სრულიად გიჟური სამსახური მაქვს. ძალიან ხშირად ვხვდები ახალ „სასტავებში“ და ძალიან სწრაფად მიწევს მორგება ყველა ტიპის ადამიანთან. ძირითადად ისეთ ხალხთან ვკონტაქტობ, თავი „ძერსკები“ რომ ჰგონიათ და თბილისში ყველა cool „დვიჟენიაში“ რომ “იჩითებიან”. ასეთ ხალხთან ურთიერთობისას, გინდა თუ არ გინდა, შენც გიწევს რაღაცების შეცვლა და ცოტა სხვანაირად მოქცევა, მაგრამ შინაგანად მე მაინც მე ვარ და ამას ვერაფერს ვშველი.

ამ ბოლო პერიოდში (ასე 2-3 წელია) გრძელვადიანი პარტნიორი არ მყავს, ყველაზე ხანგრძლივი ურთიერთობა – მაქსიმუმ 3 თვე გაგრძელდეს, ყველაზე ცოტა კი – ნახევარი ღამე (არა ერთი, არამედ ზუსტად ნახევარი). ამ პერიოდში იმდენი სისულელე მოვასწარი (ასაკი არ ამართლებს უკვე ჩემს სისულელეებს), რომ გადავწყვიტე ყველა გოგოსთვის გამეზიარებინა. არ ვარ დარწმუნებული, რომ ვინმე ჭკუას ისწავლის ჩემი ამბებიდან ან რამეზე დაფიქრდება, მაგრამ ჩემთვის რომ ვინმეს თავის დროზე ასეთი რამეები მოეყოლა, იქნებ ნაკლები სისულელე ჩამედინა.

1347917723_druzhba-otnosheniya-s-nachalstvom

პირველი, რაზეც მინდა დავწერო, არის ახალ „სასტავში“ ინფორმაციის მიმოცვლა.

ხშირად, სანამ დავამუღამებ ვისთან მიწევს ყოფნა, ენას კბილს ვერ ვაჭერ ხოლმე, ზედმეტს ვლაპარაკობ და ნამეტანი მომდის. ამ დროს კი ალბათ იცი, რომ ახალ თანამშრომელზე ცნობები უცებ ვრცელდება, შემდეგ კი ეს ზედმეტი ინფორმაცია ისე ცუდად გხვდება წინ, რომ ვერც წარმოიდგენდი.

აი, მაგალითად ერთ-ერთ არც ისე პატარა ორგანიზაციაში პროექტის ხელმძღვანელობა ჩამაბარეს. ოთახს 2 გოგოსთან და ერთ ბიჭთან ვიყოფდი. მუშაობის მეორე დღესვე მთელი ეს „სასტავი“დამაცხრა თავს უაზროდ ბევრი შეკითხვით, მეც დიდის ამბით გავილექსე და მოვაღე პირი. ზოგიერთი რამ ისეთიც მოვყევი, რაც არ უკითხავთ, ბევრ კითხვას ძალიან ღიად და თამამად გავეცი პასუხი. ბევრ რამეზე მეც ვიცინე და ახალი გუნდის წევრებიც ვაცინე.

relationships-at-work

ამის შემდეგ, სადღაც ერთ კვირაში, როდესაც ყველა თანამშრომელი თანდათანობით გავიცანი – ლადოც შემხვდა. ფრიად კარგი “ხორცი” გახლდათ. ერთი შეხედვით ვერაფერი დავუწუნე. შემდეგ ლანჩის დროს ვისაუბრეთ და ვერც მაშინ ვუპოვე რამე, რისი დაწუნებაც შეიძლებოდა. ამის შემდეგ რამდენჯერმე წავიფლირტავე და ვიკეკლუცე ლადოსთან.

ზუსტად არ ვიცი, რა გაიგო ლადომ ჩემზე, მაგრამ ჩემი ძალიან მონდომებული „შებმის“ ხერხების გაცნობის მერე, ისეთი სასწაული რამე მითხრა, რომ ყბა ჩამომივარდა. მისი სიტყვები დაახლოებით ასე ჟღერდა: “ძალიან სექსუალური ხარ და მიზიდავ, მაგრამ არ მინდა გული გატკინო. ახლა ცხოვრების ის პერიოდი მაქვს, წესიერ გოგოს ვეძებ, რომ ოჯახის შექმნა შევძლოო.”

აი, ასე, სულ რამდენიმე კითხვაზე თამამი პასუხის გაცემის შემდეგ, შევძელი, რომ არაწესიერი, თავაშვებული და არა საოჯახე „გოგოდ“ გავსაღებულიყავი. ამ ფრაზების მოსმენის მერე, რა თქმა უნდა, თავდაცვის ინსტინქტი ამოქმედდა. ლადოს მთელი გესლი დავანთხიე, რაც მქონდა და ამის შემდეგ გამარჯობის გარდა არაფერი მითქვამს მისთვის.

სინამდვილეში კი:

  1. ლადო არაფერ შუაში იყო, რომ თანამშრომლებს ასეთი წარმოდგენა შეექმნათ ჩემზე;
  2. ძალიან ცუდია, როდესაც გვავიწყდება, რომ გარშემომყოფები, გარდა რეალური მოვლენებისა, საკუთარ წარმოდგენებსაც ამატებენ სხვა ადამიანების ისტორიებს;
  3. საქართველოში, იყო – თავისუფალი, ნიშნავს იყო როგორც მინიმუმ ბოზი. ჩემს თაობაში (25-30 წლის ქალებში) ეს ჯერ კიდევ მძაფრადაა, პატარებში, მგონი, ასე ძლიერად აღარ.
  4. სჯობს, სამსახურში შენზე ძალიან ცოტა იცოდნენ და გულჩათხრობილი ეგონო ყველას, ვიდრე რამდენიმეთვიანი სალაპარაკო თემა გახდე (ეს შენს კომპეტენტურობასაც კი გადაფარავს და რიგ შემთხვევებში ცუდად მოგიბრუნდება);
  5. ახალ „სასტავებში“ კარგად დააკვირდი: ვინ რა ტიპია, ვინ ვისთან კონტაქტობს და მხოლოდ ამის მიხედვით აირჩიე „შენიანები“;
  6. სამსახურში ფლირტი ძალიან საფრთხილო საქმეა. აუცილებლად კარგად უნდა დააკვირდე ობიექტს და ნახო, რამდენად აქტიურად უზიარებს საკუთარი ცხოვრების დეტალებს თანამშრომლებს;
  7. თუ გადაწყვეტ, რომ რომელიმე თანამშრომელი “შეაბა”, ეს ერთი ერთზე გააკეთე და არა სხვების (თუნდაც ერთის) თანდასწრებით;
  8. სჯობს, “შესაბმელი ობიექტი” სხვა დეპარტამენტში მუშაობდეს.

სულ დამავიწყდა, ეს ისტორია სულ სხვაგვარად დასრულდა.

flirt2

ლადოსთან განცდილი ფიასკოს შემდეგ ვიპოვნე მეტნაკლებად ადეკვატური ტიპი – ლერი, რომელთანაც ურთიერთობა დავიწყე. ლერი თურმე ძალიან აქტიურად უზიარებდა ინფორმაციას ლადოს და მის კიდევ ორ სამსახურეობრივ ძმაკაცს (ლადო ძმაკაცების სიაში არ იყო, მაგრამ ოთახს იზიარებდნენ). ჩემ მიერ ლერისთან ურთიერთობის და მისი ბედნიერი ისტორიების მოსმენიდან ზუსტად  2 კვირაში ლადო თვითონ “დამეჩალიჩა”: ბოდიში მომიხადა, ვცდებოდიო მითხრა და იქნებ გვეცადა ურთიერთობაო. რა თქმა უნდა, გესლის მორიგი ულუფა მივაგებე და კუდ-ამოძუებული გავუშვი, სამსახურში კი მოვყევი ამბავი ვინმე ლევანზე (ჩემს ოთახში რა თქმა უნდა), რომელიც ზუსტად ისე მოიქცა, როგორც ლადო. ძალიან სასაცილო იყო: ამის შემდეგ, პროექტის დამთავრებამდე, ლადო აღარ მესალმებოდა.

♠ იცოდე: სამსახურში ზედმეტი ინფორმაციის გაცემა, ფლირტი და რომანტიული ურთიერთობები ძალიან საფრთხილო საქმეა. ამან შეიძლება როგორც შენს კარიერას, ისე ცხოვრებას ბევრი წინააღმდეგობა შეუქმნას.