ყველა ქალის ოცნებაა, რომ ოდესღაც მისი ყოფილი შეყვარებული, ან ქმარი მოვა განადგურებულ მდგომარეობაში (თუ მისი სურვილი იყო დაშორება), შეხედავს თვალებში და ეტყვის: „მოდი ყველაფერი თავიდან დავიწყოთ!“

ამ დროს ქალი ვერ ებრძვის ცდუნებას (ავიწყდება რის გამო და ვისი მიზეზით დაშორდნენ)  და თანხმდება ურთერთობის განახლებას. და აი, ისინი აგრძელებენ ჩვეულებრივ ცხოვრებას… და შემდეგ რა ხდება? ისინი კიდევ უფრო განებივრებულები არიან ბედნიერი თანაცხოვრებით, თუ…

tumblr_mfb00kcM8Z1rjzu25o1_500

რა თქმა უნდა ყველაფერი ხდება.  ვიღაცისთვის ურთიერთობის მსგავსი გარდასახვა კატეგორიულად მიუღებელია, ვიღაცისთვის პირიქით, ამის მერე იწყება უფრო მრავალფეროვანი ურთიერთობა. რთულია ურთიერთობის განახლება, დიდ რისკს მოითხოვს. მოდით დადებით მხარეს გავუსვათ ჯერ ხაზი და უარყოფითი ბოლოსკენ მოვიტოვოთ.

პირველ რიგში ‘ყოფილთან’ ურთიერთობის განახლება იმიტომ არის კარგი, რომ თქვენ მას კარგად იცნობთ. ყველა მის კარგ, თუ უარყოფით თვისებასთან გქონიათ შეხება.  რაც შეეხება მის ნაკლოვანებებს, უკვე ყურადღებას აღარ მიიქცევს, რადგან თავის დროზე იმდენჯერ გაქვთ გამახვილებული, მიხვდებით რომ ვეღარ შეცვლით მათ. მაგრამ იგივე უარყოფითი მხარე ახალ პარტნიორთან, უკვე გამაღიზიანებელი იქნება და თავიდან მოგიწევთ ყველაფრის გავლა.

თუ თქვენს ქმარზე გვაქვს საუბარი და თუ თქვენი დაშორების მიზეზი ახალგაზრდობა იყო, მაშინ როდესაც არ შეგეძლოთ პატიება, ახლა უკვე ზრდასრული ადამიანი ხართ და უნდა იცოდეთ, რომ ოჯახის შესანარჩუნებად ხშირად მოგიწევთ კომპრომისზე წასვლა. თქვენს შვილებსაც არ მოუწევთ ახალ ოჯახის წევრთან შეგუება!

თუ თქვენი გაშორების მიზეზი ღალატი იყო (პირველი ღალატი) და ამ შემთხვევაშიც შეგიძლიათ გარისკოთ და აპატიოთ, მაშინ თქვენ თვითონ მიხვდებით არის, თუ არა ის ღირსი ყველაფრის თავიდან დაწყების და გულით ცდილობს, თუ არა ყველაფრის გამოსწორებას. შეცდომები ხომ ყველას მოგვდის.

tumblr_m4jth4Iwzs1r6nkf6o1_400

მაგრამ არის სიტყვა „მაგრამ“…

და საერთოდაც, მოდით სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, განმარტოვდით სადმე ისეთ ადგილზე, სადაც თავს ყველაზე კარგად გრძნობთ და კარგად დაფიქრდით.

ღირს თუ არა ამ ურთიერთობის განახლება? არის თუ არა თქვენი გრძნობა იმდენად ძლიერი, რომ დაივიწყოთ ყველაფერი მომხდარი და დაიწყოთ ცხოვრება სუფთა ფურცლიდან?

თუ თქვენ გადადგამთ ამ ურთულეს ნაბიჯს, მზად იყავით იმისთვისაც, რომ საკუთარ თავზე მუშაობა მოგიწევთ გარკვეული პერიოდი.

დარწმუნებული ვარ, არ ხართ ისეთი მიამიტი, რომ გჯეროდეთ ადამიანის რადიკალურად ცვლილებისა.  თუ ის იყო უყურადღებო და ფიცხი, ეჭვი მაქვს, რომ არც განახლებულ ურთიერთობაში შეიცვლება. აქვს ასევე მნიშვნელობა იმასაც, თუ რა დრო გავიდა თქვენი დაშორებიდან, რომ შესაბამისი დასკვნების გამოტანისთვის მზად იყოთ.

თუ დაშორების მერე გქონდათ ურთიერთობა სხვა მამაკაცებთან, გააკეთეთ შედარება. გიღირთ თუ არა ისევ ერთ უღელში მოქცევა? თუ თავს ისადაც კარგად გრძნობთ, ეგებ არ ღირს იმის დაბრუნება, რაც უკვე იყო და აღარ არის. ბოლოს და ბოლოს ეს არ არის ცხოვრების დასასრული, პირიქით რაღაც ახლის დაწყებაა! კარგად დაფიქრდით, იქნებ აღარ ღირს იგივე გზის გავლა და დროა გაუშვათ წარსული და მომავლით იცხოვროთ!

ბევრი ფიქრის მერე პასუხი კითხვაზე, ღირს თუ არა ურთიერთობის განახლება, მაინც არ მოვიდა? მოდით მაშინ აზროვნება გამოვრთოთ და დავეყრდნოთ ინტუიციას, რომელიც ქალებს არასდროს გვღალატობს!tumblr_mgisj7qKqm1s1p28fo1_500

  • ჰკითხეთ საკუთარ თავს: გიყვართ თუ არა ის ადამიანი?
  • თუ რომანტიკის დიდი ხანია უკვე არ გჯერათ, მაშინ სხვანაირად დასვით კითხვა: გსიამოვნებთ თუ არა იმ ადამიანის გვერდით ყოფნა?
  • ოდესღაც თქვენ ხომ მასთან ერთად ჩაძინებასა და გაღვიძებაზე ოცნებობდით. და ახლა?
  • შესაძლებელია, თუ არა დააბრუნოთ ძველი სიყვარული?
  • გსურთ თუ არა გაატაროთ დარჩენილი ცხოვრება ერთად?

თუ დადებითია თქვენი გულის პასუხი, მაშინ ნუღარ ფიქრობთ, გარისკეთ. ოღონდ რჩევაც გაითვალისწინეთ ფსიქოლოგებისგან, მაშინვე ნუ დაიწყებთ პასუხისმგებლობებით და ჩვეული ოჯახური ცხოვრებით! გაიხსენეთ ახალგაზრდობა და ფანტაზია ჩართეთ, რომ ძველის განახლებამ კარგად ჩაიაროს. მაშინვე ნუ ჩაუვარდებით ‘ყოფილს’ მკლავებში. გაიარეთ თავიდან ყველაფერი, თითქოს ახალი შეყვარებულები ხართ. დაე, იბრძოლოს მან თქვენთვის. აგრძნობინეთ კაცად თავი. დაანგრიეთ სტერეოტიპები და დაუმტკიცეთ ყველას, რომ ყველაფრის თავიდან დაწყება შესაძლებელია!

სამწუხაროდ, როდესაც ურთიერთობაზე ვსაუბრობთ უნივერსალური დასკვნების გამოტანა შეუძლებელია. ყველა ურთიერთობა გამოირჩევა თავისი უნიკალურობით, რადგან თვითონ ადამიანები არ ვართ ერთნაირები. მთავარია ყველაფერზე კარგად დაფიქრდეთ და კიდევ უფრო მთავარია, გულის პასუხზე არ თქვათ უარი. თქვენ ყველაფერი გამოგივათ!