უნდა ვაღიარო, ხანდახან გოგოები ძალიან ზარმაცები ვართ და ცხოვრების გამარტივება გვიყვარს. ასე მაგალითად, წინასწარ მაქვს შედგენილი სია წინა ზაფხულიდან, თუ რა უნდა წავიღო ზღვაზე, ცალკე სია – რა უნდა წავიღო მთაში და ა.შ.

ერთ კვირაში სამოგზაუროდ წასვლას ვაპირებ და ჩემს სიას კიდევ ერთი დაემატა, რომელიც შეგიძლია ქვემოთ იხილო.

რა სჯობს თავისუფლებას და ზაფხულს?! როცა მეგობრებთან ერთად მტვრიანი მანქანით გზას გაუდგები… თუმცა, არ დაგავიწყდეს, რომ ამ დროს ჯანმრთელობასა და სილამაზესაც უნდა გაუფრთხილდე.

“გზად” – მოქმედების გეგმა

1. წაიღე სასუსნავები:

აავსე საგზალი. მოათავსე შიგ მარტივად მირთმევადი საკვები, როგორიცაა იოგურტები, ყველის ჩხირები, ახალი ხილი, უმარილო თხილი, და ა.შ.

ბალი

2. არჩიე წყალი:

თავი აარიდე ყავას, გაზიან, შაქრისა და ცხიმის შემცველ სასმელებს. მიეძალე წყალს. წაიღე მრავალჯერადი გამოყენების წყლის ბოთლები და აავსე გაჩერებებზე. საბედნიეროდ, საქართველო ისეთი ქვეყანაა, რომლის წყაროს წლებიც ჩვენს ჯანმრთელობას არა მხოლოდ საფრთხეს არ უქმნის, არამედ, პირიქით, სასარგებლოცაა. რაც მთავარია, ორგანიზმი დაიცავი დეჰიდრატაციისგან.

კომპოტი
კომპოტიც შესანიშნავი გამოსავალია…

3. გაავარჯიშე ფეხები, გაშალე მხრები და მოიღერე კისერი:

ხშირად შეჩერდი, გადმოდი მანქანიდან, გაიარ-გამოიარე და მიეცი ორგანიზმს აზრზე მოსვლის საშუალება. თუ გზად რომელიმე პარკს ან ნაკრძალს გადააწყდები, არ დაგეზაროს გასეირნება. მატარებელში?! შეგიძლია ვაგონიდან ვაგონში იმოგზაურო დროგამოშვებით.

ჩურჩხელა
ჩურჩხელა ჩვენს წინაპრებს ომში მიჰქონდათ ხოლმე. ძალზედ კალორიული სასუსნავი, რომელიც პატარა ადგილს იკავებს. თუ ეს პრობლემა გაქვს და გსურს მსუბუქად იმგზავრო, გაიყოლე ჩურჩხელა…

4. არ დაგავიწყდეს მზისგან დამცავი საშუალებები:

არაფერი ისე არ ჩაგიმწარებს მოგზაურობას, როგორც მზის სხივების გადამეტებული ზემოქმედება. წაიღე შესაბამისი კრემები და საცხები (არანაკლებ SPF 30-ისა), არც ჩალის ქუდი დაგრჩეს, თავს გადახურებისგან კოსმეტიკური საშუალებები ვერ დაიცავს. ფრიად მნიშვნელოვანი დამცავი საშუალებაა სათვალე – თვალის კლინიკაში მუშაობამ დამარწმუნა, რომ მხედველობა ერთ-ერთი ყველაზე სათუთი და მოსაფრთხილებელი რამაა. სათვალე აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს და მზის სხივებისგან გიცავდეს. სათვალე, რომელიც ულტრაისფერ სხივებს ატარებს, უფრო საშიშია, ვიდრე საერთოდ მის გარეშე მზეზე სიარული; რამდენადაც, დაბურულ მინებზე, რომლებიც არ არის ხარისხიანი, თვალი ტყუვდება და გუგა ფართოვდება, რის შედეგადაც, მავნე სხივები უკეთ აღწევენ შიგნით. ეკონომია ამ საკითხში არ გამოგადგება – შეარჩიე პოლარიზებული წყვილი.

გზა

5. მოიწყვე კომფორტი და დაისვენე:

ხშირად, საკუთარი პატარა ბალიში დამაქვს, მინი თხელი პლედითა და ჩუსტებით. როდესაც გარეთ პაპანაქებაა, მანქანაში/მატარებელში კონდინციონერია ჩართული, ფანჯარას ვერ გააღებ, შესაბამისად, რომ არ შეგცივდეს, მოიხურავ გადასაფარებელს, თავს ბალიშზე დადებ, ფეხებს ჩუსტებიდან ამოაძვრენ და ისე მოთავსდები, როგორც გესიამოვნება. რაც მთავარია, არასდროს დაჯდე საჭესთან, როცა გეძინება. თუ შორს მიდიხარ და მეწყვილე გყავს, ერთმანეთი ჩაანაცვლეთ და მიეცით სხეულს დასვენების საშუალება.

მაკარონი

6. დააკავე გონება:

რა სჯობს საყვარელი სიმღერებისგან შემდგარი პლეილისტის მოსმენას და ბოლო ხმაზე ყროყინს :), მაგრამ დგება მომენტი, როცა მუსიკის მოსმენა და სიმღერა გღლის. ასეთ დროს აუდიოწიგნი ჩართე – გონებას გაივარჯიშებ და ახალ ცოდნასაც შეიძენ.