როგორც წესი, ხანგრძლივ, ან თუნდაც ხანმოკლე ურთიერთობას წინ ფლირტი უძღვის ხოლმე. ურთიერთობაში მონაწილე ორივე მხარე ფიქრობს, რომ ფლირტი ფლირტია, დიდი გონებრივი შრომა არ მოეთხოვებათ და ყველაფერი ძალიან მარტივია. ვისაც მხოლოდ რამდენიმე დღიანი მსუბუქი სიამოვნება აინტერესებს, მათთვის შესაძლოა არაფრის მომტანი იყოს მოქმედებების, სიტყვების წინასწარ გათვლა, მაგრამ ხშირად ფლირტის შემდეგ შესანიშნავი ურთიერთობა ეწყობა ხოლმე. ესეც რომ არა, ნუთუ ასე ძნელია, ფლირტის ობიექტს შენზე კარგი წარმოდგენა შეუქმნა?

კარგი შთაბეჭდილების მოსახდენად გთავაზობთ რამდენიმე პუნქტს, რომლის გათვალისწინება არც ისე რთულია და, რაც მთავარია, შედეგის მომტანი:

 

1. საკუთარ შესაძლებლობებზე, განათლებასა და მიღწევებზე ნაკლები ხაზგასმა:

როგორც წესი წარმატებული, ჭკვიანი და განათლებული ადამიანები დანარჩენებს აფრთხობენ, ამიტომ, სასურველია, თანდათან შეაპაროთ თქვენი გენიალურობა. ამასთანავე, შესაძლოა გაჩნდეს კითხვა, მართლა ისეთი ჭკვიანი ხართ, როგორც ამბობთ, თუ ეს უბრალოდ ბაქიაობაა? ასე რომ, თუ მოქმედებებით ამის დამტკიცება მაშინვე არ შეიძლება, სჯობს თავმდაბლობას მოუხმოთ.

2. არავითარი წუწუნი:

როგორც უკვე აღვნიშნე, ფლირტი სიამოვნებაა და ამ დროს წუწუნი, დეპრესიული და გულახდილი საუბრები მხოლოდ დააფრთხობს სასურველ ობიექტს. იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გაგიმართლოთ და შეგხვდეთ ადამიანი, რომელსაც უბედური ადამიანებისთვის თავზე ხელის გადასმა უყვარს და მათი გაბედნიერებისთვის არიან მოწოდებულები.

3. ზომიერი იუმორი:

ძალიან კარგია, როცა ურთიერთობა იუმორით იწყება. ხუმრობა ადამიანებს აახლოებს და საუბარს სასიამოვნოს და მსუბუქს ხდის. კარგი იუმორით ადამიანების მოხიბვლა იოლად შეიძლება, თუმცა იუმორის მიწოდების დოზის შერჩევა ზოგჯერ შეცდომით ხდება, ეს კი გარშემომყოფების თვალში არასერიოზული ადამიანის იარლიყს მიგაწებებთ.

4. ნაკლები ტყუილები:

სასურველია, თუ საერთოდ არ მოატყუებთ ხოლმე იმათ, ვისადმი სიმპათიაც გაგაჩნიათ. ურთიერთობის პირველივე წუთებიდან ადამიანები იმახსოვრებენ ყველა წვრილმანს, ტყუილში გამოჭერა კი უსიამოვნო რამეა სხვათაშორის, ორივე მხარისთვის.

კარგია, თუ თავის მოსაწონებლად სათანადო რესურსს ფლობთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ტყუილებით ნამდვილად ვერ გახვალთ ფონს.

კიდევ შეიძლება უამრავი წვრილმანზე დაფიქრება, ნაბიჯების გათვლა და ა.შ. მაგრამ ვფიქრობ იმისთვის, რომ თქვენმა “მსხვერპლმა” სათანადოდ შეგაფასოთ და მოიხიბლოს, ამ პატარა რჩევების გათვალისწინებაც საკმარისია.