მინდა სამი ისტორია მოგიყვეთ. სამივე ისტორია დაკავებულ მამაკაცებზეა, თუმცა სხვა რამეზე მინდა გავაკეთო აქცენტი. ყველა ამ ისტორიას ორი მხარე აქვს – კარგი და ცუდი.

ლიკას ამბავი

ლიკა 23 წლის არის, გემოვნებიანი და კომუნიკაბელური გოგონაა, შესაბამისად ბევრი მეგობარიც ყავს.  მიუხედავად იმისა, რომ არც გარეგნობა და არც სხვა საჭირო ნიშანთვისებები აკლია, მისი პირადი ცხოვრება მაინც ვერა და ვერ აეწყო ისე, როგორც უნდა. რა თქმა უნდა იდეალურ ურთიერთობაში არც ის, არც მე არ ვგულისხმობთ თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცს, მაგრამ რატომღაც მისი ყველა პოტენციური პარტნიორი ხან ცოლიანი, ხანაც ჰომოსექსუალი აღმოჩნდება ხოლმე.

ისტორია:

მეგობართან დილას აიარა, სადაც სასიამოვნო გარეგნობის ბიჭი გაიცნო. თორნიკე კონტაქტში სწრაფადვე შემოვიდა და მეგობრისგან ერთად წამოვიდნენ. ტაქსით გაიყვანა ლიკა უნივერსიტეტში, ნომერი გამოართვა და იმავე დღეს ყავაზეც დაპატიჟა. თუმცა, ყავის ფონზე საუბარში შეყვარებული ახსენა, თურმე თორნიკე სერიოზულ ურთიერთობაშია ვინმე ნატასთან და მალე მასთან ერთად საცხოვრებლად გადასვლასაც გეგმავს.

ქმედება:

ლიკამ თორნიკეს ნომერი წაშალა და მას შემდეგ აღარ უნახავს.

ცუდი მხარე:

ის თავს ცუდად გრძნობს, რადგან მისით დაინტერესებული მამაკაცი ურთიერთობაშია.

კარგი მხარე:

მიუხედავად ამ ურთიერთობის უპერსპექტივობისა, ის თავს გამარჯვებულად გრძნობს, რადგან მან შეყვარებული მამაკაცის მოხიბლვაც მოახერხა.

ელენეს ამბავი

ელენე ყველაზე ლამაზია ჩემს მეგობარ გოგონებს შორის, არაერთი სერიოზული ჩხუბი მომხდარა მის თაყვანისმცემლებს შორის. ის 26 წლის არის და სილამაზესთან ერთად არც ჭკუა აკლია. აქვს საკმაოდ წარმატებული კარიერა. იცის როგორ დაისახოს მიზნები სწორად და როგორ მიაღწიოს მათ. მიუხედავად ამისა, დღემდე არ ყოლია სერიოზული პარტნიორი.

ისტორია:

ელენე ერთ ცოლიან ბიჭს მოწონდა საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე. ეს ბიჭი ცოლს დაშორდა და აქტიურად ეკონტქატებოდა ელენეს. „რატომაც არა“ პრინციპით დაახლოებით 1 თვე ელენე კარგად გაერთო მასთან. დადიოდნენ ყველგან სადაც იმ წამს უნდოდათ ყოფნა: კინო, ბარი, კლუბი და ა.შ მოკლედ ძალიან კარგად მიდიოდა ყველაფერი, სანამ ერთ დღესაც ნიკას ცოლმა შვილები დაუტოვა, თვითონ კი დასალევად წავიდა. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა იცოდა ელენემ, მაგრამ ისიც ხომ ქალია და მეორე დილის ზარის გარეშე ჩავლამ დაარწმუნა, ნიკა მარტო არ იყო. იმავე საღამოს ნიკა შეხვდა და აუხსნა, რომ ღამე ცოლთან ერთად გაატარა.

ქმედება:

ელენე ნიკას სამუდამოდ დაემშვიდობა, მეგობრული ღიმილით აუხსნა, რომ ისინი ზრდასრული ადამიანები არიან, რომ კარგი დრო გაატარა და ახლა დამშვიდობების დროა. ცოლთან და შვილებთან ცხოვრებაში წარმატებები უსურვა და დაუბრუნდა ჩვეულ ცხოვრებას.

ცუდი მხარე:

ელენე განიცდის მარტოობას, რომ ყველა ჩიტი საბოლოოდ თავის ბუდეს უბრუნდება.

კარგი მხარე:

აგრძელებს ჩვეულ ცხოვრებას, მის სასიამოვნო მოგონებებს კიდევ ერთი ემატება.

თეონას ამბავი

თეონა 28 წლის არის. მუშაობს, ყავს 5 წლის შვილი, მეუღლე ავარიაში დაეღუპა 3 წლის წინ.

მოდელის ტანი აქვს და ლამაზი თმა, მოკლედ რომ შეხედავ ნამდვილად ვერ დაიწუნებ. ჯერ ისევ გარდაცვლილი მეუღლის სახლში ცხოვრობს და ოჯახის წევრები მკაცრად უკონტროლებენ სად და როდის უნდა წავიდეს, მიუხედავად ამისა:

ისტორია:

თეონამ სამსახურში სრულიად შემთხვევით გაიცნო დათო. ის საკმაოდ მდიდარი, დახვეწილი და სიმპათიურია. ყავს ცოლი და სამი შვილი. რამდენჯერმე სასიამოვნოდ გააკვირვა თეონა, ეუბნება რომ უყვარს და დღე არ გადის უსაჩუქროდ.

ქმედება:

თეონა დღემდე აგრძელებს მასთან ურთიერთობას, მიუხედავად იმისა, რომ ცოლიანია. რადგან თავადაც არ აპირებს გათხოვებას და თავს მშვიდად გრძნობს დათოს გვერდით.

ცუდი მხარე:

თეონა თავს დამნაშავედ გრძნობს და შორდება მას, რადგან ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.

კარგი მხარე:

ცდილობს შეირგოს ის, რაც აქვს, არ განაზოგადებს ყველაფერს და აგრძელებს ჩვეულ ცხოვრებას, ხოლო რა იქნება მერე – ამას ცხოვრება უჩვენებს.

მორალი

მე თუ მკითხავ, თითქმის ყოველთვის, ჩვენ თავად ვირჩევთ საკუთარ იღბლიანობას ან უიღბლობას, ისევე როგორც ბედნიერებას თუ უბედურებას.

ძნელია ყოველთვის ტვინით მოქმედება მაშინ, როცა გული გვებრძვის. მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ საკუთარ თავს ჯეროვნად არ ვაფასებთ.

მიუხედავად ურთიერთობის თავისებურებისა და შედეგისა, ჩვენ, ქალები თავად ვირჩევთ ვიყოთ მსხვერპლი თუ თავდამსხმელი.