lie_main

დაფიქრდით, რამდენჯერ აღმოჩენილხართ მოტყუებულის როლში? რამდენჯერ დაგწყვეტიათ გული ზედმეტი მიმნდობლობის გამო? ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველას ჰქონია ასეთი შემთხვევა. იმისთვის, რომ გასულელებულის როლში არ აღმოჩნდეთ, მცირე რჩევებს გთავაზობთ: როგორ გამოვიცნოთ ტყუილი.

რა თქმა უნდა, ტყუილის ეს ნიშნები არ მოგცემთ 100%-იან გარანტიას, რომ ვიღაც გატყუებთ, მაგრამ გარკვეულ წვლილს შეიტანს სიცრუე-სიმართლის გარჩევაში.

ლექსიკა

ადამიანი, რომელიც იტყუება, ხშირ შემთხვევაში, არ ლაპარაკობს პირველ პირში. მის სიტყვებში ნაცვალსახელი “მე” ნაკლებად შეგხვდებათ. უფრო მეტიც, მან საკუთარ თავზე შესაძლოა მესამე პირშიც ილაპარაკოს. ეს იმით აიხსნება, რომ ტყუილის თქმისას ადამიანი გაურბის პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას.

თვალებით კონტაქტი

მატყუარასთვის რთულია სიცრუის თქმისას ვინმესთვის თვალებში ყურება. უფრო ადვილია მზერა კედელზე ან ახლო მდებარე საგანზე შეაჩერო, ვიდრე იმ ადამიანს შეხედო თვალებში, რომელსაც ატყუებ.

სახეზე ხელის მოკიდება

ტყუილის თქმისას ადამიანი ხშირად იკიდებს ხელს სახეზე, განსაკუთრებით ცხვირზე, ყურებზე, პირსა და ყელზე. ამასთან ნაკლებად იდებს ხელს მკერდზე.

გამეორება

ჩვეულებრივ, როცა ვინმეს ეკითხებით “რას აკეთებდი გასულ შაბათს”, ის პასუხამდე რამდენიმე წუთი ფიქრობს. მატყუარას კი წინასწარ მომზადებული აქვს პასუხი. ამგვარად, ის უბრალოდ იმეორებს წინასწარ შეთხზულ ამბავს. თუკი კარგი მეხსიერებით არგამორჩეული ადამიანი ამ შეკითხვაზე მაშინვე გცემთ პასუხს, თქვენთვის ეს საეჭვო ნიშანი უნდა იყოს.

lier

ყალბი ემოციები

ტყუილის თქმისას გამოხატული ემოციებიც ყალბია. მაგალითად, ადამიანი მარტო პირით იღიმება, თვალები კი ამ ემოციას არ გამოხატავს.

სიმართლის თქმის დაჟინება

ჩვეულებრივ, მატყუარა დაჟინებით ამტკიცებს, რომ სიმართლეს ამბობს. ხშირად იფიცება. მართალ ადამიანს ნაკლებად ჭირდება ყოველ წამს იმის შეხსენება, რომ არ იტყუება.

დამატებითი დეტალები

ტყუილის თქმისას ადამიანი ხშირად არასაჭირო დეტალების შესახებ გვაწვდის ინფორმაციას. ის ფიქრობს, რომ ამგვარად უფრო დამაჯერებელი იქნება მისი ტყუილი. სინამდვილეში ასეთი დეტალების მოყოლა ეჭვს უფრო იწვევს. მაგალითად, თუ თქვენი ქმრის (ცოლის) პერანგის რეცხვისას ჯიბეში აღმოაჩენთ ტელეფონის ნომერს და კითხავთ მას ამის შესახებ, პასუხი “ეს სამსახურს ეხება” უფრო დამაჯერებელი იქნება, ვიდრე “ორი დღის წინ სამსახურში უფროსმა მთხოვა დავხმარებოდი მის ახალ პროექტზე მუშაობაში. რა თქმა უნდა, დავთანხმდი. მან მომცა სარეკლამო კომპანიის ნომერი, რომ დამერეკა და გამერკვია პროექტთან დაკავშირებული საკითხები. მეც დავრეკე, ეს ნომერი კი დამრჩა ჯიბეში. ”

ხმის ტონის შეცვლა

ტყუილის თქმისას ადამიანს ხმის ტონი  ეცვლება: ის შესაძლოა ამაღლდეს ან პირიქით, დადაბლდეს.

თვალის გაფართოებული გუგები

სიცრუის თქმისას ადამიანი ხშირ შემთხვევაში სტრესს განიცდის. ასეთ დროს, მას თვალის გუგები უფართოვდება.

წინაღობის შექმნა

მატყუარას ობიექტების მოთავსება სჩვევია მასა და იმ პიროვნებას შორის, ვისაც ატყუებს. ის შესაძლოა გამოგელაპარაკოთ სხვა ოთხიდან, ან სულაც წინაღობად მაგიდაზე დადებული წიგნები გამოიყენოს.