Home ურთიერთობები

ალბათ, მსგავს სიტუაციაში აღმოჩენილხარ: ორ ზღაპრულ ღამეს გაატარებ ბიჭთან ერთად, უკან დაბრუნდებით, სადარბაზოსთან დაშორდებით, თავპირისმტვრევით აირბენ კიბეებს, გადაურეკავ დაქალებს:
„არ დაიჯერებთ! ორი ღამე თომასთან ერთად“…

ჩაგეძინება… დილით კი აღარ იცი, როგორ მოიქცე. განსაკუთრებით, იმ შემთხვევაში, თუ შენი თანამშრომელია. ათას კითხვას უსვამ საკუთარ თავს, თვალი კარისკენ გიჭირავს, რამდენჯერმე გადიხარ დერეფანში. იქნებ ღირდა დაგერეკა და შეგეთავაზებინა, ერთად გასულიყავით ლანჩზე…

პირველი დღე ისე გადის, თითქოს არა თუ ერთ შენობაში, ერთ პლანეტაზეც კი არ იყოთ!

საღამოს გოგონებს თავს უყრი, კიდევ ერთხელ, დაწვრილებით ყვები, რა და როგორ მოხდა და ყველა ერთად იწყებთ ფიქრს იმაზე, რამე ხომ არ შეგეშალა, თავს ხომ არ იფასებს, მამაძაღლი ხომ არ არის, იქნებ შენ უნდა გეაქტიურა და ა.შ. ერთხმად თანხმდებით, რომ ჯობს დაელოდო, როგორ განვითარდება მოვლენები.

დილით, რა თქმა უნდა, ისე გამოიყურები, როგორც პოდიუმზე. შემოგხედოს და დარწმუნდეს – შეცდა, ყურადღება რომ არ მოგაქცია, კაბინეტში რომ არ შემოგივარდა ვნებამორეული, მიხაკები რომ არ გამოგიგზავნა!

შესვენებამდე შენს გონებაში უამრავი სცენარი თამაშდება: რაღაც შეემთხვა… ძალიან დაკავებულია… სხვას ხვდება…

ერთმანეთს შემთხვევით ხვდებით. რამდენიმე თანამშრომელ მამაკაცთან ერთად სიგარეტს ეწევა და გაცხარებული საუბრობს დილით გამართულ პრეს–კონფერენციაზე.

იმავე საღამოს, მრგვალ ბაღში უცნობი მოხუცის მხარზე ქვითინებ.

ესეც ასე. ზღაპრული ურთიერთობა დასრულდა ისე, რომ არც კი დაწყებულა. როგორ მოვიქცეთ?

ამ სიტუაციაში არსებობს ერთადერთი გამოსავალი – შევირგოთ! ალუბლის ტორტით პირის ჩატკბარუნების შემდეგ, მხოლოდ არაჯანსაღი ფსიქიკის ადამიანი თუ გაიქცევა აბაზანაში და გულს აირევს.

ამ აზრთან შეგუების შემდეგაც კი ყოველდღიური შეხვედრები გარდაუვალია და შენ ისევ არ იცი, როგორ მოიქცე იმ შემთხვევაში, თუ მარტო დარჩებით.

– როგორ ხარ? – გეკითხება.

– კარგად.

უხერხული დუმილი ჩამოვარდება. იღიმის. შენც იღიმი. ეწევით. იშლებით.

2 კომენტარი to this post
  1. მაინც პრობლემაა, დაუმთავრებელი ურთიერთობები, რომელთაგან გაქცევაც კი შეუძლებელია, ტვინს გიღრღნის, შიგნიდან გჭამს, გაურკვევლობის ელფერს სძენს ცხოვრებას და გაფიქრებს – იქნებ მე უნდა გამეკეთებინა რამე.. რა ვიცი, ჩემთვის ასეა :)

შენ რას იტყვი?