სიყვარული, სიყვარული, სიყვარული და კიდევ და ყველგან და მარად სიყვარული. მოკლედ ყველას, დიდსა თუ პატარას პირზე აკერია სიტყვა სიყვარული. უყვარდებათ, ხდებიან შეყვარებულები და მერე მიდიან დასკვნამდე, რომ უნდა იქორწინონ. რატომღაც სიტყვა ერთად ყოფნა, ან სიყვარული აუცილებლად იგივდება ქორწინებასთან.

ერთხელ ჩემთვის ძვირფას ადამიანს (არა შეყვარებულს) ვუთხარი რა ვქნა მასთან მირჩევნია ცხოვრებათქო და პასუხად მითხრა, ეტყობა შენ ძალიან არ შეგცივებიაო. დამაფიქრა ამ ნათქვამმა, იმანაც თუ რას ვიზამდი, რომ შემცივებოდა.  დაბრმავებულმა გონებამ იცით როგორ  მანუგეშა? მარტო არ ვიქნები და ორივეს ერთად შეგვცივდება-მეთქი გავიფიქრე . ჩემი ამბავი იქეთ იყოს და სანამ ოჯახის შექმნას, გათხოვებას/ცოლის მოყვანას გადაწყეთ აუცილებლად დაფიქრდით, მზად ხართ სიცივისათვის? რას იზამთ მაშინ, რომ შეგცივდეთ და გასათბობი საშუალება მხოლოდ თქვენი მეორე ნახევარი გეყოლებათ. ორმაგად დაფიქრდით ამაზე თუკი შვილების ყოლას პირველივე წელს აპირებთ. შვილები მშობლებს ხომ ნაკლებად ვპატიობთ ბევრ რამეს. კიდევ რამდენ რამეზე მოგიწევთ დაფიქრება ღმერთმა უწყის.

თუკი ტრადიციულ ოჯახში ცხოვრობთ, რომელიც ყველა ადათ-წესს ზედმიწევნით იცავს და ასეთივე ოჯახის შივლთან აპირებთ შეუღლებას, მაშინ საქმე არც ისე მარტივადაა.

მამაკაცებმა:

  1. აუცილებლად გადახედეთ თქვენს ბიუჯეტს: რადგან წინ გელით მინიმუმ 300 და მაქსიმუმ 600 კაციანი ქორწილი. ქორწილამდე გაუთავებელი სტუმრიანობა და ყოველ ხუთ წუთში ფეხზე ადგომა სადღეგრძელოების მოსასმენად და სამადლობელის სათქმელად. ასევე კარგად დაიმახსოვრეთ თქვენი მეორე ნახევრის სახე, რადგან რომც არ გიყვარდეთ დალევა, იმდენჯერ მოგიწევთ სამადლობელის შესმა, რომ ეჭვი მაქვს, ერთი კვირა ვერ გამოფხიზლდებით.
  2. უნდა გადახედოთ თქვენს ნერვებს, გაიარეთ კონსულტაცია ნერვოპათოლოგთან, ან მოიმარაგეთ ვალერიანის წვეთები ორმაგი დოზით. თქვენი მეუღლის მშობლები სადაცაა თავს მეხივით დაგეცემიან. თუ თქვენი ცოლი სამეგრელოდანაა, თავწაკრული დედა მას მკვდარივით გამოიტირებს, გამოიკივლებს, მაგრამ არ შეგეშინდეთ, ეს ყველაფერი მეზობლების დასანახად ხდება, სინამდვილეში გულში გლოცავთ და ბენიერებას გისურვებთ. იმასაც კი ფიქრობს, თავისი კარაკულის ქურქი, მანეთებზე რომ იყიდა, გოგონას მისცეს თუ რძალს დაახვედროს. მერე სიმამრი და ცოლის ძმა მოგადგებათ, ესეც უნდა გადაიტანოთ… მოკლედ, დამამშვიდებლების სამმაგი დოზა დაგჭირდებათ.
  3. აუცილებლად უნდა გადადოთ ფული ცოლისათვის ტანსაცმელების შესაძენად, მერე ამ ამბავს მთელი მისი სანათესაო განიხილავს და შედეგის შესაფერისსს დასკვნას დადებენ. ან გაქებენ, ან მიწაში ჩაგდებენ, როგორ ვერაფერი უყიდა ქალსო. თუ იმერეთში ხართ და ქუთაისში ცხოვრობთ, უპრიანი იქნება, გადახედოთ, მეზობლებმა თავიანთ  რძლებს რამდენ გრამიანი “ნიკოლოზის” ოქროს ბეჭედი “დააბნიეს”, მინიმუმ ორი გრამით მეტი შენ უნდა “დააბნიო” შენსას, წინააღმდეგ შემთხვევაში ნამდვილი ჭორის წნეხის გავლა მოგიწევს.

გოგონებმა:

  1. პირველ რიგში, ჩაიხედეთ სარკეში. მერე რა, რომ თქვენს რჩეულს მოსწონხართ, ეს დიდად არაფერს ნიშნავს. სასწრაფოდ აღმოაჩინეთ თუკი გაქვთ რაიმე სახის ნაკლი გარეგნობაში და შეუდექით იმის შეწავლას, როგორ დაფაროთ იგი ისე, რომ უცხო თვალმა ვერ შეამჩნიოს  ვ ე რ ა ს ო დ ე ს. რადგან თქვენ მხოლოდ თქვემს ქმარს კი არ მიყვებით, იქ ნამდვილი რენდგენი გელოდებათ. მისი ნათესავების მრავალრიცხოვანი არმია ჩასაფრებულია, ისინი თქვენ არც ერთ უნმიშვნელო შეცდომას არ გაპატიებენ.
  2. როგორც კი გათხოვდებით და შეხვალთ მეუღლის ოჯახში, პირველივე სიტყვა, რაც მთელი ხმით უნდა დაიკივლოთ, ეს არის „დედა“. ამით თქვენს დედამთილს აგრძნობინებთ, რომ ის თქვენთვის ერთადერთი და განუმეორებელია და, რომ თქვენ მისი მადლობელი ხართ ასეთი შვილის გაზრდისთვის. შემდეგი სიტყვა, რა თქმა უნდა, არის „მამა“ და პირველი ბარიერი მეტ-ნაკლებად გადალახულია. მეორე დილით, მთელს სამეზობლოს ეცოდინება, რომ თქვენ ძალიან კარგი ხართ და მეზობლის რძალს არ გავხართ, დედამთილს რომ დეიდას ეძახის.
  3. უთხარით თქვენს ოჯახს, აუცილებლად მოგიტანონ “მზითვები”. წინააღმდეგ შემთხვევაში „დედა“ და „მამა“ იფიქრებს, რომ თქვენ უპატრონო ხართ და თქვენმა მშობლებმა თავიც კი არ შეიწუხეს თქვენი გულისთვის. სწორედ ამიტომ თქვენ მისი შვილის ღირსი არ ხართ და ისინი ასეთ რძალს არ იმსახურებენ.
  4. თუ სახლში დაგხვდათ მული, ანუ ქმრის და. ოოო, აი, აქ კი ცოტა ფრთხილად იყავით და თქვნს ქმარს თუ დამამშვიდებლების სამმაგი დოზა უნდოდა, თქვენ ცოტა მეტი დაგჭირდებათ. მოითმინეთ ყველა მისი ახირება, თუკი გინდათ ქმართან ცხოვრება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ოჯახი ბრძოლის ველს დაემსგავსება.
  5. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ გათხოვების დღიდან გადატრიელება უნდა მოახდინოთ სამზარეულოში და ფურორი საოჯახო საქმეებში. თქვენ ეს დაგიფასდებათ. შეგაქებთ დედამთილი და მეზობლები. სამაგიეროდ სახლში დაბრუნებულ ქმართან არაფრის თავი არ გექნებათ.

დაფიქრდით, ხართ კი მზად ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ამბისათვის? თუკი ამ ყველაფერს გმირულად გადაიტანთ, მაშინ მე ისღა დამრჩენია ბედნიერება გისურვოთ. :)

მაგრამ გახსოვდეთ, მხოლოდ ეს არჩევანი არ არის, თქვენ ძალიან იღბლიანი იქნებით, თუკი გაგიმართლებთ და მოხვდებით ისეთ ადამიანებში, სადაც არც თქვენი მზითევი დააინტერესებს არავის და არც ნიკოლოზის ბეჭდით გააკვირვებთ ვინმეს.

ადამიანისშეგნება ყველაფერზე მაღლა დგას ამ ქვეყნად.