signing

რატომ იცვლიან ქალბატონები გვარს დაქორწინებისას? – დავინტერესდით და ვცადეთ გამოგვერკვია, რა ფენომენია ქმრის გვარზე გადასვლა საქართველოში.

გვარის გამოცვლა გათხოვებისას ზოგადად, დსთ-ს ქვეყნებშია მიღებული. ეს ძველი ტრადიციაა და ითვლება, რომ რადგან ერთი ოჯახი ხდებით, ერთ გვარს უნდა ატარებდეთ. მსგავსი კონსერვატიულობით გამოირჩევა ასევე ამერიკა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი. ქმრის გვარზე გადასვლაზე უარის თქმა ტრადიციის, წესების დარღვევად აღიქმება. სკანდინავიურ ქვეყნებში გათხოვილი ქალბატონი ხშირად ორივე გვარს ატარებს. ხოლო ისლანდიაში გვარის შეცვლა მხოლოდ გათხოვების მიზეზით, საერთოდ მიუღებელია.

გვარის შეცვლის მიზეზი შეიძლება გახდეს საკუთარი გვარის არასასურველი, არასასიამოვნო ჟღერადობა. თუმცა, ფსიქოლოგების აზრით, როდესაც მსგავსი გვარის მატარებელი თავის გვარს „ბოლომდე“ ინარჩუნებს, რაც უნდა დაცინვისა თუ გაშარჟების საგანი იყოს ის, ძლიერი ფსიქიკისა პატრონია და ჩამოყალიბებული, შემდგარი პიროვნებაა.

ქართული ეროვნების მამაკაცებზე დაქორწინებული სხვა ეროვნების გოგონებიც უმრავლეს შემთხვევაში იცვლიან გვარს, რადგან „იხურავენ იმ ქვეყნის ქუდს“, სადაც მეუღლესთან ერთად სახლდებიან. როგორც არაერთმა სომხური, რუსული თუ უკრაინული წარმოშობის მქონე ქართველი მამაკაცის მეუღლემ პირად საუბარში აღიარა, დასაქმებასთან თუ პირად ურთიერთობაში პრობლემების, გაუგებრობის (ვაღიაროთ, ნაციონალური ნიშნით ნეგატიურად გამორჩევასაც აქვს ჩვენთან ადგილი, “ხანდახან”) აცილების მიზნითაც შეცვალეს თავიანთი სლავური/არაქართული წარმოშობის ქალიშვილობის გვარები ქართულზე.

LegalDocumentSignatureLine

 

„არც ჩემი გვარის დაკარგვა მინდოდა, და ქმრის გვარის აღებაც მსიამოვნებდა, ამიტომ ავიღე ორივე გვარი უშუალოდ ქორწინების რეგისტრაციისას. შემდეგ პირადობის მოწმობაც და პასპორტიც ჩავაბარე განცხადებასთან ერთად და ორ კვირაში ახალი სახელი მქონდა. სხვა საბუთები ნელ ნელა შევცვალე, დაზღვევა, ბანკში ინფორმაცია და ა.შ. არანაირი პრობლემა არ შემქმნია.  ახლა ამაყად ვატარებ როგორც ჩემს გვარს და ინდივიდუალურობას, ასევე მეუღლის გვარს და მისდამი „კუთვნილებას“, ასე ვთქვათ  :)” –  დიანა კოვალიოვა-ქუთელია

არსებობს აზრი, რომ ცოლი, რომელიც ქმრის გვარს იღებს, ავტომატურად მისი ოჯახის კარმასა და ენერგეტიკას ითავისებს. ზოგისთვის სხვისი (თუნდაც ყველაზე საყვარელი ადამიანის) გვარის აღება ინდივიდუალურობის დაკარგვას ნიშნავს ზოგისთვის კი საყვარელ ადამიანთან ერთობლიობის, შერწყმის საშუალებაა.

საქართველოში გვარის შეცვლა ხდება ან პირდაპირ ქორწინების მიმდინარეობისას, სადაც რეგისტრაციისას აღნიშნავ, რომ გსურს აიღო მეუღლის გვარი, ან მოგვიანებით, იუსტიციის სახლში საბუთების წარდგენის საფუძველზე. გვარის შეცვლის შემდგომ, ვალდებული ხარ შეცვალო პირადობის დამადასტურებელი საბუთები, პასპორტი, მართვის მოწმობა; მიაკითხო საგადასახადოს, საპენსიო ფონდს, ბანკს. დიპლომი მოქმედი იქნება მხოლოდ ქორწინების მოწმობასთან ერთად. ასევე, ქმრის გვარზე მყოფ მეუღლეს მომავალში იურიდიულად სრული უფლება აქვს მოითხოვოს საერთო ქონებაზე თავისი კანონიერი მემკვიდრეობითი უფლებები.

 „სანამ ყურებამდე შეყვარებული ვიყავი, სანამ გათხოვებას და ამ ყველაფრის ოფიციალურად დაკანონებას (ე.წ. ხელის მოწერა) გადავწყვეტდი, ნამდვილად არ მიფიქრია, არცერთხელ, რომ გვარი უნდა შემეცვალა. ის კი არადა ხელის მოწერის დროს უეცრად რომ მკითხეს შეიცვლი გვარს თუ არაო, დავიბენი და იმ რამდენიმე წამში, სანამ ხმას ამოვიღებდი, ჩემმა მეუღლემ მსწრაფლ დაუქნია თავი – რა თქმა უნდაო. ეს თავის დაქნევა ხშირად გამხდარა ჩვენი დავის საგანი.

რა თქმა უნდა, მომიხდა ყველა დოკუმენტის ახალ გვარზე გადატანა, უკვე 8 წელი გავიდა ამ ამბის შემდეგ, მაგრამ ეს “სხვა” გვარი ვერაფრით გავითავისე, მუდამ მგონია რომ მე კი არა სხვა პიროვნებაა, მოკლედ დისკომფორტია.

ხშირად ვფიქრობ ხოლმე ჩემს გვარს დავუბრუნდე, მაგრამ მთელი რიგი პროცედურების გავლა მეზარება – მოგეხსენებათ ბიუროკრატიას დიდი დრო უნდა – ასე რომ, გოგონებო, სანამ გათხოვდებით, კარგად დაფიქრდით, გვარის შეცვლა ძალიან სერიოზული საკითხია და თავის დროზე რომ მეფიქრა, მეც ახლა საწუწუნოდ არ მექნებოდა საქმე.” – თამუნა ჩაჩაშვილი

n0mdXFW

„არასოდეს ბრწყინავდა ჩემი გვარი და არასოდეს მომწონდა. შესაბამისად, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ქმრის გვარზე აუცილებლად გადავიდოდი. როდესაც შარლს გავყევი, რა თქმა უნდა, ამ სურვილიდან გამომდინარე გადავედი მის გვარზე, თუმცა ბევრი საბუთის გამოცვლა დამჭირდა და ბევრი დრო წაიღო. ძალიან მომწონს ჩემი ახალი გვარი, თავს განახლებულ ადამიანად ვგრძნობ. უბრალოდ, როდესაც მეკითხებიან, რა გვარის ხარო და როცა უცხოურ გვარს ვეუბნები, აუცილებლად ინტერესდებიან ქალიშვილობის, ანუ ქართული გვარით, რაც ცოტა არ იყოს გამაღიზიანებელია. განსაკუთრებით ოფიციალური ორგანოებისაგან, რომლებმაც მხოლოდ მოქმედი მონაცემები უნდა გამოიყენონ, მაგრამ არ ამბობენ უარს შენს საქმეში ცხვირი ჩაჰყონ და დეტალურად დაინტერესდნენ, თუ რატომ და როგორ შევიცვალე გვარი.” – სალომე ლებლან

გვარის შეცვლისთვის შეგიძლია მიმართო იუსტიციის სახლს ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს. მომსახურების სტანდარტული ტარიფი 55 ლარია (2013 წლის ნოემბრის თვის მონაცემებით) და მომსახურების ვადა 45 დღე. რა თქმა უნდა, დაჩქარებულადაც შესაძლებელია ამ საქმის დაჩარხვა. ტარიფებს, ვადებს და საბუთების ჩამონათვალს იუსტიციის სახლის ვებ-გვერდზე იპოვი.

“მე იმიტომ შევიცვალე, რომ ჯონსონი მომწონდა ძალიან, თან განსხვავებული ვიქნებოდი – თათია ჯონსონ ბევრი არ არსებობს. თუმცა ქმარს არ უთხოვია, მაგრამ გაუხარდა, ანუ გვარი ქმრის პატივისცემის გამო არ შემიცვლია, მხოლოდ იმიტომ, რომ მომწონდა”. – თათია ჯონსონ

script

არსებობს აზრი, რომ გვარის შეცვლასთან ერთად იცვლი ბედსაც. იგულისხმება, რომ უნდა გაბედნიერდე. ამიტომ როდესაც გადაწყვეტ საყვარელ ადამიანთან ერთად განვლო ცხოვრება და რეალობაში თანაცხოვრების ახალი წესები აითვისო, გაითვალისწინე, რომ მეუღლის გვარზე გადასვლაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და კარგად გააზრებული და გათავისებული ნაბიჯი უნდა იყოს.