Home ურთიერთობები

Nick-Alley: კარგი, მოდი დავადგინოთ შეხვედრის წესები.

ELLE: OK

Nick-Alley:  კარგად ნაცნობ ადგილზე შევთანხმდებით

Nick-Alley:  მაშინვე გამოვალთ სახლიდან

Nick-Alley: ვიცნობთ ერთმანეთს, და, როგორც ძველ მეგობარს, ჩაგიხუტებ

ELLE: LOL

Nick-Alley: მერე ხელკავი, ავუყვებით ქუჩას, მოვძებნით მყუდრო კაფეს…

შეხვედრის ადგილზე შევთანხმდით, სქელ წითელ რეიტუზზე გრძელი ნაქსოვი ჯემპრი გადავიცვი, ახალ, იისფერ პალტოში გავეხვიე და სახლიდან გამოვედი.

დათქმულ ადგილამდე 8 წუთი მჭირდება მისასვლელად. მას, დაახლოებით, 5-6. ზუსტად ვიცი, სად ცხოვრობს, თუმცა, არ ვიცი მისი მობილურის ნომერი. როგორღაც Facebook-ის მეგობართა შორის აღმოჩნდა, მომწერა და მკითხა, მსურს თუ არა, რვა საათისთვის შევხვდე. 7 იყო. გამეღიმა. როგორ უნდა მოახერხოს უცნობმა ბიჭმა, თუნდაც საკუთარ თავში ძალიან დარწმუნებულმა, იმ დღესვე დაგითანხმოს პაემანზე?

უარი არ მითქვამს, საღამოს სტატია უნდა დამეწერა, მე კი მასალა არ მქონდა. „იქნებ, რაღაც გამოვიდეს“, გავიფიქრე და დავთანხმდი.

გარდა იმისა, რომ სხვა არც ერთ ბიჭს ასეთ უმოკლეს დროში არ მოუხერხებია ჩემი დათანხმება, არც არავის განუსაზღვრავს წინასწარ შეხედრის წესები. ჩანთაში მობილური აზრიალდა.

From Guga: „ელ, სადმე გახვედი? სიგარეტი რააა“

მისასვლელად კიდევ 4 წუთი მჭირდება და ათასი აზრი მიტრიალებს თავში. ვიღაც ხუმრობს?! ასეთ შემთხვევაშიც შეიძლება სტატიის დაწერა.

დავინახე. შევყოვნდი. შეათვალიერე. შემდეგ გაბედულად წავედი მისკენ და საშუალება მივეცი, ჩამხუტებოდა. მოვშორდი, ხელკავი აღარ გამხსენებია. გავუღიმე. ინერტულად გზა განვაგრძე და ქუჩა გადავჭერი. გამომყვა. ქუჩაში ვიხეტიალეთ. საინტერესო მოსაუბრე გამოდგა.

თუმცა ერთხელ მაინც ჩამოწვა უხერხული დუმილი, როდესაც შემთხვევით მის მხარს მივეჯახე.

–         ნაცნობი სურნელი აქვს შენს სუნამოს, მაგრამ ვერ ამოვიცანი რისი.

–         მანდარინის ყვავილებია.

–         ამ საღამოს შესახებაც შეიძლება დაწერო?

ტუჩი მოვიკვნიტე, მე ხომ ეს ერთადერთი ინტერესი მქონდა.

დამშვიდობების დროს, აღნიშნა, რომ ერთი წლის შემდეგ ისევ უნდა შევხვდეთ ერთმანეთს, მომეხვია და გამშორდა.

–         ნახვამდის, გოგონავ, მანდარინის ყვავილებით!

სიგარეტის ყიდვა დამავიწყდა. გუგა გაბრაზდა და პიცა არ გამინაწილა.

ნეტავ, თუ მომწერს? Facebook-ზე მისი გვერდი მოვძებნე.

გაეუქმებინა.

***
გვიან ღამით გამომეღვიძა. დავფიქრდი.

თომა იყო ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეეძლო მსგავსი რამ გაეკეთებინა. თვალი გავუსწორე რეალობას, ვერაფრით ვეგუებოდი მის გაუჩინარებას. ჩემი სხეული განწირული კიოდა, ითხოვდა სითბოს და უჩინარმა ძაფებმა უცნობი ბიჭი გამოიძახა…

4 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?