დღესდღეობით, პრობლემა, რომელსაც ქვემოთ განვიხილავთ, საკმაოდ მწვავედ დგას ქართველი დედების წინაშე. საჭიროა, დავიცვათ ჩვენი შვილების უფლებები. თუ როგორ, ამას მაშინ შეიტყობ, თუკი ამ სტატიის კითხვას განაგრძობ.

ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვი

Childs Hand

ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილის წარმოშობა დგინდება მშობელთა ერთობლივი განცხადებით და ბავშვის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტით. მშობელთა ერთობლივი განცხადების არარსებობის ან მისი წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, ბავშვის მამობა შეიძლება დადგინდეს სასამართლო წესით ერთ-ერთი მშობლის, ბავშვის მეურვის (მზრუნველის) ან იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომლის კმაყოფაზედაც იმყოფება ბავშვი, აგრეთვე თვით ბავშვის განცხადებით მის მიერ სრულწლოვნების მიღწევის შემდეგ. ბავშვის მამობის დადგენის საკითხს სასამართლო წყვეტს ბიოლოგიური (გენეტიკური) ან ანთროპოლოგიური გამოკვლევის შედეგების მტკიცებულებების შესაბამისად, რომელიც შეეხება ბავშვის მამობის განსაზღვრის საკითხს.

ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა სამართლებრივი სტატუსი

„ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ“ ევროპული კონვენციის (მე-4 მუხლის) თანახმად, მამობის ნებაყოფლობითი აღიარება არ შეიძლება იყოს გასაჩივრებული ან ეჭვქვეშ დაყენებული, თუ შიდა კანონმდებლობა ითვალისწინებს აღნიშნულ პროცედურებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პიროვნება, რომელსაც სურს აღიაროს ან უკვე აღიარა ბავშვი, არ არის ბავშვის ბიოლოგიური მამა. მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ბავშვის წარმოშობის დადგენისას გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს იმ პირის დადგენას, ვინც პირდაპირ ბიოლოგიურ კავშირშია ბავშვთან და შესაბამისად, არის ბავშვის მშობელი. ზემოაღნიშნული ნორმით დაცულია ბავშვის სამოქალაქო უფლება, იცოდეს თავისი წარმომავლობის, მშობლების შესახებ.

„ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მეორე მუხლი ადგენს თითოეული ბავშვისათვის კონვენციით გათვალისწინებული ყველა სამოქალაქო უფლების ხელმისაწვდომობას და მის დაცვას დისკრიმინაციისაგან ნებისმიერი საფუძვლით.

ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვის უფლებები

რაც შეეხება ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვის უფლებებს, იგი დაცულია როგორც ეროვნული კანონმდებლობით – საქართველოს კონსტიტუციით და სამოქალაქო კოდექსით, ასევე „ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ“ ევროპული კონვენციით. აღსანიშნავია, რომ ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვის შემთხვევაში, სრულად გამოიყენება „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის“ მე-8 მუხლი, რომლითაც ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას. მაშასადამე, პირს აქვს იმის უფლება, მოახდინოს იდენტიფიკაცია და მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია მისი პიროვნების, მათ შორის, ბიოლოგიური მშობლების შესახებ.

როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი და ჩვენი პატარების უფლებები?

თუ მამასთან მოლაპარაკება უშედეგოა და/ან არ შედგა ნებისმიერი მიზეზით, უნდა მივმართოთ სასამართლოს!

სასამართლო წარმოებაში არსებული საოჯახო-სამართლებრივი დავების დიდი ნაწილი დღეს მოდის ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა მიმართ მამობის დადგენაზე. რეგისტრირებული ქორწინების შედეგად დაბადებული ბავშვების მიმართ არსებობს პრეზუმფცია, ანუ ვარაუდი იმისა, რომ მამა მხოლოდ რეგისტრირებული მეუღლეა.

სხვაგვარად არის არარეგისტრირებული ქორწინებით დაბადებული ბავშვის მიმართ მამობის დადგენის საკითხი.

კანონმდებლობის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უარი თქვას ბავშვის მამობის დადგენაზე, თუ მისი დადგენა ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს. მამობის დადგენასთან დაკავშირებით, წლების განმავლობაში, არა ერთი სარჩელი განხილულა სასამართლოში, თუმცა აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შეიცვალა. სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების კვალდაკვალ კი სამოქალაქო კოდექსში შევიდა მნიშვნელოვანი ცვლილება და მამობის დადგენისთვის გადამწყვეტი მტკიცებულების ძალა მიენიჭა გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც ადგენს ბავშვის ბიოლოგიურ მამობას.

ადრე მოქმედი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის შესაბამისად, მამობის დადგენისთვის დასაშვები იყო მხოლოდ ის მტკიცებულება, რომელიც ადასტურებდა ბავშვის დედისა და მოპასუხის ერთად ცხოვრებასა და საერთო მეურნეობის წარმოებას ბავშვის დაბადებამდე, ან ბავშვის ერთად აღზრდას ან რჩენას, ანდა დამამტკიცებელ საბუთს, რომელიც სავსებით ადასტურებს მოპასუხის მიერ მამობის აღიარებას. აღნიშნული ჩანაწერით კანონმდებელს შემთხვევით არ გამორჩენია ბიოლოგიური მამობის დროს მისი დადგენა დნმ ექსპერტიზით. კანონმდებელი უარს აცხადებდა შემთხვევითი კავშირების შედეგად დაბადებული და არასასურველი ბავშვების მიმართ ბიოლოგიური მამობის დადგენაზე, რაც ეწინააღმდეგებოდა ბავშვთა უფლებების ევროპულ კონვენციას, ადამიანის უფლებათა კონვენციას და ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ კონვენციას, რომლის თანახმადაც ბავშვს უფლება აქვს იცოდეს ვინ არის მისი მამა და მამობის დადგენასთან დაკავშირებულ მოქმედებაში დაშვებული უნდა იყოს მეცნიერული მტკიცებულებები, რომლებსაც ძალუძთ ხელი შეუწყონ მამობის დადგენას ან უარყოფას.

გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დგინდება მშობლების უფლება-მოვალეობები შვილების მიმართ, რომელიც კანონით მაინც შეასრულებს თავის მოვალეობას და უზრუნველყოფს შვილს გვარით და ფინანსურად. თუ რა ურთიერთობას დაამყარებს ის ბავშვის დედასთან, ეს არანაირად არ უნდა ჩრდილავდეს ბავშვის უფლებებს.

საქართველოს სასამართლო პრაქტიკაში 2005-2006 წლამდე არსებულ გადაწყვეტილებებში სასამართლო უარს აცხადებდა გენეტიკური ექსპერტიზის დანიშვნაზე.

მას შემდეგ, რაც სასამართლო პრეცენდენტი დნმ ანალიზის მიხედვით მამობის დადგენაზე დაიშვა, ამ კატეგორიის დავებმა მოიმატა. ბავშვის უფლებებისა და ინტერესების გათვალისწინება უნდა მოხდეს იმ შემთხვევაშიც, თუ მამა უარს ამბობს გენეტიკური ანალიზის ჩატარებაზე. ასეთ დროს მამაზე ვრცელდება პრეზუმფცია და ბავშვის უფლებებიდან გამომდინარე იქნება გენეტიკურ ექსპერტიზაზე მოთხოვნა.

თუ მამა უარს იტყვის ექსპერტიზის ჩატარებაზე, მაშინ ის ავტომატურად ცხადდება ბიოლოგიურ მამად.

მამობის დადგენის დროს, მამას დაეკისრება საალიმენტო ვალდებულება და ბავშვის რჩენა მხოლოდ დედის მხრებზე არ გადავა, ბავშვს ექნება მემკვიდრეობის მიღების უფლებაც. შესაბამისად, ყველა ქონებრივი შედეგი მხოლოდ სამართლებრივი სტატუსის მოპოვების შემდეგ მიიღება.

მარტოხელა დედა, რომელიც სასამართლოს მიმართავს მამობის დადგენის მოთხოვნით, ხშირ შემთხვევაში არა მარტო საზოგადოებისა და მისი შვილის მამისგან, არამედ საკუთარი ოჯახისა და მშობლებისგანაც კი უარყოფილია. სასამართლო პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევები, როცა დედა ქონებრივ პრივილეგიებზე უარს მხოლოდ იმიტომ აცხადებდა, რომ მის შვილს არ ჰქონოდა უკანონო ბავშვის სტატუსი. კანონი ითვალისწინებს, რომ მამობის დადგენის დროს უმთავრესი ბავშვის ინტერესებია, ბავშვს უფლება აქვს იცოდეს, ვინ არის მისი მამა, დედაც არ უნდა ზრუნავდეს მარტო შვილის რჩენა-აღზრდაზე, მაგრამ მამობის დადგენამ და სიმართლის გაგებამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს მასზე, ამიტომ ბავშვის ასაკის, ფსიქოლიგიური თუ ემოციური განწყობის გამო, მამობის დადგენა ზოგჯერ, შესაძლოა, არც შედიოდეს ბავშვის ინტერესებში. ამ ორ ღირებულებას შორის კანონმა არჩევანი აუცილებლად მხოლოდ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გააკეთოს.

შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ისეთ შემთხვევებსაც, როცა სამედიცინო ბიოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება შეუძლებელია, მაგალითად არ არის მამა ცოცხალი და ასევე ცხედარიც არ არსებობს, არ არიან პირდაპირი ნათესავები, ვისზედაც შესაძლებელი იქნება ექსპერტიზის ჩატარება. ასეთ დროს, კანონით სასამართლო

მხედველობაში იღებს ბავშვის დედისა და მოპასუხის ერთად ცხოვრებასა და საერთო მეურნეობის წარმოებას ბავშვის დაბადებამდე, ან ბავშვის ერთად აღზრდას ან რჩენას, ანდა დამამტკიცებელ საბუთს, რომელიც სავსებით ადასტურებს მოპასუხის მიერ მამობის აღიარებას. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონი დაუქორწინებელი მშობლებისაგან შვილის წარმოშობის დასადგენად საკმარისად მიიჩნევს მითითებულ გარემოებათაგან ერთ-ერთის არსებობას იმ შემთხვევაში, როცა ზემოაღნიშნულ საპატიო მიზეზთა გამო შეუძლებელია ექსპერტიზის ჩატარება.

არსებობს შემთხვევები, როდესაც მამა აღიარებს თავს ბავშვის მამად და ნებაყოფლობით იწერება შესაბამის დოკუმენტებში. როდესაც მამობის აღიარება ნებაყოფლობით არ ხდება, დგინდება სასამართლოს საშუალებით.

სასამართლოსთვის მიმართვის უფლება

როცა მამა თავის სურვილით არ თანხმდება მამობის აღიარებაზე, სასამართლოსთვის მიმართვის უფლება აქვს:

  • დედას;
  • ბავშვის მეურვეს (მზრუნველს);
  • იმ პირს, რომლის კმაყოფაზეც იმყოფება ბავშვი და
  • თვითონ ბავშვს, მის მიერ სრულწლოვნების მიღწევის შემდეგ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ახლახან დაამთავრა საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი განაცხადის განხილვა, რომელიც სწორედ მამობის დადგენას ეხებოდა. ეროვნულმა სასამართლოებმა უარი უთხრეს მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე და მამობის დადგენაზე მიუხედავად იმისა, რომ საქმეში იყო ექსპერტიზის დასკვნა მამობის შესახებ, თუმცა სასამართლომ იმ დროს მოქმედი კანონის შესაბამისად, შეუძლებლად მიიჩნია ამ დასკვნის გამოყენება და ამის საფუძველზე სარჩელის დაკმაყოფილება. ამ საქმეში მითითებულია: ‘მთავრობა აღიარებს, რომ სამოქალაქო კოდექსში არსებულმა ხარვეზებმა არ მისცა საშუალება მომჩივანს სრულად ესარგებლა თავისი უფლებებით, რომელსაც კონვენციის მერვე მუხლი ითვალისწინებს’. საქართველოს სახელმწიფოსა და მომჩივანს შორის შედგა მეგობრული შეთანხმება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მოსარჩელეს უფლება მიეცა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ხელახალი გადასინჯვა მოითხოვოს. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საჩივარი #60596/09 2012 წლის 11 დეკემბერი).