Home ურთიერთობები

ყველა ქალი ოცნებობს თავისებურ ქორწილის დღეზე, მაგრამ ყველაფერთან ერთად, როდესაც ეს საოცნებო დღე დგება, ხშირია პანიკა. როგორ გადავიტანოთ ეს ყოველივე?  გაიზიარე რჩევები pink-ისგან და ყველანაირი სტრესი მოგეხსნება.

ადამიანები ოჯახდებიან იმიტომ, რომ იცხოვრონ დიდხანს და ბედნიერად, როგორც ზღაპრებში იტყვიან ხოლმე. იდეალურია დაწყვილება, როდესაც ორივე მხარე მზადაა სრული პასუხისმგებლობისთვის და ბევრი მსჯელობის თუ ფიქრის შედეგად ქმნის ოჯახს. მაგრამ ფაქტია, რომ ამ ნაბიჯის შემდეგ სხვა, მოულოდნელობით აღსავსე ცხოვრება იწყება. სწორედ ამ მოულოდნელობით გამოწვეულ შიშებს გრძნობ ქორწილის წინ. უამრავი კითხვა გიჩნდება: ნეტავ რა გველის?.. შეცდომას ხომ არ ვუშვებ?..  ნუთუ ეს ისაა?.. ხომ არ შეიცვლება მისი დამოკიდებულება ჩემ მიმართ?.. დაშორება რომ მოგვიწიოს, რას იტყვიან სხვები?..  სხვა რომ მომეწონოს?.. პასუხი კითხვაზე – რატომ გაქვს პანიკები ქორწილის წინ, ძალიან ვრცელია: იცვლება შენი ცხოვრების სტილი, შენ აღარ ეკუთვნი მხოლოდ საკუთარ თავს და მომავლის პასუხისმგებლობა აღვიძებს შიშებს, რაც იწვევს ბრძოლას საკუთარ თავთან.

tumblr_mevu3lqFpQ1r4zmeno1_500

რომანტიკისა და სიყვარულის დაკარგვის შიში

ყველაზე მეტად გეშინია, რომ თქვენი სიყვარული მალე გაქრება. ბევრისგან გსმენია, როგორ ნატრულობენ შეყვარებულობის პერიოდს, მაგრამ ყოველთვის საპირისპიროს უმტკიცებდი. როდესაც ეს საოცნებო დღე დადგა, ეძებ მიზეზს იმ სიტყვებში, რასაც რჩევის სახით გაძლევდნენ დაოჯახებული მეგობრები თუ ნათესავები. ფიქრობ, რომ რომანტიკისთვის აღარ გეცლებათ, რომ ყოველდღიური ცხოვრება თქვენს სიყვარულსაც გაანელებს. შენს პარტნიორსაც აწუხებს შიშები: თავისუფლებას კარგავს, რომელიც ძალიან ენანება. იცის, რომ ყველაფერი წარსულს უნდა ჩააბარობს, მაგრამ ყველაფერთან ერთად უყვარხარ!

ფსიქოლოგის რჩევა

შენ სირთულეებს აძლევ საშუალებას გმართოს, მაშინ როცა თავად უნდა მართო ის! ცხადია, ურთიერთობა აღარ იქნება ძველებურად სიურპრიზებით აღსავსე და ვარდისფერი, უბრალოდ რეალური ცხოვრება არ გვაძლევს ამის საშუალებას. გვაქვს საშუალება თავად შევქმნათ საკუთარი ოჯახური სამყარო და კიდევ უფრო გვიყვარდეს ერთმანეთი. გავთავისუფლდეთ საზოგადოების მიერ დადგენილი ჩარჩოებისა და პრინციპებისგან. შეხედე ყველაფერს მარტივად და დაიმახსოვრე: მთავარია, ბედნიერი იყო!

tumblr_mty78aOjC11ri8qtko1_500

ღალატის შიში

გეშინია, რომ ყველაფერი ისე არ იქნება, როგორც ის იმედოვნებს. გეშინია, რომ ეს შესაძლოა ღალატის მიზეზიც გახდეს. გეშინია, რადგან ხედავ, შენ ირგვლივ ბევრი განქორწინებული წყვილია და ნამდვილად მესმის შენი.

ფსიქოლოგის რჩევა

როცა პასუხისმგებლობას იღებ, როცა შენს პარტნიორს ცოლობაზე თანხმდები, მზად უნდა იყო პრობლემებისთვის, თუმცა მოსალოდნელ (ან მოულოდნელ) პრობლემებზე ფიქრი წინასწარ ბზარს შექმნის თანაცხოვრებაში. არსებობს ერთგულება და სიყვარული, რის გამოც შენზე შეყვარებული ადამიანი ამ ფიქრებს აგარიდებს. ისიამოვნე ქორწილით, ნუ გავიწყდება, რომ ეს შენი დღეა.

თავისუფლების დაკარგვის შიში

დაკვირვებიდან გამომდინარე, მსგავსი შიშები უფრო მამაკაცებს ახასიათებთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ქალებსაც გვეშინია თავისუფლების დაკარგვის. შესაძლებელია კარიერაზე უარის თქმამ მოგიწიოს, ისე ხშირად ვეღარ მოიცლი დაქალებისთვის და მეოჯახე ქალის როლი უნდა მოირგო. ძალიან გაგიჭირდება, თუ ხმაურიანი ცხოვრების მოყვარული იყავი, წარსულს უნდა ჩააბარო ყოველივე, ასევე უნდა მოიქცეს შენი პარტნიორიც.

ფსიქოლოგის რჩევა

მართალია, ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო და ორივეს ბევრ რამეზე უარის თქმა მოგიწევთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავისუფლებას კარგავთ. პირიქით, თქვენ კიდევ უფრო მეტს იძენთ. საკუთარ თავზე და ერთმანეთზე ხართ დამოკიდებული და თავად იღებთ გადაწყვეტილებებს. რამდენად თავისუფალი იქნები ოჯახურ ცხოვრებაში, ეს უკვე შენზეა დამოკიდებული. შენ მას უკვე კარგად უნდა იცნობდე. ჯერ კიდევ “შეყვარებულობის” პერიოდში გეძლევა საშუალება დაინახო ისეთი, როგორიც სინამდვილეშია, უბრალოდ კარგად უნდა დაინახო!

tumblr_mblv9skQ071qe30fqo1_1280

პასუხისმგებლობის შიში

ეს შეგრძნება, ზოგადად, ორივე მხარეს ახასიათებს. საერთო ჯამში იქმნება ერთიანი ოჯახური პასუხისმგებლობა.

ფსიქოლოგის რჩევა

როგორც ქალს, შეგიძლია თანაცხოვრებაში დაძაბული პერიოდები თავად მართო. ეცადე, მარტივად შეხედო ყველაფერს. ნუ დაძაბავ შენს მეწყვილეს, ის დაგეხმარება სირთულეების დაძლევაში, თუ შენ მშვიდად შეხვდები ყველაფერს. გაღიზიანებული და ხმამაღალი საუბრები შედეგს ვერ მოიტანს.

ასე რომ, უმჯობესია თავიდანვე მოიხსნა დაძაბულობა და შეეგუო მოსალოდნელ საპასუხისმგებლო მდგომარეობებს შენს ცხოვრებაში, ეს ურთიერთობაზეც კარგად იმოქმედებს. რაც ნაკლებს იფიქრებ მომავალზე, მით უფრო თავისუფლად შეხვდები მას. გახსოვდეს, რომ შენი მეორე ნახევარიც გრძნობს ყველაფერს. თქვენი სიყვარული ყველაფერს გადალახავს, მთავარია კარგად გაუფრთხილდე მას. როგორც ყოველთვის, წარმატებები ურთიერთობებში!

შენ რას იტყვი?