Home ურთიერთობები

21.12.

აეროპორტიდან ტაქსით წამოვედი. ჩემი ქუჩის დასაწყისში ტაქსიდან გადმოვედი, ნარინჯისფერკოპლებიანი თავსაფარი მოვიხვიე და საპირისპირო მიმართულებით წავედი, არ მინდოდა ცარიელ სახლში ასვლა.

გათენებამდე ვიხეტიალე და კაფეს შევეხიზნე. მიმტანს ვთხოვე, ორი ადამიანისთვის გაეწყო მაგიდა. ჩემთვის ლატე და ფრანგული ფუნთუშა, მისთვის – სენდვიჩი ლორითა და ყველით, ბერძნული სალათი და ფორთოხლის წვენი შევუკვეთე.

გუგას ველოდი, რომელიც ღამით ამსტერდამში მიფრინავდა.

თერთმეტი საათისთვის ანანოსთან ავედი, რომელიც ასევე დიდი პრობლემის წინაშე იდგა – სამოსის გადარჩევას ცდილობდა. ამ საქმემ გამართო და მთელი დღეც მოითხოვა.

ღამით იქვე დავრჩი.

"ისევ შოპინგი გახდა საჭირო"

22.12.

საუზმე ორისთვის მოვითხოვე. ჩემთვის – რძიანი ყავა და FishMac, მისთვის – ორმაგი ჩიზბურგერი, კარფოტილი ფრი და ფორთოხლის წვენი.

ბიბლიოთეკაში შევიარე, მურაკამის „Dance, Dance, Dance” ამოვირჩიე.

ღამით თამოსთან დავრჩი.

23.12.

საუზმე ორისთვის მოვითხოვე. ჩემთვის კაპუჩინო და სენდვიჩი ორაგულით, მისთვის – ფორთოხლის წვენი და სენდვიჩი ლორით და კვერცხით.

მაღაზიები მოვიარე. ანანოსთვის ხელთათმანები ვიყიდე, თამოსთვის – Marc Jacobs-ის Daisy, ნინასთვის აქსესუარები iPad-სთვის, თინისთვის – ხელჩანთა ლეოპარდის პრინტით, სხვებისთვის რაღაც წვრილმანები, შავი ყუთები და ფერადი ბაფთები საჩუქრების მოსათავსებლად.

გუგასთვის შეძენილი ელ. გიტარა (რომლისთვისაც მთელი თვე ვაგროვებდი ფულს), ჩემი საწოლის ქვეშ ინახებოდა.

ღამით ისევ თამოსთან დავრჩი.

24.12.

მთელი დღე მეძინა.

25. 12.

საუზმე ორისთვის მოვითხოვე. ჩემთვის ორმაგი კაპუჩინო და ჩიზქეიქი, მისთვის – ფორთოხლის წვენი და ქათმის სენდვიჩი.

– ვინმე შემოგიერთდებათ? – თომა იდგა ჩემ წინ.

არაფერი ვუპასუხე.

– შეიძლება ჩამოვჯდე?

თანხმობის ნიშნად ოდნად შესამჩნევად დავუქნიე თავი. ახლა სამნი ვუსხედით მაგიდას.

– მომიტევეთ ჩემი უღირსი საქციელი. – ამდენი ხანია ვიცნობ და ისევ თქვენობით მელაპარაკება… ეს მგონი მისი სტილია.

მიმტანმა შავ ყავასა და ალუბლის ტარტებთან ერთად თეთრი მიხაკები მოიტანა, როგორც აღმოჩნდა, თომას წინასწარვე შეეკვეთა.

– რას კითხულობდით?

– მურაკამის რომანს.

– როგორ გაქვთ დაგეგმილი დღესასწაული?

– დავიძინებ.

– ბრაზობთ?

თვალებში ჩავხედე. არა, არ ღადაობდა, არც თამაშობდა. ბავშვობაში წაკითხული უამრავი სასიყვარულო რომანის გამო დავჯილდოვდი ამ ზღაპრული, უცნაური ზნის მამაკაცით?

– გაატარეთ დღესასწაულები ჩემთან ერთად.

– მოვიფიქრებ. – წამომცდა.

– ახლა დაგტოვებთ, თქვენ, მგონი, ისევ სხვას ელით.

წამოდგა, გაიღიმა და დამტოვა.

26. 12.

გუგას თბილ ქვეყნებში გადაფრენის შემდეგ, პირველად მეძინა სახლში. ადრე ავდექი. სურნელოვანი აბაზანა მივიღე. პირსახოცში გახვეულმა დავიწყე საუზმის მომზადება ორისთვის, ჩემთვის – ლატე და ბლინები მაყვლის მურაბით, მისთვის – ფორთოხლის წვენი და ბლინები მარწყვის ჯემით.

ისევ შოპინგი გახდა საჭირო. კაბები უნდა შემეძინა დღესასწაულებისთვის

1 კომენტარი to this post
  1. მომწონს! ღია დასასრულია თითქმის ყველა სტატიაში, რაც უფრო მეტი ფანტაზიორობის უფლებას აძლევს მკითხველს.

შენ რას იტყვი?