Home ურთიერთობები

–          საერთოდ გაქრა? – თამომ ცალი თვალით გამომხედა და ცხვირი შეიპუდრა.

–          თორნიკე? საერთოდ.

–          დავიკიდოთ. ვინმე სხვა გაიცანი. იცი რა, საყვარელო, შენს სტატიებს გადავავლე თვალი, დაშორებითა და ურთიერთობის შენარჩუნებით დაგიწყია. ჯერ ურთიერთობის შექმნაზე წერე, გაცნობაზე, გაიხსენე, რამდენი სისულელე ჩაგიდენია. ან სულაც, ჩაიდინე კიდევ ერთი სიგიჟე, მიუვარდი იმ თიბისის ბიჭს.

„თიბისის ბიჭი“ მოლარე ოპერატორია ერთერთ ფილიალში.

–        მე გადავიხდი. – ფული ამოვიღე.

–        ახალი საფულე! – ტაში შემოკრა თამომ.

–        გუგამ მაჩუქა.

გამოვედით. ცრიდა გარეთ. ქოლგა გავშალე, ქუჩას ავუყევით.

პაემანი თიბისი ბანკში

ეს ამბავი ერთი წლის წინ, ოქტომბერში დაიწყო. გუგას სასწავლო სესხი უნდა გადამეხადა, პირველივე ფილიალში შევხტი, რომელსაც ტაქსიმ ჩაუარა. შენობის წინ რატომღაც შევყოყმანდი და ბრახ! ვიღაცამ თავზე წყალი გადმომასხა. შევიძურწე ბანკში. ჯიბიდან საკუთარი პირადობის მოწმობა და ფული ამოვაცურე და ჩემზე ორი თავით მაღალ მოლარე–სიმპათიურ–ოპერატორს გავუწოდე. ჰო, რატომღაც ფეხზე იდგა. მან თავის მხრივ მიმითითა – აქ ხელი მოაწერეთო. გამოვედი და თან გამოვიყოლე განცდა, რომ ეს ბიჭი , სადღაც მენახა. ნეტავ სად?

ახალი წლის დღეებში…

–        რაზე ჩაფიქრდი? გავიდეთ ხვალ მარისთან?

–        ჰო. აქ უნდა ავუხვიო, გკოცნი–გკოცნი.

ახალი წლის დღეებში იმავე ფილიალში აღმოვჩნდი. უამრავი ადამიანი იდგა რიგში. თიბისის ბიჭი რატომღაც ფეხზე წამოდგა, როცა შემამჩნია. წამების შემდეგ დაბნეულმა მიმოიხედა, დაჯდა და საქმე განაგრძო.

იანვარში სპეციალურად ვეწვიე, იგივე განმეორდა – შემკრთალი ფეხზე წამოხტა. თებერვლიდან აპრილის ჩათვლით 5–ჯერ მაინც გამოვძებნე მიზეზი პაემანზე წასასვლელად. თიბისის ბიჭი თანდათან შეეჩვია ჩემს არსებობას და უკვე ახერხებდა სკამზე დამაგრებას. ერთ–ერთი ასეთი ვიზიტის დროს გუგა გავიყოლე.

–        არ გახსოვს ეს ბიჭი ვინაა? ჩვენთან სწავლობდა? – გადავუჩურჩულე.

–        არ მახსოვს? – ხმამაღლა გაეცინა გუგას, – მახსოვს. მისი პლაკატი გააკარი ჩვენი საწოლის მოპირდაპირე კედელზე.

თიბისის ბიჭი ძველი ტელევარსკვლავი აღმოჩნდა. მაგრამ ჩემი ნახვის დრო რატომ ჰქონდა ხოლმე ასეთი რეაქცია ?

შემდეგ თვეებში გადამავიწყდა. მხოლოდ აგვისტოში დავუბრუნდი.

როგორ გავიცნოთ ბიჭი? – სამუშაო სათაური მოვუძებნე სტატიას.

როგორ გავიცნო თიბისის ბიჭი? მკითხველზე მეტად საკუთარი სიტუაცია მაფიქრებდა.

უნებურად გამექცა ხელი ვორდის სხვა ფაილისკენ.

„15 წლის ასაკში ჩემ გარშემო არც ერთი სხვა გოგონა არ უყოფდა საწოლს საპირისპირო სქესის მეგობარს, არც ერთი სხვა გოგონა არ ეწეოდა და თვრებოდა ლუდით, არც ერთი სხვა გოგონა არ ზასაობდა გაკვეთილებზე, არც ერთ სხვა გოგონას არ გაუკრავს შენი პლაკატი იმ მიზნით, რომ საწოლიდან ნასროლი დანა ჩაერჭო ცხვირში. ტელეეკრანიდან მხოლოდ ერთი ბიჭი შემიყვარდა, რეალურ ცხოვრებაში მგონი მხოლოდ შენ შემხვდი, ის ბიჭი ენდი უორჰოლი იყო. მახინჯი ენდი ქალებს არ უყვარდათ, გარშემომყოფ გოგონებს კი პირველად შენზე აუდგათ“.

15 წლის თავქარიანი გოგონა ამ წერილით ვერავის გააკვირვებდა, სწორედ ამიტომ, თითქმის 7 წლის შემდეგ, 24 ოქტომბრის დილით, ადრესატს ოცამდე მოწმის თვალწინ გადავეცი.

როგორ შეიძლება გავიცნოთ ბიჭი? ბავშვობაში ნანახ ერთ–ერთ სერიალში ბიჭი ურჩევს მეგობარს: „მიდი გოგონასთან და რაიმე ძალიან სულელური ჰკითხე, მაგალითად: „შენს რვეულში ფურცლები არის?“ ვერ ვიხსენებ, როგორ განვითარდა მათი ურთიერთობა, ისე კი, მივიჩნევ, გაცნობის დროს საკუთარ კონტურს ვხაზავთ სხვის მეხსიერებაში.

როგორ ან სად უნდა გაიცნო ბიჭი?

ყველგან! თუ ვერაფერს მოიფიქრებთ ორიგინალურს, მხოლოდ საათს ნუ ჰკითხავთ, გაუღიმეთ და უთხარით:

–        მე ელე ვარ.

–        მე – ნიკუშა. – მიღიმის და შემდეგ მზერა მოძრავ შენობებზე გადააქვს ბიჭს, რომელიც გადატენილ ავტობუსში ჩემ გვერდით დგას.

–        ეს ჩემი ნომერია, – ბლოკნოტიდან ამოგლეჯილ ფურცელზე ვწერ და ვაწვდი. ისევ იღიმის ბიჭი, ნომერს ჯინსის წინა ჯიბეში იდებს.

იმავე გაჩერებაზე ჩამოვდივარ. შეიძლება არაფერი გამოვიდეს, მაგრამ სტატიისა და თქვენთვის ღირდა გარისკვა. შემდეგ მსხვერპლებს მარისთან ვირჩევ. ექვსი უცნობი ბიჭია მასთან. აქედან სამი ნორმალური გარეგნობის. ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მარტივია გაეცნო. მარის აზრით, ყველაზე ადვილია რამდენიმე ფრაზა გაცვალოთ და შემდეგ სოციალურ ქსელებში დაამატოთ. არავითარ შემთხვევაში! ეცადეთ წარუშლელი შთაბეჭდილება იქვე მოახდინოთ. თუმცა ჩემს რჩევებს ბრმად ნუ ენდობით. თვითონ განსაზღვრეთ თქვენს პიროვნებას, სიტუაციას და მიმზიდველ უცნობს რა შეგეფერებათ. ნუ შეშინდებით, ნუ დაიმორცხვებთ!

დღის ბოლოს ვიღაც  გამოგაცილებთ, ვიღაც სადარბაზოს წინ გაკოცებთ, ვიღაც დაგიმესიჯებთ და პაემანზე შეგითანხმდებათ, ვიღაც სახლში დაგხვდებათ და ქილით ცივ ლუდს გამოგიწვდის.

მხოლოდ თიბისის ბიჭი არაფერს მოიმოქმედებს.

2 კომენტარი to this post
  1. რა უცნაურია.. ზუსტად მასეთი თიბისი–ს ბიჭი მყავს და რამდენი თვეა მხოლოდ ერთმანეთის ყურებით შემოვიფარგლებით.. ყოველ დილით მხვდება – მე სამსახურში მივდივარ, ის სამსახურში მოდის და თიბისის ტერიტორიაზე ჩავუვლით ხოლმე ერთმანეთს მზერების გაცვლით.. სამწუხროდ არ არის ის ოპერატორი რომ ასე მივეჭრა ))) მისი ფეისბუქი ვნახე შემთხვევით.. მართლა შემთხვევით :) მაგრამ არ მინდა ეს ბანალური მეგობრობის დამატებები და უაზრო ტლიკინი ვირტუალში.. არა და ვგიჟდები ისე მომწონს!

შენ რას იტყვი?