Home თავის მოვლა

აღმოვაჩინე, რომ ორსულობა ბევრ სტერეოტიპთან და მცდარ შეხედულებასთანაა დაკავშირებული, არა მხოლოდ ჩვენში, არამედ ზოგადად, მსოფლიოშიც. ნაწილი შესაძლოა, სიმართლეც იყოს (მაგალითად, ყველა ორსულს ბოლო თვეში როკენროლის ცეკვა ნამდვილად არ შეუძლია. რა ვიცი, ალბათ), მაგრამ არსებობს სტერეოტიპები, რომლებიც ნამდვილად და 100%-ით მცდარია (თუ მოგინდება, უარი არაფერზე უნდა თქვა, მათ შორის, ღვინოზეც კი). ცოტა ხნის წინ ვწერდი რა უსიამოვნებებს შეიძლება წააწყდე, როცა ორსულად ხარ და როგორ არ გაფრთხილებენ ამის შესახებ. ახლა კი მინდა, იმ საყოველთაოდ გავრცელებულ შეხედულებებზე დავწერო, რომლებსაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე მახვევდნენ თავს და რომლებსაც სინამდვილესთან საერთო ძალიან ცოტა ჰქონდა.

მცდარი შეხედულება #1. – ახლა ორის მაგივრად უნდა ჭამო!

არა, არა და არა! ორის მაგივრად რა, შენხელა კუჭი კი არ აქვს ნაყოფს! მეორეც კიდევ, ის სიცოცხლისა და განვითარებისთვის აუცილებელ ნივთიერებებს ჭიპლარით და პლაცენტით უკვე გადამუშავებული სახით იღებს (ანუ დედის სისხლით), საკვებს საშვილოსნოში დანა-ჩანგლით მომზადებული კი არ ხვდება! (აქ ტომი-ჯერიდან ის კადრი უნდა გაგახსენდეს, ტომი რომ უცებ დააძრობს ხოლმე საიდანღაც დანა-ჩანგალს და წინსაფარს და ტუჩების ლოკვით ელოდება სასუსნავს). მე მაგალითად, გაცილებით ნაკლებ ულუფებს ვჭამდი ერთ ჭამაზე (ამის გამო ხშირ-ხშირად ვიკვებებოდი, მალე მშივდებოდა) იმიტომ, რომ სულ ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს, საკვები დიაფრაგმაზე მაწვებოდა და ვეღარ ვინელებდი (განსაკუთრებით მეორე ტრიმესტრის ბოლოდან, როცა მუცელი გამეზარდა). ძილის წინ, 3-4 საათით ადრე კი სუფრასთან აღარც ვჯდებოდი. სავსე კუჭით დაძინება წარმოუდგენელია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ორსულად ხარ.

მცდარი შეხედულება #2 – ორსულს რაც მოუნდება, ის უნდა ჭამოს!

ესეც მეორე გავრცელებული შეცდომა. ვთქვათ, ჩიზბურგერი, კოკა-კოლა, კარტოფილი ფრი, ჟელიბონი, შაურმა ან რამე სხვა მსგავსი არაჯანსაღი საკვები მოგინდა. შენი აზრით, მაინც უნდა ჭამო? წარმოიდგინე, ამ საკვებში შემავალი მავნე ნივთიერებები რა ხალისით მიქრიან შენი ჯერარდაბადებული შვილისკენ, რომლის განვითარებაზეც პასუხს მხოლოდ და მხოლოდ შენ აგებ. კაი ბატონო, თუ ასე გიყვარს, ჭამე ათასი “ჯანქ-ფუდი” სანამ მხოლოდ შენი ჯანმრთელობა გაბარია. როცა დაორსულების გადაწყვეტილებას იღებ, ისიც უნდა გაიაზრო, რომ მთელი 9 თვე სუპერ-ჯანსაღად უნდა იკვებო: მოხარშული ხორცი, მოთუშული/უმი ბოსტნეული, ხილი, რძის ნაწარმი იმდენი, რამდენსაც მოერევი, მარცვლეული კულტურა…  ჩემმა გინეკოლოგმა პურფუნთუშეული, ნამცხვრები და ტკბილეული აღრიცხვაზე დადგომისთანავე ამიკრძალა. გარდა იმისა, რომ საფუარიანი საჭმელი გასუქებს და ამ კილოგრამების დაგდება ძნელია (თუ სტრიები დაგემატა, შეუძლებელიც), არც ბავშვის ძალიან გასუქება ვარგა, მშობიარობის გართულება შეიძლება გამოიწვიოს. ამომაღებინა ასევე მარილიანი საკვები და გადამუშავებული ცხიმებიც – მარილები ორგანიზმს და ძვლებს ელასტიურობას უკარგავს, რაც მერე, მშობიარობისას დამატებით ტკივილთანაა დაკავშირებული. (ყოველ შემთხვევაში, მე ასე ამიხსნეს. მთელი გულით ვცდილობ, რაც შეიძლება უმარილო საკვები მივიღო, იმედია, შედეგს მომცემს!) მაგრამ არ გეგონოს, მთლად ასეთი ხუთოსანი ორსული ვიყო, ამ 9 თვის განმავლობაში, დაახლოებით, ერთ ლიტრამდე კოკა-კოლა დავლიე და 4-5 ცალი ჩიზბურგერი და 1კგ-მდე კარტოფილი ფრი მაინც ვჭამე.

მცდარი შეხედულება #3 – ცოტა ღვინო შეიძლება კი არა, კარგიცაა. თუ მოგინდება, ალკოჰოლი უნდა მიიღო!

აბა, დაგუგლე “ორსულობა და ალკოჰოლი” და ნახე, რას ამოგიგდებს საძიებო სისტემა. ყველა სტატიაში გვაფრთხილებენ, რომ ალკოჰოლი ნაყოფის გონებრივ შეფერხებებს იწვევს, დნმ-ში ერევა და მოკლედ, ათასი საშინელება. ჩემმა ექიმმაც სწორედ ეს მითხრა. არადა, მე კარგი ღვინოც ძალიან მიყვარს და ლუდიც. მაგრამ, ნახე: ალკოჰოლი და სპირტი პლაცენტურ ბარიერს დაუბრკოლებლად გადის და ნაყოფთან შეუფერხებლად ხვდება. აქ არაა საუბარი ერთ და ორ ჭიქაზე, პატარა და უსუსურ ნაყოფს ერთი წვეთიც კი ყოფნის. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ქალისგან გამიგია, ორსულობის დროს ღვინოსაც სვამდა და ლუდსაც და ბავშვიც ჯანმრთელი დაიბადა (და ძალიანაც კარგი!), მაგრამ ძალიან არ მიყვარს გარისკვა. ბავშვი რომ რამე გართულებით დაიბადოს, მერე ხომ მთელი ცხოვრება იმაზე უნდა ვიდარდო, რომ ეს ჩემი მოუთმენლობის და უაზრო კაპრიზის ბრალია? ღირს ამად?

მცდარი შეხედულება #4 – დაჯექი, არ იმოძრაო, დაისვენე!

ყველაზე მეტად თუ რამეზე მეშლება ნერვები, ესაა, როცა ფიზიკურ აქტიურობას მიშლიან. ცხადია, მარათონზე გასვლას არ ვაპირებ, არც ჯომოლუნგმას დაპყრობა დამიგეგმავს და მუცლის პრესებსაც არ ვამუშავებ მთელ დღეს, მაგრამ ფეხით 1-2 საათი დღის განმავლობაში სულ დავდივარ. დიდხანს ფეხზე დგომას, ან სწრაფ სიარულს და კიბეებზე არბენას (თუმცა ჩამოსვლით არ ჩამომირბენია იმიტომ, რომ დაცურების მეშინია) არ ვერიდები. არ ვერიდები ბოლო თვეში ცეკვასაც კი (რა ვქნა, აჭარულის ან როკენროლის რიტმებზე ფეხები თავისით იწყებენ ცეკვას!). რატომ არ უნდა ვიარო სწრაფად ან რატომ არ უნდა ვიცეკვო, ან რატომ არ უნდა ავირბინო კიბე, თუკი სუნთქვა ნორმალური მაქვს და თავბრუ არ მეხვევა ფეხის გადადგმისას, წესიერად ვერავინ ამიხსნა. “ორსული ხარ და არ შეიძლება, ფრთხილად უნდა იყო!” – არის ხოლმე “არგუმენტი”. როგორც წესი, ასეთ რჩევებს ისინი იძლევიან, ვინც მეუბნება, რომ ორის მაგივრად და რაც მომინდება (არაჯანსაღი საკვებიც კი), ის უნდა ვჭამო. ჩემმა ექიმმა აქაც გარკვევით მითხრა, რომ სხეული როგორც და სადამდეც გამიშვებს, ისე მოვიქცე. მეცეკვება? ვიცეკვო. შემიძლია სწრაფად სიარული და თვალებში ვარსკვლავებს არ ვხედავ და არ მიორდება? ვიარო და ვირბინო, თუკი შემიძლია. თუ დისკომფორტს განვიცდი, ცხადია, უნდა დავისვენო და ასეთ დროს, გაგიკვირდებათ და, ვისვენებ კიდეც.

მცდარი შეხედულება #5 – ორსულს არ შეუძლია მუშაობა!

ოო, ეს დამსაქმებლის ყველაზე სახიფათო და უარყოფითი თვისებაა, რის გამომუშავებასაც, არცთუ იშვიათად, ხელს თვითონ ორსული ქალები უწყობენ. ძალიან დიდი მადლობა ჩემს უფროსს, რომელიც მენდო, სამსახურში უკვე ორსული მიმიღო და მომცა შანსი, დამემტკიცებინა, რომ ორსული ქალი არათუ შრომისუნარიანია და კომპიუტერის მაგიდასთან არ სძინავს, არამედ არც ერთ გამოწვევას არ უშინდება და თუ საქმეს დასჭირდა, აქეთ-იქით სირბილიც კარგად შეუძლია, 6 საათის მერე ოფისში დარჩენა და შაბათ-კვირას მუშაობაც, თუნდაც ბოლო თვეში. მეტიც, არცთუ იშვიათად, დამატებით საქმიანობასაც კი ვითავსებ და ჰონორარის საფასურად, სტატიებსაც ვწერ. თუმცა ცხადია, იმ დატვირთვით, რითაც მე ტელევიზიებში მიმუშავია, აღარ ვმუშაობ. ამის ატანა, არათუ ორსულს, ბევრ ჩვეულებრივ კონდიციაში მყოფ ადამიანსაც კი არ შეუძლია. მაგრამ მე ვიცნობ ერთ გოგოს, რომელიც უკვე მერვე თვეში გავიდა დეკრეტულ შვებულებაში და რომელიც რეზიდენტურაში სწავლის პარალელურად რეანიმაციაში მორიგეობდა ოთხ დღეში ერთხელ 24 საათით და ღამეებსაც ათენებდა! ასე რომ, ორსულის მუშაობასთან დაკავშირებით მცდარ სტერეოტიპებს ხშირად ჩვენვე ვქმნით და მერე ნუღარ გაგვიკვირდება, თუკი დამსაქმებელი ჩვენი სამსახურში აყვანისას შეყოყმანდება.

მცდარი შეხედულება #6 – “უი, შენ რა კარგად გამოიყურები!”

არ ვიცი ასე მამშვიდებენ თუ რა ხდება, მაგრამ ბოლო თვეშიც კი სარკეში ჩახედვა მე თვითონ ისევ მსიამოვნებს. არ გავსუქებულვარ, არ დავსიებულვარ, არ შემშუპებია არაფერი, ხოდა ეს არასტანდარტული გამობერილი მუცელი ცოტა ექსტრავაგანტუ იერს მაძლევს, მაგრამ, მე მგონი, მაინც მიხდება. ყოველ შემთხვევაში, ახალი ამპლუა ძალიანაც მომწონს (ცხადია, დროებით, სულ, მთელი ცხოვრება ამხელა მუცელი, მტრისას!) და ახალ სტილსაც სიამოვნებით ვირგებ. ისე შეიცხადებენ ხოლმე ჩემს გარეგნობას, რატომღაც ყველას ჰგონია, რომ ორსული მოუვლელი, თმადაუბანელი და ჭაღარებგამოჩრილი, უმაკიაჟო და ჩაფართხუნებულტანსაცმლიანი უნდა დადიოდეს. დიახაც, თმას ვიღებავ (2-3 ლარიანი საღებავით არა, ცხადია, მაგრამ დღეს ბევრი კარგი და ხარისხიანი თმის საღებავი გამოდის, რომლის გამოყენებაც ორსულსაც შეუძლია), მაკიაჟსაც ისევ ვიკეთებ, ისე ვიკვებები და იმდენ წყალს ვიღებ, რომ არ შევშუპებულვარ და გავსუქებულვარ… ალბათ, გენეტიკის კვალიცაა. დედაჩემი არც ერთ ორსულობაზე არ გასუქებულა და, როგორც მეუბნება, არც მას და არც მის ნათესავებს ერთი გრამიც არ მოუმატია, მაგრამ ცხოვრების წესსაც რომ დიდი მნიშვნელობა აქვს, ფაქტია.

მეტი სტერეოტიპი აღარ მახსენდება. ალბათ შენც გახვევენ თავს მსგავს შეხედულებებს და გარწმუნებენ თავიანთ სიმართლეში. მე კი, უბრალოდ, მგონია, რომ თითოეულ ორსულს თავისი ორგანიზმისა ყველაზე უკეთ თვითონ ესმის. დანარჩენი – უსარგებლო შეზღუდვები და საზოგადოებაში გავრცელებული შეხედულებებია, რომლის გავლენის ქვეშაც ძალიან მარტივად შეიძლება მოექცე. ჩვენ გარშემო ხომ ამდენი “ექსპერტია”, რომელმაც ჩვენზე უკეთ იცის, რა გვჭირდება და რა გამოგვივა!

6 კომენტარი to this post
  1. ვერ დაგეთანხმები ბევრ რამეში:
    ორი ზრდასრული ადამიანის მაგივრად ნამდვილად არ ჭამ, მაგრამ საკვებზე მოთხოვნილება ნამდვილად გაზრდილია.
    არ არის აუცილებელი მხოლოდ მოხარშულ-უმი საკვები მიიღო. არ არის ასეთი განსაკუთრებული მდგომარეობა ორსულობა რომ ამდენად რადიკალური ცვლილებები შეიტანო კვებაში. კუჭი თუ გაწუხებს სხვა ამბავია, მაგრამ რას ერჩი შემწვარ საკვებს? ჩვეულებრივად ვიღებ შემწვარს ჯერ-ჯერობით და არ გადავსულვარ მოხარშულების ჭამაზე. გადავალ თუ კუჭი შემაწუხებს და არა იმიტომ რომ შემწვარის ჭამა არ შეიძლება.
    არც ის მესმის პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული რატომ აგიკრძალეს. ეს ამდენი აკრძალვა არ მომწონს ზოგადად და ცოტა არაპროფესიონალიზმი მგონია ექიმის მხრიდან. წონას ასე ძალიან თუ უფრთხილდები სხვა ამბავია, მაგრამ ორსულობაში ტკბილეულის და პურის ჭამა არ შეიძლებაო პირველად გავიგე.
    მარილი – აი ეს პირიქით, ჩემი აზრით სტერეოტიპია რომლისაც შენც გჯერა. შეგიძლია მოძებნო შესაბამის საიტებზე. ყველგან ნახავ რომ მარილი აუცილებელია ორსულისთვის. მარილის აკრძალვა არის ძალიან გავრცელებული შეცდომა ექიმების მხრიდან. (მაგალითად: https://www.aptaclub.co.uk/article/why-is-salt-important ეს უცებ რაც ვნახე, ბევრი სანდო წყარო შეგიძლია მოიძიო).
    რაც შეეხება ალკოჰოლს – მცირე რაოდენობით ალკოჰოლი ნამდვილად არ არის კატეგორიულად აკრძალული, რადგან არ არის დადასტურებული მისი მავნე მოქმედება. დიდ რაოდენობაზე ყველა თანხმდება რომ ცუდია, მაგრამ მცირე რაოდენობით ვერ გეუბნებიან. არის ჩატარებული კვლევები, მათ შორის ისეთ ბავშვებზე რომლების დედებიც მცირე რაოდენობით იღებდნენ ალკოჰოლს ორსულობის განმავლობაში, მაგრამ არ აქვთ მტკიცებულება რომ ამან რაიმე სახით მავნე გავლენა იქონია ბავშვების ჯანმრთელობაზე. ვიღაცას ეშინია და წვეთს არ იკარებს, მაგრამ ზოგი აძლევს თავს უფლებას დროგამოშვებით ერთი ჭიქა ლუდი ან ღვინო დალიოს და ეს არჩევანიც მისაღებია. მოკლედ კატეგორიულად აკრძალული არც ეს არის.
    დანარჩენზე გეთანხმები: მოძრაობაზე, მუშაობაზე, გარეგნობაზე და ა.შ. თუმცა დაღლილობა რომ ახლავს ორსულობას ესეც არაა მცდარი სტერეოტიპი (უფრო პირველ ტრიმესტრს ახასიათებს როგორც იცი).
    წინა პოსტში წერ ხელები და ფეხები საშინლად მისივდებაო, აქ წერ არაფერი შემშუპებიაო და რომელია? ეს უბრალოდ ინტერესისთვის. )
    პ.ს. 6 საათის მერე ოფისში დარჩენა და შაბათ-კვირით მუშაობა ზოგადად ყველასთვის ძალიან არასწორი რამე მგონია იშვიათ გამონაკლისებს დღეებს თუ არ ჩავთვლით.

  2. გამარჯობა, მარიამ,
    მადლობა გამოხმაურებისთვის. ნება მომეცი, გიპასუხო:
    1. რა თქმა უნდა, აუცილებელი არაფერი არაა და ყველა ორსულობა ინდივიდუალურია. ამას ვიმეორებ ყველა პოსტში. მოხარშულ-უმი საკვების მიღება კი არა, შემწვარ-მოხრაკული – ბევრი ზეთი და ცხიმი ცუდია, ზოგადად, ორგანიზმისთვის და ჯანსაღი კვებისთვის მაინცდამაინც მისაღები არაა. თორემ აკრძალული ნამდვილად არაა. უბრალოდ, არაა სასურველი, მეც ვიცავ ამ წესს. არ მინდა, ნაყოფი და ჩემი ორგანიზმი დამატებითი ზეთებით და ცხიმებით გადავტვირთო. ხშირ-ხშირად მშივდება ერთია და შენი დღიური პორციის ორჯერ გაზრდა – მეორე. მოდი, შეთანხმდეთ, რომ ერთი თეფში წვნიანის მაგივრად ორის ჭამა არაა აუცილებელი.
    2. პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული საკვები პირამიდის ბოლოშია – სულ არ აუკრძალავთ. მაგრამ არ ვარგა არც ბავშვის და არც დედის გასუქება. მშობიარობის პრობლემები ახლავს თან. თანაც, არაფერს სასარგებლოს არ გაძლევს სახამებელი და საფუარი, გარდა გასუქებისა.
    3. მარილი ელასტიურობას უკარგავს სხეულს. ეს ისედაც ძალიან ცნობილი ფაქტია. ცხადია, უმარილო დიეტა სრულ გაუტკივარებას ვერ უზრუნველყოფს. მაგრამ მშობიარობისას ელასტიურობა საჭიროა. (ზოგადადაც, ჯანმრთელი ორგანიზმისთვის, არაა ცუდი, მე თუ მკითხავ).
    4. ალკოჰოლს რაც შეეხება, წვეთიც არ შეიძლება. სპირტი გადაუმუშავებელი სახით მიდის პირდაპირ ნაყოფთან და ლიცენზია უნდა ჩამოართვა ყველა იმ ექიმს, რომელიც ცოტა რაოდენობით ალკოჰოლის მიღების ნებას დაგრთავს. და, რა თქმა უნდა, დადასტურებულია მისი მავნებლობაც. შეგვიძლია კოფეინზე ვიდაოთ, მაგრამ რაც შეეხება სპირტიან სასმელებს, არ ვიცი. ამაზე დავა ისეთივე უსარგებლო მგონია, როგორც იმაზე, სიგარეტი შეიძლება თუ არა. მოდი, ამ ეტაპზე შევთანხმდეთ, რომ ვიტამინი არაა.
    5. ხელ-ფეხის დასიებას რაც შეეხება, ის ერთ-ერთი ეტაპი იყო, როგორც – ტოქსიკოზი (მთელი 9 თვე ხომ არ მქონია, უბრალოდ, ეტაპები აღვწერე). ზაფხულში ისედაც მიდრეკილი ვარ დასიებისკენ და ორსულობამ გამიორმაგა, გეთანხმები. თუმცა გადაიარა სიცხეებმა და სითხის ცირკულაცია დამირეგულირდა ისევ.

    არ გეგონოს, ხუთოსანი ორსული ვიყო და ყველა მითითებას ასე ზედმიწევნით ვასრულებდე. მეც ვჭამე ფასტ-ფუდი, ორიოდე ყლუპი ღვინოც დავლიე (ცდუნებას ვერ გავუძელი, რა ვქნა) და შემწვარი კარტოფილი და ზეთში შემწვარი ცომეულიც გავსინჯე რამდენჯერმე, მაგრამ ეგ იმას ხომ არ ნიშნავს, რომ კარგად მოვიქეცი? ;)

  3. rasac axla ak vkitxulob ubralod megimeba:) datkbit orsulobit, chamet is rac gindat, orsulobashi dieta gamoricxulia. tu simsuknisken ara gakvt midrekileba gasukebis aranairi shansi ara, tumca imasac gaachnia ras miirtmevt. ecadet cximiani sakvebi ar miigot, tavi aaridet energiul sasmelebs da um xorcs,(sushs). tu charbma wonam shegawuxat irbinet da chaeweret mshobiarobis shemdeg fitnes studioebshi. rac sheexeba orsulobis striebs shegidzliat specialuri orsulebis zetebi daamzadebinot aftiakshi ra tkma unda swraf mokmedi ,rom iyos da misi moxmareba daiwyot orsulobis me 12 kviridan mshobiarobamde. gamoricxet egzotikuri sunelebi,radgana aman sheidzleba alergia gamoiwvios, romelic agibechdeba kanze gamonayris da kavilis saxit, tu dzalian shegawuxebt ukve unda mimartot dermatologs. daliet magnesiumit mdidari mineraluri wylebi, ecadet shearchiot bambis tansacmeli da ara plasmasis materiis, radgan orsulebshi dabalia imuniteti da sheidzleba raime materiit gamoiwvios alergia. rac sheexeba koka-kolas ,nu vardebit panikashi, sul igi ar mogindebat, 3 tveshi ertxel tu 1 chikas dalevt eg araferia. bevr orsulebs akvt dzmriani salatebis chamis survili da chamet ra problemaa, dzmarshi alkoholis agaraferia darchenili. cxare sachmelebs moeshvit. umadoba tu shegawuxebt nu miigebt vitaminebs, araa isini sachiro, tkveni bavshvi tviton igebs tkveni sxeulidan sachiro vitaminebs,umadoba xdeba me 10 kviridan da sheidzleba gagrdzeldes me 14 kviramde, amis nu shegeshindebat ,is chamet rac gindat. gansakutrebit ikvebet sworad. sadilis shemdeg xili chamet. vashli da yurdzeni fantastiuria, xorci da tevzi gansakutrebit ecadet zgvis laxi radgan masshi meti iodia da omega 3 es aucileblad unda miigot kvirashi 2 jer. tkbili wylis tevzebi rogoricaa kalmaxi kargia ra tkma unda magram zgvis tevzebic aucilebelia.
    tkveni bavshvi nayopis wyals svams imis mixedvit tu ras dalevt an shechamt. tu tkven yurdznis wvens an rame motkbos gebulobt mit umetes. mokled orsuloba avadmyopoba araa da nu iknebit imis fikrshi ra vchamo da ra ara, gaataret es 9 tve bednierad.

    Dr.Violetta Mare

  4. ვიოლეტა, შეწმვარ საკვებში სასარგებლო ნივთიერებების რაოდენობა ბევად მცირეა, ვიდრე მოხარშულში. შემწვარში ბევრია კანცეროგენი და სხვა მავნე ნივთიერება. ჩემი კვების რაციონი ორსულობამდეც ზუსტად ისეთი იყო, როგორც ზევითაა აღწერილი – თითქმის გამორიცხული მქონდა მარილი. არ ვჭამდი ტკბილეულს, ცომეულს და შემწვრებს. ვიღებდი სითხეს წყლის სახით. შემდეგ სამი ორსულობა გავიარე კვების ამგვარი რეჟიმით. სამივეჯერ ჯანმრთელი ბავშვი მოვავლინე ქვეყანას, ისე რომ 3კგ.-ზე მეტი არ მომიმატია ჩემი წონა! ორსულობით დატკბობაზე კი გამეღიმა – მოდი ახლა ვჭამ და მერე დავიკლებ, აბსურდია. ჯობია თავიდანვე გააკონტროლო თავი, ვიდრე გადმოკიდებული ცხიმები ათვალიერო მერე სარეკში და საკუთარ ჩვილ ბავშვზე ხმამაღლა იტირო!
    პ.ს. ახლა ავუქნიე ცოტა ხელი ჯანსაღ კვებას და ეგრევე დამეტყო. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ორსულად არ ვარ. დღეიდან ვცვლი სტრატეგიას, ისევ და სიევ მხოლოდ ჯანსაღი საკვები!!!

  5. ისიც რომ დაგეწერათ ორსულობის დროს ზაგრის მიღება არ შეიძლება ეს მცდარი შეხედულებაა მზის სხივები გარკვეული რაოდენობით აუცილებელია ბავშვისთვის ამიტომ იბადებიან რახიტიანი ბავშვები

  6. ყველაფერი რაც სტატიაში წერია 100% სიმართლეა, ოღონდ რათქმაუნდა ეს ეხებათ მხოლოდ იმ ქალებს , რომლებიც მაქსიმალურად ზრუნავენ თავიანთი ბავშვის ჯანმრთელობაზე და საკუთარ თავზე.
    ტკბილი და შემწვარი ჭამდეთ რამდენიც გინდათ თუ არ შეგაწუხებთ 9თვის შემდეგ თქვენი ზედმეტი 20 კილო ან მეტიც. ორსულობა არ ამართლებს ზედმეტ კილოგრამებს, რომლის დაკლებაც მერე ძალიან გაგიჭირდებათ, რომ აღარაფერი ვთქვათ დედა-შვილის ჯანმრთელობაზე.

შენ რას იტყვი?