განასხვავებენ ქორწინების შეწყვეტასა და ქორწინების ბათილობას. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, სამართლებრივი შედეგი ისეთია, თითქოს არასდროს შეგექმნათ ოჯახი. აღნიშნული ფენომენის შესახებ მომავალ პოსტებში ვისაუბრებთ.

ქორწინების შეწყვეტის საფუძვლებია: ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალება ან სასამართლოს მიერ მისი გარდაცვლილად გამოცხადება. აგრეთვე, განქორწინება.

თუ თქვენს შორის არსებობს დავა (არასრულწლოვან შვილებზე, ქონებაზე), განქორწინება ხდება სასამართლოს წესით. სხვა შემთხვევაში – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომში – “სტს”) მხარეთა ერთობლივი განცხადების საფუძველზე, რომელშიც უნდა დაადასტუროთ, რომ ორივე თანახმა ხართ განქორწინებაზე. შესაძლებელია, საპატიო მიზეზით ერთ-ერთი თქვენგანი არ გამოცხადდეთ “სტს”-ში, მაგრამ აუცილებლად უნდა წარადგინოთ სათანადო წესით დადასტურებული (რაც გულისხმობს განცხადების ნოტარიულად დამოწმებას) თანხმობა.

განქორწინება ხდება მეუღლეთა მიერ განქორწინების შესახებ განცხადების შეტანის დღიდან 15 კალენდარული დღის გასვლისთანავე, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. გამონაკლისი შემთხვები იგივეა, რაც ქორწინების დაჩქარებასთან იყო დაკავშირებული – და ასეთებია: ბავშვის დაბადება, ერთ-ერთი მხარის სიცოცხლისათვის რეალური საფრთხე ან სხვა.

ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან. დაიმახსოვრეთ, სასამართლოს გადაწყვეტილება თქვენი დაშორების თაობაზე აუცილებლად უნდა დაარეგსიტრიტოთ “სტს”-ში ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან არაუგვიანეს სამი წლისა, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ არ ჩაითვლებით გაყრილად.

აღსანიშნავია, რომ კანონით დაუშვებელია მეუღლის ორსულობის დროს და ბავშვის დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში ცოლის თანხმობის გარეშე ქმრის მიერ განქორწინებაზე სასამართლოში საქმის აღძვრა, გამომდინარე ქალის ფაქიზი და საფრთხილო მდგომარეობის გამო.

სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში ერთ-ერთი მეუღლის განცხადებით განქორწინება ხდება იმ პირთან, რომელიც:

  • კანონით დადგენილი წესით აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად;
  • სულით ავადმყოფობის ან ჭკუასუსტობის გამო ცნობილია ქმედუუნაროდ;
  • სასამართლოს მიერ მსჯავრდებულია დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით არანაკლებ სამი წლისა.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ასეთ ვითარებაში არ გჭირდებათ სასამართლოსადმი მიმართვა და განქორწინება ხდება მარტივად, ისევე, როგორც შემთხვევებში, როდესაც მეორე მეუღლე სახეზეა და თანახმაა გაყრაზე.

თუ ერთ-ერთი მხარე არ არის დაშორების მომხრე, საქმეს იხილავს სასამართლო, რომელსაც აქვს უფლება მეუღლეებს დაუნიშნოს შესარიგებელი ვადა – არაუმეტეს ექვსი თვისა. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. ეს იმას ნიშნავს, რომ ვერავის აიძულებთ თქვენთან ერთად მთელი ცხოვრება გაატაროს, თუ კი მას ეს არ სურს.

განქორწინებისას, ერთ-ერთი მხარის თხოვნით, სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას შვილების საცხოვრებელ ადგილსა და მათ სარჩენად გადასახდელ სახსრებზე, აგრეთვე, ალიმენტის ოდენობასა და ქონების გაყოფის თაობაზე.

მეუღლეს, რომელმაც გვარი შეიცვალა დაქორწინების დროს, უფლება აქვს განქორწინების შემდეგაც ატაროს იგივე გვარი, ან დაიბრუნოს ქორწინებამდელი გვარი. ამის შესახებ მან უნდა განაცხადოს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში განქორწინების რეგისტრაციის დროს.

განქორწინებულ მეუღლეებს უფლება აქვთ ხელახლა დაქორწინდნენ.

თუ თქვენ (ორივე) იმყოფებით საქართველოს ფარგლებს გარეთ, განქორწინების რეგისტრაციას შეიძლება განახორციელოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ ან საკონსულო დაწესებულებამ.