დაუცველი სქესობრივი კავშირი გულისხმობს როგორც მუდმივ პარტნიორთან დაუგეგმავ სექსს, ისე შემთხვევით პარტნიორთან სექსუალურ კავშირს. გარდა ამისა, შემთხვევებს, როდესაც: პრეზერვატივი დაზიანდა, კონტრაცეპტივის გამოყენება დაგავიწყდა, გრაფიკი აგერია, გაგაუპატიურეს და ა.შ.

რა თქმა უნდა, წინასწარ არავინ ფიქრობს მსგავს არასასურველ, სიტუაციაში აღმოჩენაზე, მაგრამ თუ მაინც შეგემთხვა რამე გაუთვალისწინებელი, როგორც მინიმუმი, იმ საშუალებების შესახებ მაინც უნდა გქონდეს წარმოდგენა, ვენერიული გზით გადამდები დაავადებებისგან ან არასასურველი ორსულობისგან რომ დაგიცავს.

როგორ დავიზღვიოთ თავი შემთხვევით პარტნიორთან სქესობრივი აქტის შემდეგ ამ გზით გადამდები დაავადებებისაგან?

პირველ რიგში, კარგი იქნება, სქესობრივი აქტის დამთავრებისთანავე მოშარდო და სასქესო ორგანოები საგულდაგულოდ დაიბანო ანტიბაქტერიული საპნით.

შემდეგი ეტაპი ანტისეპტიკური ხსნარის, მაგალითად, ბეტადინის გამოყენებაა. საშოში უნდა შეიყვანო და 2-3 წუთის განმავლობაში დაიტოვო 5-10 მლ ხსნარი, უნდა დაიმუშავო შარდსადენი მილის შესასვლელი, სასქესო ორგანოები და მისი ახლომდებარე არეები, ბარძაყების შიდა ზედაპირი. მერე კი, 2 საათის განმავლობაში, თავი შეიკავო მოშარდვისგან.

ზემოაღწერილ პროცედურებს აზრი მხოლოდ მაშინ აქვს, თუ სქესობრივი აქტის შემდეგ 2 საათზე მეტი არაა გასული, ხოლო თუ ამ პერიოდმა უკვე გაიარა, სავალდებულოა პროფილაქტიკური მკურნალობის ჩატარება ფართო სპექტრის ანტიბიოტიკის აბებით (მასზე ალერგიული არ უნდა იყოთ და სჯობს, ექიმმა შეგირჩიოთ).

ეს საშუალება დაგიცავთ ისეთი დაავადებებისაგან, როგორებიცა: ტრიქომონიაზი, ქლამიდიოზი, გონორეა, სიფილისი, მიკოპლაზმოზი, მაგრამ ვერაფერს მოუხერხებს ვირუსულ ინფექციებს, მათ შორის: ჰერპესს, პაპილომა ვირუსს, შიდსს.

პროფილაქტიკური მკურნალობის შემდეგ და იმ შემთხვევაშიც, თუ არანაირი მკურნალობა არ ჩაგიტარებია, სქესობრივი კონტაქტიდან 3-4 კვირის შემდეგ აუცილებელია ვენეროლოგიური გამოკვლევის ჩატარება. უფრო ადრე ანალიზების ჩაბარება შედეგს არ იძლევა, რადგან გასული არაა დაავადებების უმეტესობის გამოსამჟღავნებლად საჭირო საინკუბაციო პერიოდი. ამ ვადის გასვლის შემდეგ კი აუცილებლად უნდა მიმართო ექიმ-ვენეროლოგს და გაიკეთო ყველა საჭირო ანალიზი.