Home ურთიერთობები

ნოემბერში გაციებას ვერც მე გადავურჩი და ერთი კვირით საკუთარ ოთახში გამოვიკეტე. რამდენჯერმე გოგონები მეწვივნენ, დანარჩენ დროს კი კითხვასა და ვირტუალურ სივრცეში უგზო-უკვლოდ ხეტიალში ვატარებდი.

ადამიანთა იმ ტიპს მივეკუთნები, კვირაში ერთხელაც რომ არ ახსენდებათ სოციალურ ქსელებსა და ელ.ფოსტაზე მოსული შეტყობინებების შემოწმება. იმ კვირის განმავლობაში კი უეცრად რამდენიმე ვირტუალური ნაცნობი შევიძინე. მათ შორის აღმოჩნდა ბექაც.

ბექას ვირტუალურ კედელზე შემთხვევით მოვხვდი, ფოტოები დავათვალიერე, გარეგნობამ მომხიბლა და საუბარი დავიწყეთ.

რამდენიმე ღამის მანძილზე ჩვენი ცხოვრების დიდი ნაწილი მოვუყევით ერთმანეთს. პარალელურ რეჟიმში ვუყურებდით ფილმებს, ვიდუღებდით ყავას, ვკითხულობდით ანა გავალდას წიგნს „მინდა, ვიღაც მელოდეს სადღაც“.

– ეგ როგორ მოახერხეთ? – მოგვიანებით მკითხა თამომ.

– ვუთხარი, როგორც იქნა, წიგნი ამოვარჩიე-მეთქი. ჩემს დასაც უნდა ჰქონდეს ეგ წიგნიო. მოძებნა და დავიწყეთ.

რომანტიკულობით არ გამოირჩეოდა. იმ დროს, როდესაც მე გავალდას გმირს ვუთანაგრძნობდი, ის ირონიით საუბრობდა.

– ყოველ ღამით მაინც მქონდა ისეთი განცდა, თითქოს, მე, ლამაზი და სასურველი, სენ-ჟერმენ-დე-პრეს ბულვარზე მასთან შესახვედრად მივბაკუნებდი. – გამოვუტყდი ნინას.

***

გუგას ვიზა დაუმტკიცეს, თეო ჩვენს ბინაში შემოიჭრა, ჩვენი საერთო კარადიდან გადმოყარა ნივთები და დაიწყო მათი განცალკევება.

მდგომარეობა აუტანელი გახდა. მე და გუგა გაყრილი ცოლ-ქმარივით ვდაობდით ნივთებზე, უამრავი რამ გვქონდა საერთო: მაისურები, კაშნეები, ქუდები. ბოლოს ის მითმობდა, მე კი გამარჯვებული გამომეტყველებით წარმოვთქვამდი ფრაზას: „არ მინდა ერთი თვით გამოვეთხოვო საყვარელ კაშნეს“.

– ჩვენ ერთი თვით არ მივდივართ, ელენე, – ჩემს სახელს მკაფიოდ წარმოთქვამდა თეონა, – გუგა არ აპირებს უკან დაბრუნებას!

საღამოობით კი, სადღაც, ვთქვათ, ნანსიდან პარიზში მიმავალი ვირტუალური მატარებლის ვაგონში ვხვდებოდი ბექას და „ერთ ბოთლ 1986 წლის ჩამოსხმის ჟერვეი შამბერტენის „კოტ დე ნუის“ ვწრუპავდით“.

***

პარასკევ საღამოს, ანანოც მესტუმრა. თეოს, რომელიც გუგას ჩემოდანს ალაგებდა, ტუჩი აუბზუა და გვერდით ჩამომისკუპდა.

– მე ვიცნობ მაგ ბიჭს. გითხრა გვანცაზე?

– მითხრა.

– მგონია, შერიგდებიან, საყვარელო, ამიტომ, ნუ შეეჩვევი, – მაკოცა ანანომ და ჩურჩულზე გადავიდა, – ეს მართლა აპირებს წასვლას?

***

ორშაბათს თავს კარგად ვგრძნობდი და სამსახურში გავედი. დერეფანში თომას გადავეყარე, რომელმაც ვერც კი შემამჩნია. საღამოს, ბექასთან ვირტუალურ პაემანზე, აღვნიშნე, რომ გამოვჯანმრთელდი. დარწმუნებული ვიყავი, მაშინვე გამოთქვამდა სურვილს, ერთმანეთს შევხვედროდით. მსგავსი არაფერი უთქვამს და საუბარი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა.

– დღეს ბილეთები ავიღეთ, – ხუთშაბათ დილით მახარა თეომ, – 20-ში მივფრინავთ.

– ოც… ოც… ოც… დეკემბერს?

– ახალ წელსაც იქ შევხვდებით, რა მაგარია არა? – გუგა ძალიან იყო გახარებული.

ჩემოდნებს, ბილეთებს, თითქმის ცარიელ კარადებს თვალი მოვავლე და თავი ძალიან უსუსურად ვიგრძენი.

ტუალეტის მაგიდასთან ჩამოვჯექი. მჭირდებოდა სანდო ნიღაბი, რადგან ჩემი მცველი მარტო მტოვებდა. წარბების ფუნჯი მოვიმარჯვე. თვალი წიგნისკენ გამექცა. „მინდა, ვიღაც მელოდეს სადღაც“, – ყვიროდა სათაური.

პაემნები ვირტუალურ სამყაროში გრძელდებოდა.

– წინ ვერ მივდივართ, – შაბათს, ლანჩის დროს, გოგონებს შევჩივლე, – არაფერს ამბობს შეხვედრაზე.

– ეს რა ფენომენია…

მართლაც, ეს რა ფენომენია?

საზოგადოების ნაწილს ავადმყოფური მიდრეკილება გაუჩნდა, რეალურ ურთიერთობებზე გადაჭრით ამბობს უარს და მხოლოდ ვირტუალურით კმაყოფილდება. მათზე არ ვსაუბრობ. ბექა, ანანო (თურმე) და კიდევ რამდენიმე ნაცნობი, მიეკუთვნებიან წრეს, რომელმაც საკუთარ სრულფასოვან (?) ცხოვრებას ვირტუალური თოჯინა შემატა. მათ ყავთ რეალური პარტნიორები და, ამავდროულად, ვირტუალურიც.

იქნებ, რაღაცის შიში გვიბიძგებს ავაწყოთ მსგავსი ურთიერთობები?

უნივერსიტეტში რისკების დივერსიფიკაციაზე ხშირად ვსაუბრობდით. რისკები თავს იჩენენ საქმეშიც და ურთიერთობაშიც. იქნებ, რისკების გონივრული დივერსიფიკაცია ვისწავლეთ, იქნებ, დისტანციის შენარჩუნება ვირტუალურ მეწყვილესთან საჭიროა იქამდე, სანამ რეალური პარტნიორის გარეშე არ აღმოვჩნდებით?

***

ჯობდა, მეგზური რეალურ ცხოვრებაში მეპოვნა. კომუნიკაციის ვირტუალურ საშუალებებზე უარი ვთქვი.

7 კომენტარი to this post
  1. <3<3<3 ძალიან ძაალიან ძალიან კარგია ^^ ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე ყველა <3 ველოდები შემდეგებს <3<3<3.

  2. კარგია. კარგი. ისე… რატომღაც… რატომღაც კი არა, 1001 ღამის ასოციაციიდან გამომდინარე უფრო ვრცელ ნაწარმოებს მოველოდი. :)

შენ რას იტყვი?