Home ურთიერთობები

ჩემი დაქალის – ანანოს ზარმა გამომაღვიძა.

„მე და ლაშა დავშორდით!“ – ძილბურანში სასოწარკვეთილი ხმა ჩამესმა. ჩავიცვამ და ამოვალ-მეთქი, ჩავილუღლუღე, მაგრამ ჩამეძინა.

მეორედ გუგას ბუზღუნმა გამომაღვიძა. ფართხა–ფურთხით ჩავიცვი, გუგას დავპირდი, დღეს აუცილებლად გაგყვები შოპინგზე-მეთქი, მისი ფინჯნიდან მოსვი ჩაი და ანტრესკენ გავეშურე, სადაც თამო და ანანო უკვე მელოდნენ.

"მე და ლაშა დავშორდით"...

ანანოს ცხვირ-პირი ჩამოსტიროდა და ენას ვერ აბრუნებდა. მის ნაცვლად, როგორც ყოველთვის, თამო ალაპარაკდა.

–  გუშინ ანანო ნიკასთან წასულა პაემანზე და ლაშას გადაყრია, რომელმაც იქვე იკითხა – “ეს პაემანიაო?” შემდეგ კი, გაბრაზებულმა, წიხლი კრა მაგიდას და  ყავის ფინჯნები დაამსხვრია.

–  თქვენ ხომ არაექსკლუზიურ ურთიერთობაზე შეთანხმდით? თვითონ არ შემოგთავაზა, პარალელურად სხვებსაც შევხვდეთო?

–  ჰო, ეგრე იყო. – ისევ თამომ მიპასუხა, – თუმცა, როგორც ჩანს, უფლება მხოლოდ მასზე ვრცელდებოდა…

–  იქნებ რაღაც შეიცვალა? იქნებ, გრძნობები გაუჩნდა შენ მიმართ…

ანანო აქვითინდა. თამო მიეფერა:

– მამაკაცებს ორმაგი სტანდარტი აქვთ, საყვარელო. ისინი ამბობენ: „მოდი, სხვებსაც შევხვდეთ“ და ამაში მხოლოდ საკუთარ თავს გულისხმობენ. შენს მიერ ამ უფლების გამოყენებისთანავე კი ბავშვივით აბაკუნებენ ფეხებს, ეს როგორ გამიბედეო!

– ოღონდ, საუბარს  მამაკაცისა და ქალის არათანასწორუფლებიანობაზე საუბარში ნუ გადაზრდი. – ვთქვი მე.

– დიახ, დიახ! ის, რაც შეიძლება მათთვის,  არ შეიძლება ჩვენთვის. – დაიჟინა თამომ

– რა გავაკეთო?!… – არც ანანოს სურდა მისი პირადი პრობლემის განზოგადება.

– მიატოვე! – დაუფიქრებლად უპასუხა თამომ.

– მართალი ხარ, არც დაველაპარაკები!

– უკვე ერთი წელია, ერთმანეთს ხვდებით, ანანო! არ შეიძლება ისე დაშორდეთ, რომ არ გაერკვეთ, – შევიცხადე მე, – აგიხსნას, რატომ უარყო საკუთარი შემოთავაზება!

ანტრეში გუგა შემოვიდა. დაგვინახა და ჩვენი მაგიდისკენ გამოეშურა.

– ერთ ყავას დავლევ მეც რა და წავიდეთ, – მითხრა მან.

– იქნებ, გუგას ვკითხოთ, რას ფიქრობს… – თამომ ცბიერად გახედა.

– ოღონდ თქვენს სისულელეებს ნუ მომასმენინებთ! – შეუღრინა გუგამ.

– წაიყვანე რა! სადმე სხვაგან დალიეთ ყავა! – ანანოც გაღიზიანდა.

– კარგი, საყვარელო, არ იდარდო! – გოგონებს ვაკოცე, გუგას თმაზე მოვქაჩე და ვაიძულე, წამომდგარიყო.

გუგა ჩემ გარეშე არასდროს შოპინგობს. მეც ვცდილობ, მასთან ერთად შევიძინო სამოსი.

– რატომ გყავს ასეთი დაქალები, მხოლოდ ბიჭებზე რომ საუბრობენ?

– გავიწყდება, რომ ამ თემაზე ვწერ?

– თეოც, ნინიც და მაკოც კითხულობენ შენს სვეტს. დედაჩემიც, ჰაჰ.

– ბლოგზე რომ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება ასახო, ყველა შენით დაინტერესებული მდედრი წაიკითხავს. მკითხველთა ერთგული სეგმენტი ვიპოვე.

– შენი ბიჭები არ კითხულობენ?

– ვცდილობ, ამაზე არ ვესაუბრო… გუგ, შენი მდედრები სხვა ბიჭებსაც ხვდებიან?

– არ დავინტერესებულვარ. – საქმიანად დაიწყო შავი ჯინსის შეთვალიერება.

– შენთვის მნიშვნელობა არ აქვს?

– ჩემთვის მნიშვნელობა აქვს ორ რამეს: თავს არ მაბეზრებდეს და გვქონდეს კარგი სექსი.

ჯინსი ვიყიდეთ და სახლში დავბრუნდით. ანანომ დამიმესიჯა, ახლა ლაშასთან ერთად ვარ და ვსაუბრობთო.

მომეჩვენა, რომ მართლაც არ ღირს ურთიერთობის გაგრძელება იმ ბიჭთან, რომელსაც ორმაგი სტანდარტები აქვს. ამ ორმაგი სტანდარტის მიღმა ეგოიზმი და არასრულფასოვნების კომპლექსი დგას. თუმცა ანანოს არაფერი მივწერე.

საღამოს კი კიდევ ერთი მესიჯი მომივიდა: “შევრიგდით”.

2 კომენტარი to this post
  1. არ ღირს ურთიერთობის გაგრძელება იმ ბიჭთან, რომელსაც ორმაგი სტანდარტები აქვს. ამ ორმაგი სტანდარტის მიღმა ეგოიზმი და არასრულფასოვნების კომპლექსი დგას. <<< absolituri simartlea.

  2. მარტო ბიჭთან კი არა იმ ადამიანთანაც არ ღირს ურთიერთობა ვისაც აქვს ორმაგი სტანდარტები

შენ რას იტყვი?