Girl talk

– ფეისბუქზე სტატუსი რატომ შეცვალე? დაშორდით და მე არ ვიცი?
– არა, უბრალოდ “ურთიერთობაში” ვარ უკვე სამი თვეა, ვიფიქრე, რომ უკვე დროა სახელი დავარქვა და ყველას გავაგებინო, რომ ეს ადამიანი ჩემს ცხოვრებაში არსებობს, მაგრამ არ დამიდასტურა.
– ჰმმ… და არგუმენტი?
– არგუმენტი ის არის, რომ “ნუთუ არ კმარა ჩვენ რომ ვიცით, აუცილებელია ყველას გავაგებინოთ?!”
– რა ცოლიანი კაცივით მსჯელობს!
– გვქონდა ამ თემაზე ხანგრძლივი საუბარი. ხომ გესმის, ჩემთვის ფეისბუქის სტატუსს არ აქვს დიდი მნიშვნელობა, მაგრამ მაინც არასასიამოვნო სიურპრიზი იყო უარის მოსმენა. ძალიან მტკივა გული, როცა მეუბნება, რომ სერიოზული ურთიერთობისთვის არ არის მზად, თან იმასაც ამბობს, რომ ჩემთან რომ აქვს, ასეთი ურთიერთობა ჯერ არავისთან ჰქონია. ძალიან ურთიერთ საწინააღმდეგოდ მსჯელობს.
– ის ხომ მაინც იცი, რომ გულწრფელია?
– ვიცი, მაგრამ ეგ არ არის საკმარისი. დაქორწინება არც მე მინდა, უბრალოდ იმ მდგომარეობაში არ ვარ, რომ არასერიოზული და უსტატუსო ურთიერთობა მინდოდეს. სხვასთან ალბათ წინააღმდეგიც არ ვიქნებოდი, ყოველთვის მე ვიყავი ადამიანი, რომელიც სტატუსებს და იარლიყებს გაურბოდა, მაგრამ ამჯერად ყველაფერი სხვაგვარადაა, ამიტომ მეტს ვითხოვ.
– ზედმეტს არაფერს ითხოვ.
– ვიცი, მხოლოდ იმას, რაც მინდა და რასაც ვიმსახურებ.
– მე კი გუშინ საღამოს ჩემს ბოლო ურთიერთობაზე დავფიქრდი. უცებ ცუდ ხასიათზე დავდექი და გავაცნობიერე, რომ იმაზე ვფიქრობდი. როდის, რატომ ან რამ გამახსენა ვერ ვხვდები.
– რა მნიშნელობა აქვს რამ გაგახსენა?!
– არანაირი, უბრალოდ მეგონა თავიდან უკვე ამოვიგდე.
– მე ერთ რამეს გეტყვი: შენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდა, რაც საჭირო იყო, უფრო მეტიც. ალბათ, არ გიმსახურებდა.
– კი, მაგას ვხვდები, მაგრამ ამით რა იცვლება? ვერ ვივიწყებ, რომ სხვა უყვარს. წარმოიდგინე, ჩემთან დაიწყო ურთიერთობა, როცა იცოდა, რომ ისევ ის გოგო უყვარდა. ეს ვერ ამიტანია.
– არსებობენ ადამიანები, რომლებიც, წინ რომ დაუდო, კარგს ვერ დაინახავენ. ეგეთი ადამიანები ვერასდროს გაგხდიან ბედნიერს, ვერც შენ და ვერც იმ გოგოს. ალბათ, ისიც მიხვდა და ამიტომაც გაეცალა.
– ხომ შემეძლო ამისთვის ამხელა მნიშვნელობა არ მიმენიჭებინა და უბრალოდ მასთან ყოფნით დავკმაყოფილებულიყავი?!
– არა, ჩემო კარგო, არა, მას შემდეგ რაც თქვენს შორის მოხდა ორი წლის წინ. დიდი ისტორია გაქვთ, ბუნებრივია, რომ არ გინდა რაღაცების “დაკიდება”.
– თან საკუთარ თავზე ნერვები მეშლება, რომ მასზე ამდენს ვლაპარაკობ.
– პირიქით, უნდა ილაპარაკო, საერთოდაც მე არ მგონია სწორი საქციელი, რომ ასე დაშორდით, ახსნა-განმარტებების გარეშე. რას ფიქრობ?
– არ ვიცი. არ მინდა ვიფიქრო. ნახე? ჩემს ექსს თავისი ახალი შეყვარებულის ფოტო თაიმლაინზე აქვს დაყენებული. შენც ასე გინდა შენი ფოტო დაინახო?
– არა, ეგ ზედმეტია, კანის ფორები უჩანს. იმას ჩემთან ურთიერთობის აღიარება არ უნდა და ჩემს ფოტოს დადებს?
– მოდი ნუ გავლანძღავთ, მე მომწონს, კარგი ბიჭია.
– მე ვიტყოდი, რომ კარგი ბიჭის ტყავში დამალული ცუდი ბიჭია. და ჩვენ მოგვწონს ცუდი ბიჭები.
– კი, ასეა, უმართავები…