ემოციური ნაბახუსევი

ეს არის მდგომარეობა, რომელიც ადამიანური გრძნობების ზედმეტი დოზით მიღებითაა გამოწვეული.

რისკ-ჯგუფი: ნებისმიერი ასაკის მდედრობითი სქესის წარმომადგენელი.

სიმპტომები: ხანმოკლე დეპრესია, დიდი რაოდენობით მაღალკალორიული ტკბილეულის მიღების დაუძლეველი სურვილი, ტელეფონის და სამყაროსთან კომუნიკაციის გათიშვა და „ტკბილი ნოემბრის“ ფონზე სლუკუნი, ბნელ ოთახში გამოკეტვის და მთელი დღის ძილში გატარების სურვილი.

მკურნალობის მეთოდები

პასიური მეთოდი: მეგობრებთან სამსაათიანი სატელეფონო კონფერენცია და მამაკაცთა მოდგმის მიწასთან გასწორება, ბევრი შოკოლადი (სასურველია – შავი!).

აქტიური მეთოდი: მეგობრებთან ერთად მთელი ღამის ცეკვაში გატარება, ბევრი ალკოჰოლი, შუაღამისას აწ უკვე ყოფილის ნომრის აკრეფა და „ყველაფრის პირში მიხლა, რასაც მასზე ფიქრობ“.

რა შეიძლება გააკეთო, როცა ახლახან საყვარელ ადამიანთან ჩხუბი მოგივიდა, ან დიდი ხნის რომანტიული ურთიერთობა დაასრულე (დაშორდი, დაგშორდა, რა მნიშვნელობა აქვს?!).

ბევრი ჩვენთაგანი, რამდენიმე დღიან ტაიმ-აუტს იღებს ცხოვრებიდან და იწყებს ე.წ. „wallowing” პროცესს. სხვებისთვის, მიუღებელია, ერთი დღე, თუნდაც ერთი წუთიც კი „ვიღაცის გლოვაში გაატაროს, ვინც სათანადოდ ვერ დააფასა“. მეც ამ „სხვების“ კატეგორიას მივეკუთვნებოდი, მაგრამ ერთხელაც „wallowing”-ს გემო გავუგე და მას შემდეგ რამდენიმე ემოციური ნაბახუსევიც გადავიტანე.

Remember... Rory?

ნუ იტყვით, რომ სულაც არ გაწუხებთ „სასიყვარულო“ გართულებები და რომ განშორებებს უპრობლემოდ უმკლავდებით. უბრალოდ, მსგავს სიტუაციებზე ყველა თავისებურად რეაგირებს.

მაგალითად, რიტა რადნერი, ცნობილი კომიკოსი ამბობს: „ძალიან მიყვარს გაფუჭებული ურთიერთობის შემდეგ საკუთარი თავის შოპინგით განებივრება. არ ვიცი რატომ, მაგრამ როგორც კი ახალ შენაძენს გავაკეთებ, თავს მაშინვე უკეთ ვგრძნობ. ხანდახან, როცა ვიტრინაში რაღაცას შევამჩნევ და მომეწონება, ვინმესთან განზრახ ვწყვეტ ურთიერთობას, მერე მივდივარ და ვყიდულობ, იმიტომ რომ გასამართლებელი საბუთი მაქვს: ახლახან საშინელი ტრავმა გადავიტანე.“

ალბათ, არ არის დანაშაული თუ ერთ დღეს სახლში გავატარებთ და საკუთარ თავს ყველა პირობას შევუქმნით იმისთვის, რომ არასასურველი ინციდენტი დავივიწყოთ, ყველაფერი გავაანალიზოთ და ვეცადოთ დაშვებული შეცდომები აღარ გავიმეოროთ.