მგონი, ამბობენ, ქალი ყოველთვის ხედავს იმას, რაც (და ვინც) დასანახიაო. ჩვენ “დიდი” თვალები გვაქვს. მეც მეგონა ყოველთვის ვამჩნევდი, მაგრამ დიდი ხანი არაა, რაც აღმოვაჩინე, რომ თურმე არც ასეა საქმე. ვერ ვხედავდი იმას, ვინც უნდა დამენახა და ვამჩნევდი (და არა მარტო) იმას, ვინც ჩემი არ (ან ვერ) იქნებოდა.

მაგალითად, გუშინ. ვზივარ კაფეში, კუთხეში, მშვიდად კოსმოს ვათვალიერებ და თან ყველას ვაკვირდები. ის პირდაპირ იჯდა, ისიც მარტო. მაგიდაზე ყავა, პარლამენტის ახალი კოლოფი. სკამის ზურგზე გადაწოლილი აბოლებდა და რაღაც ქაღალდებს ჩაშტერებოდა. OMG! Just my type – გავიფიქრე. შევხედე და როცა მის მზერას წავაწყდი, ჟურნალს ჩავხედე. შემდეგ უკვე აღარაფერს ვკითხულობდი, მის შემოხედვას ვგრძნობდი და კიდევ იმას, რომ კითხვა მანაც შეწყვიტა. ასეთ სიტუაციაში რა შეიძლება გააკეთოს ქალმა, თუ არა “მოხერხებულად” მოთავსდეს და დაელოდოს. ბოლოს, როცა გავხედე და ისევ მიყურებდა, უნებურად გამეღიმა, მანაც გამიღიმა და წამოდგა.

მიახლოვდება, სამი, ორი, ერთი ნაბიჯიც და… მერე გაჩერდა, მარჯვენა ხელით ჩემს მაგიდას დაეყრდნო და მკითხა: უკაცრავად, საათი ხომ არ გაქვთ?!

ჟურნალის ფურცელს თვალი ნელ-ნელა მოვწყვიტე, მარჯვენა ხელი! “არა” – მშვიდად ვუპასუხე და კიდევ ერთხელ შევათვალიერე მის არათითზე ქორწინების ბეჭედი. “ხუთი წლით ახალგაზრდა რომ ვიყო, აუცილებლად გკითხავდით თქვენს სახელს” ის შეტრიალდა და ნელი ნაბიჯით თავისი მაგიდისკენ წავიდა. ჩემმა “დიდმა თვალებმა” საათიც შენიშნეს მარცხენა ხელზე.

რამდენიმე წუთში “მისტერ სრულყოფილება” წავიდა. ჩავლისას ერთმანეთს გავუღიმეთ და გავბრაზდი: უკანასკნელი ოცი წუთი მის გამო დავკარგე და გამიხარდა, რომ ჩვენს დროშიც ყოფილან ერთგული მამაკაცები. ვითომ?!