაუბრობდით… თავიდანვე ჩემი ყურადღება ერთმა წყვილმა მიიპყრო. გოგონას გარეგნობაში ბევრი რამ ყვიროდა – წითელი, მოკლედ შეკრეჭილი თმა, პირსინგი ტუჩზე, მინი ქვედაბოლო. გრძელი მოსაცვამი ცალ მხარზე ჩამოცურებოდა და ნახევრად ჩანდა ტატუირებული ფისო. ბიჭი ზედმეტად უბრალო იყო – ისეთი, სამჯერ რომ გაგაცნობენ და მაინც ვერ დაიმახსოვრებ.

–        ასეთი უფრო მოგეწონებოდი? – თორნიკეს ჩავჩურჩულე, იმ გოგონასკენ ქურდულად აპარებდა მზერას.

–        ჰო… არა… არ ვიცი…

„ამას უნდა დავშორდე“, გავიფიქრე თუ არა, არაჩვეულებრივი გოგონას ჩვეულებრივმა მეწყვილემ იმდენად მკაფიოდ წარმოთქვა სიტყვა „გშორდები“, გერმანელმა ტურისტებმაც ალღოთი იგრძენს მისი მნიშვნელობა და დამნაშავეებივით ჩვენ მოგვაშტერდნენ.

ჩვეულებრივი ბიჭი უკვე ფეხზე იდგა და გარეთ გადიოდა.

„დასველდება“, – ალბათ გაიფიქრა გოგონამ და სიგარეტი მოჩხრიკა ჩანთაში.

„დასველდება“ იქნებოდა ერთადერთი სიტყვა, რომელიც ანალოგიურ სიტუაციაში ენაზე მომადგებოდა.

მოვიშხამე, თორნიკეს კაფესთან დავშორდი და სახლში ავედი.

ჩანთიდან გერმანულის სახელმძღვანელო ამოვიღე და დავალების წერას შევუდექი, მაგრამ კაფეში გათამაშებული სცენა თავიდან ვერ ამოვიგდე.

ურთიერთობის გაწყვეტა ყოველთვის მტკივნეული თუ არა, უსიამოვნო პროცესი მაინც არის. მას, ვისაც ძალიან უჭირს ამ ნაბიჯის გადადგმა, ხშირად მეტად ულამაზოდ გამოსდის. უეცრად ხომ არ წყვეტენ დაშორდნენ პარტნიორს, ეს აზრი დროთა მანძილზე მწიფდება. მაშინ რატომ ასე უტიფრად?!

მცირე ონლაინ გამოკითხვა მოვაწყე ნაცნობებს შორის – როგორ შორდებიან პარტნიორებს?

„მეშვიდე კლასში საძმაკაცო მივაგზავნე გოგოსთან“.

„შეყვარებულმა FB-ზე Relationship Status “Single”-ით შეცვალა და აღარ დამკონტაქტებია“. (Wow!)

„დაბადების დღეზე“.

„ცოლი მოიყვანა“.

„სმს–ით“.

რამდენიმე სხვა ისტორიაც მოვისმინე, სტანდარტული, არაფერი ულამაზო, მაგრამ მტკივნეული.

დამხმარე რგოლების (მეგობრების თუ ტექნიკის) გამოყენებით ან სხვების თანდასწრებით ურთიერთობის გაწყვეტა ყოფილი პარტნიორისთვის შეურაცხმყოფელია. მაგრამ იქნებ ზოგჯერ შეუძლებელია თავის შეკავება?! იქნებ ერთხელაც შეყვარებულის მკლავებს მოვწყდე, ბოლო ხმით დავუყვირო: „აღარ შემიძლია შენთან ყოფნა!“

და წვიმაში გავიდე….

თვითონ როგორ ვიქცევი? ძველ ურთიერთობებს გადავავლე თვალი. ყველაფერი თავისით ხდება. მბეზრდება. ვეუბნები – აბაა, დავიშალეთ.

„ჩვენ როგორ დავშორდებით?“ – თორნიკესთან სმს გავგზავნე.

ვეცადე მეცადინეობა გამეგრძელებინა, მაგრამ დაღლამ თავისი გაიტანა და ჩამეძინა.

იმ დროს გამეღვიძა, როდესაც გერმანულის ლექცია უკვე დაწყებული იყო. ზღვისფერ სარაფანაზე ჯინსის ქურთუკი მოვიცვი, ხის თეთრი სამაჯურები ავისხი და თავპირისმტვრევით დავეშვი კიბეზე.

–        დღესაც დაგაგვიანდა! – ჩამჩურჩულა თამომ და ეშმაკურად მომუწა ვარდისფრად შეღებილი ტუჩები.

ათი წუთის შემდეგ ლექციაც დასრულდა, ბიბლიოთეკაში ძველი სახელმძღვანელო ჩავაბარე და თამოსთან ერთად უსახურ კაფეში შევედი.

–        მომიყევი შენს ახალ ბიჭზე!

–        ორი კვირაა ერთმანეთს ვხვდებით და ღამით უკვე სმს გავუგზავნე – „ჩვენ როგორ დავშორდებით“–მეთქი.

–        აააჰ! – წყრომით შესძახა, ჩანთიდან პატარა სარკე ამოაცურა და ქერა თმა ხელით შეისწორა.

–        მეცნიერული ცნობისმოყვარეობით ვკითხე. სტატიას ვწერ – „როგორ წყვეტენ სასიყვარულო კავშირებს“.

–        რა გიპასუხა?

–        არაფერი.

–        როგორ გაიცანი?

–        სკოლელი იყო. სამი თვის წინ ქუჩაში შემხვდა, ნომერი ჩაიწერა და იმ დროს დარეკა, როდესაც აღარც მახსოვდა.

–        სწავლობს?

–        ჰო, თეატრალურში.

–        გიო იტალიაში მიფრინავს… საცხოვრებლად. – მზერა ამარიდა.

–        მერე თქვენი ურთიერთობა?

–        ამბობს, რომ სიყვარული მანძილსაც გაუძლებს.

–        ტყუილია! რას აპირებ?

–        რამდენიმე თვის შემდეგ ორივეს მოგვბეზრდება და ახალ ადამიანებს ვიპოვით.

თამო და გიო შეყვარებულები მეშვიდე კლასიდან იყვნენ. წინა ზაფხულს ორივე უნივერსიტეტში ჩაირიცხა, მათი ოჯახებიც შეიყარა და თამოს არა თითზე ბეჭედი გაჩნდა. ერთად ცხოვრებას ახალი წლიდან აპირებდნენ. ბინაც შეათვალიერეს, ავეჯსაც თვალი დაადგეს, მაგრამ ბრახ! ვაჟბატონმა იტალიაში გადაწყვიტა გადაბარგება. აი, ურთიერთობის გაწყვეტის კიდევ ერთი ფორმა – დაპირებებით გშორდებიან.

თუმცა იმ დღეს გიოს შესაძლო წასვლაზე მეტად, თამოს სიმშვიდემ  და უბეჭდოდ დარჩენილმა მარჯვენა ხელმა გამაკვირვა…

„მე ალბათ ვიტირებ“, – ორი ღამის შემდეგ მივიღე პასუხი.

გამეცინა.

 

7 კომენტარი to this post
  1. me rom ar vitiro da guli ar metkinos roca urtiertoba ukve mieqaneba dasasrulisken pirveli me vucxadeb vshordebit yovelgvari axsnebis gareshe mogebuli jerjerobit me vrchebi kargia roca ase ragacashi bichs ascreb, guli unda atkino bichs metis girsebi arc arian

შენ რას იტყვი?