Home ურთიერთობები

როცა მთავრდება ურთიერთობა…

მთავარდება ერთი ეტაპი და იწყება შემდეგი. ეს ზოგჯერ თანდათან ხდება, უმტკივეულოდ, ხშირად კი სწრაფად და მტკივნეულად. როგორც წესი, ასეთ დროს ადამიანები თანადგომას ეძებენ. თანადგომისთვის არსებობენ მეგობრები: კარგი და ნამდვილი მეგობრები.

კარგი მეგობარი შენს პრობლემას თავისად აღიქვამს, გისმენს, თუმცა უფრო მეტს გიყვება, ვიდრე გისმენს, რჩევას გაძლევს მაშინაც, როცა არ ითხოვ.

კარგი მეგობარი ხშირად შენს დამთავრებულ ურთიერთობას საკუთართან აიგივებს, გირჩევს, გააკეთო ის, რაც სწორად მიაჩნია, რისთვისაც თავად ნებისყოფა და გამბედაობა არ ეყო; გარწმუნებს, რომ ის “არც იყო შენი ღირსი”; გირჩევს, “გაწყვიტო ყველანაირი კონტაქტი, რაში გჭირდება, არ გჭირდება, მის გარეშე უკეთ იქნები”; გირჩევს, “არ უპასუხო მის ზარებს, შეტყობინებებს”; და შემდეგ იწყებს ლაპარაკს თავისი წარუმატებელი ურთიერთობის შესახებ: რა სულელი იყო, როცა მას მისტიროდა, რა პრობლემები ჰქონდათ, როგორ ექცეოდა, რამდენს იტანდა, გიყვება ისტორიებს, რომლებიც აქამდე უკვე ბევრჯერ გაქვს მოსმენილი; გულწრფელია, როცა გეუბნება, რომ “შენ გგონია არ გღალატობდა? კარგი რა, კაცია, რა თქმა უნდა გღალატობდა და ვინ იცის, კიდევ რამდენი რამ არ იცი”, რადგან თავად გრძნობდა თავს მოტყუებულად, ასკვნის, რომ შენი ურთიერთობა ვერაფრით იქნებოდა მისსაზე უკეთესი.

ერთი ანდაზაა სხვის გაჭირვებაზე და ბრძენზე, ყველას გვყავს ასეთი კარგი მეგობრები… კარგი მეგობრები, რომლებიც გიყვებიან; გულში ჩარჩენილ ბოღმას მის მიმართ შენს დამთავრებულ ურთიერთობაზე ანთხევენ; სისუსტეს არ გპატიობენ; ვერ წარმოუდგენიათ, როგორ შეიძლება ყველაფრის მიუხედავად, მაინც, გაინტერესებდეს იმ ადამიანის ბედი, რომელმაც “ასეთი რაღაც გაგიკეთა”.

კარგი მეგობრებისთვის საკუთარი პრობლემები უზენაესია. ის, რაც შენ ახლა გაწუხებს, მას უკვე გავლილი აქვს, დიდი გამოცდილებაც დააგროვა ყოფილების სიძულვილის საკითხში და ახლა ამ გამოცდილებას გიზიარებს, როგორც თავის დროზე მას გაუზიარეს გულდაწყვეტილმა, იმედგაცრუებულმა, სხვის გაჭირვებაში ბრძენმა კარგმა მეგობრებმა.

კარგი მეგობარი მოითხოვს, რომ დაივიწყო, აღარ ახსენო, ნაკლები ილაპარაკო, შეიძულო. კარგი მეგობარი ფიქრობს, რომ შენი სიყვარულიც შენს ურთიერთობასთან ერთად უნდა გაქრეს, ასე, უკვალოდ.

კარგ მეგობარს შენი სიყვარულის პატიება არ შეუძლია.

ნამდვილი მეგობარი უფრო მეტს გისმენს, ვიდრე გიყვება; რჩევას გაძლევს მხოლოდ მაშინ, როცა ეს გჭირდება.

ნამდვილი მეგობარი საკუთარ დამთავრებულ ურთიერთობაზე მხოლოდ იმას გახსენებს, რისი მოსმენაც შენთვის იქნება სასარგებლო.

ნამდვილი მეგობარი ძლიერი ქალია, რომელიც არასდროს მიგითითებს, არასდროს მოგცემს რჩევას, რომელიც მის ურთიერთობაზეა დაფუძნებული და არა შენს პრობლემაზე.

ნამდვილი მეგობარი მხოლოდ იმას გირჩევს, რომ ეგოისტი უნდა იყო, რომ გააკეთო ის, რაც შენ! დაგეხმარება.

ნამდვილი მეგობრისთვის შენ ხარ მთავარი და არა ის, ვინც დაგთმო, დააშავა, ან არც დააშავა.

ნამდვილი მეგობარი არ მოგთხოვს გაწყვიტო მასთან ყველანაირი კონტაქტი, არ უპასუხო, დაივიწყო.

ნამდვილმა მეგობარმა იცის, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს.

ნამდვილი მეგობარი აღიარებს, რომ შენ უკეთ იცი რა ხდებოდა შენს ურთიერთობაში, რა ხდებოდა თქვენ ორს შორის.

ნამდვილი მეგობარი ბრძენია, თუმცა არა სხვის გაჭირვებაში.

ნამდვილი მეგობარი სისუსტესაც გპატიობს, არ გაიძულებს გძულდეს ადამიანი, რომელიც შენთვის ბევრს ნიშნავდა.

ნამდვილმა მეგობარმა იცის, რომ სიყვარული ასე, უკვალოდ არ ქრება.

ნამდვილ მეგობარს შენი სიყვარულის პატიებაც შეუძლია.

გამოდის, კარგი მეგობარი ცუდია, ნამდვილი – კარგი?!

ნუ იქნები ასეთი კრიტიკული. ალბათ, დროის რაღაც მონაკვეთში ჩვენც თავადვე ვყოფილვართ ასეთი კარგი მეგობრები. ალბათ, აჯობებს, კარგი მეგობრების რჩევები გავიგონოთ, თუმცა არ მოვისმინოთ; გავაცნობიეროთ, რომ მათაც ვუყვარვართ, მათთვისაც მნიშვნელოვანი ვართ, უბრალოდ მათ ასეთი თანადგომა შეუძლიათ. ალბათ, აჯობებს, აღარ მოვუყვეთ, აღარ ველოდოთ მათგან იმას, რისი მოცემაც არ შეუძლიათ. ალბათ, აჯობებს მხოლოდ იმაზე ველაპარაკოთ, რაც მათთვის საჭირო და საინტერესოა: მათზე, მათ ურთიერთობებზე, მათ პრობლემებზე და როცა დავჭირდებით, როცა დადგება დრო და საკუთარ გაჭირვებაში ბრძენობა არ გამოუვათ, ჩვენ ვიყოთ მათთვის ნამდვილი მეგობრები!

4 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?