Home ურთიერთობები

სკოლა ისე დავამთავრეთ, შეყვარებული არ მყოლია, ყოველი ჩემი კლასელი გოგონას უჯრაში კი რამდენიმე სასიყვარულო წერილი ინახებოდა, რომლებსაც ბიჭების თხოვნით ვთხზავდი. წერილების ერთმა ასეთმა პარტიამ ოჯახიც კი შექმნა. ჩემი ღვაწლი, რა თქმა უნდა, შეუმჩნეველი დარჩა.

უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ბუზებივით დამეხვივნენ თაყვანისმცემლები. ხშირად ვხუმრობ – ბიჭებს ჩემში გუგას სუნი აღაგზნებთ.

რამდენიმე კვირის წინ ექსპერიმენტიც კი ჩავატარე. თორნიკესთან სექსის შემდეგ აბაზანა არ მივიღე და მეტროში ჩავედი. მიკვირს, როგორ გადავურჩი ძალადობის მსხვერპლად ქცევას…

თომას ხმა შემომესმა, გამიწყდა აზრი.

თომა ყოველ დილით მიხაკებს გზავნის...

როდესაც ბიჭების გარკვეული რიცხვი შევიამხანაგე, დავფიქრდი, რატომ არიან ისინი ჩემს ცხოვრებაში ასე ჭარბად?

ჩემი მეზობლის ნინას ცხოვრებას დავაკვირდეთ.  28 წლის არის, უნივესიტეტი დაამთავრა, დღეს  წარმატებული კომუნიკაციების მენეჯერია. გარეგნულად ჟურნალის გარეკანიდან გადმოსული ქალი ეთქმის. რამდენიმე ნაკლიც აქვს, სტერეოტიპულად უდგება ყველა ადამიანს – ჰოროსკოპების ნიშნის მიხედვით აჯგუფებს, ბევრს ეწევა, იცვამს მხოლოდ თეთრ ფეხსაცმელს და ა.შ. თუმცა იმავე ნაკლოვანებებით დამშვენებულ სხვა გოგონებს მამაკაცები არ იწუნებენ. ნინას კი მრავალი ცდის მიუხედავად მესამე წელია არავინ ყავს. იქნებ მარტოობის დაღი დაესვა და დაფრთხნენ ბიჭები?

–         ზოგადად რაში გვჭირდება ურთიერთობები? ხომ შეიძლება საერთოდ უარი ვთქვათ მათზე? – თამო მეკითხება, თავი კი ჟურნალ vogue-ს რუსულ გამოცემაში აქვს ჩარგული.

მართლაც რაში გვჭირდება ურთიერთობები? კითხვის ფორმა შევამსუბუქე და იქვე მყოფებს საუბრის დროს სხვათაშორის ვეკითხებოდი: „რას ელი ურთიერთობისგან?“

სტაბილურ სექსს, ოჯახს, სიმყუდროვეს, სიხალისეს…

ზოგიერთისთვის სასიყვარულო ურთიერთობა ცხოვრების აზრთანაც კი ყოფილა გაიგივებული.

ბიჭების გამო ათასგვარი სისულელეც ჩამიდენია, სიხარულიც მიგრძვნია, ზღაპრულ სამყაროშიც აღმომიჩენია თავი, მაგრამ არც ერთი მათგანი არ ქცეულა ჩემი ცხოვრების აზრად, ან ჩემი ცხოვრების სასურველ მუდმივ მეგზურად. იქნებ ამიტომაც ხშირად ვიცვლი პარტნიორებს? რამდენ ხანს გრძელდებოდა ჩემი ყველაზე ხანგრძლივი ურთიერთობა? 4 თვეს…

სახლში დაბრუნებულს თვალში გუგას ჩანთები მომხვდა. სამზადისი დაწყებულია, ვიზა ჯერ არ ჩანს.

იქნებ ბიჭებს უხილავი ეტიკეტი აქვთ, სადაც აღრიცხულია მათი ვარგისიანობა ან მოხმარების წესი? რამდენ ხანს გასტანს ეს ურთიერთობა? იქნებ განშორების მიზეზიც იგივეა – იქნებ ყოფილი კაცების სუნი აფრთხობთ?

იმავე საღამოს ჩემი ეჭვები ტელეფონზე საუბრის დროს გავუმხილე თამოს.

– ურთიერთობებს ხომ თვითონ წყვეტ?

– საქმე სხვა რამეშია. ისინი თანახმანი არიან.

– სიახლეა თომასთან?

– ყოველ დილით გზავნის მიხაკებს.

– სხვა არაფერი?

– არა.

* * *

ნოემბრის რამდენიმე მზიან დღეს ისევ წვიმები მოყვა. გავცივდი, სამსახურში გადავრეკე და  Day-off ვითხოვე.

როდესაც ბავშვები ვიყავით, იოლად ვცივდებოდი და გუგამ ბულიონის მომზადება ისწავლა. ახლაც ქურასთან ტრიალებს.

– მართლა აპირებ წასვლას? – პირველად ჩამოვაგდე ამაზე საუბარი.

არაფერს მპასუხობს.

– ვინ მომიმზადებს ბულიონს?

ვყლაპავ ცრემლებს.

– კარგად იქნები. – შუბლზე მკოცნის და ოთახიდან გადის.

იქნებ, გუგაა ჩემი მუდმივი თანამგზავრი და სხვა ბიჭის ადგილი მართლაც აღარ მაქვს?

* * *

თაიგულს თან ბარათი მოყვა.

„დამითმეთ შაბათ-კვირა. სადარბაზოსთან გელით“.

არ ვიცოდი, რა ჩამეცვა. კარადა გამოვაღე. ჩემი და გუგას მაისურები ერთად ეკიდა. რაღაც ამოვარჩიე. თმა გავიშრე. საათნახევარი მაინც დავკარგე.

ისევ სადარბაზოს შემოსასვლელთან იდგა.

 

ასე აღმოვჩნდი ბათუმში…

1 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?